მატიას ჰუტერი:”რთულია, საქართველოს შესახებ სტატიები კარგად გაყიდო”

მატიას ჰუტერი:”რთულია, საქართველოს შესახებ სტატიები კარგად გაყიდო”

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლება და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა - ამ საქმიანობით არის დაკავებული ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი. პრესა.გეს რუბრიკის – “უცხოელები საქართველოში” მორიგი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია -“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მატიას ჰუტერი, რომელმაც გასულ კვირას, “კორუფციის აღქმის ინდექსის” მიხედვით ჩატარებულ რეიტინგში საქართველოს 68 – ე ადგილი მიუჩინა.

 

რუბრიკის სხვა რესპოდენტებისგან იმით განსხვავდება, რომ ელჩი არ არის, საქართველოში სულ სხვა - ჟურნალისტის მისიით ჩამოვიდა და აღმასრულებელი დირექტორის სავარძელში აღმოჩნდა, ყველაზე ახალგაზრდაა, პროფესიით ჟურნალისტს საქართველოზე სტატიების წერა სურდა, მაგრამ საქართველოში ჟურნალისტების ყოფით მაინცდამაინც ვერ მოიხიბლა.

 

“ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დავიბადე, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში  ვცხოვრობდი - იტალიაში, ბელგიასა და ამერიკაში, სხვადასხვა გაზეთებისთვის კონტრაქტის გარეშე სტატიებს ვწერდი. ავსტრიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ – მთის კულტურა, შესაბამისად მენტალიტეტიც გავს ერთმანეთისას.

 

საქართველოში 2009 წლის ივლისში ჩამოვედი. ჩემი მიზანი იყო, რომ გერმანული და ავსტრიული გაზეთებისთვის ჟურნალისტად მემუშავა. ვწერდი “the Sunday Telegraph”-ისთვის (London), Jüdische Allgemeine zeitung (Berlin), SVZ (Salzburg, daily) Liberali (თბილისი), და სხვა. ჩამოსვლამდე, საქართველოს ისტორიას და შიდა პოლიტიკურ ვითარებას გავეცანი. უნივერსიტეტში გავიარე კურსი კავკასიის შესახებ. ზოგადი წარმოდგენა მქონდა ქვეყნის შესახებ, მაგრამ ჩემი მოლოდნი არ გამართლდა”.

 

რას ელოდით და რა დაგხვდათ, გეგმები რატომ შეიცვალეთ?

-პრობლემა ის არის, რომ დასავლურ პრესაში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არ იყო და ასევე ჟურნალისტების ანაზღაურებაც ნაკლებია, რთულია, საქართველოს შესახებ სტატიები კარგად გაყიდო. ასევე გამოვყოფ კიდევ ერთ პრობლემას - ევროპაში ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოს შესახებ არაფერი იცის, რუკაზეც კი არ შეუძლიათ, მიგითითონ, სად არის საქართველო.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად აკეთებენ განცხადებებს, რომ საქართველოს რეკლამირებისთვის ბევრი კეთდება, აღსანიშნავია, რომ ამერიკის წამყვან არხებზეც გამოჩნდა სარეკლამო რგოლები საქართველოს შესახებ. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისი არ არის?

-საერთოდ, თვითრეკლამა ძალიან რთულია, რადგან ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი ქვეყნის რეკლამირებას, განსაკუთრებული მახასიათებელი წარმოადგინოს, რაც სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს. ვფიქრობ, საქართველოს არ შეუძლია მიიღოს ტურისტების უზარმაზარი რაოდენობა, მაგრამ შეუძლია მიიღოს ტურისტების კონკრეტული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული თემით იქნება დაინტერესებული.

 

განსაკუთრებით, ალპინისტობით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მაგრამ ასეთი ადამიანების მოზიდვა რთულია, არიან ისეთები, რომლებთაც მხოლოდ ორი კვირის გატარება სურთ ზღვის სანაპიროზე. როცა ჩამოვედი, იმდენად უცხო არ იყო ჩემთვის საქართველო, არც ისეთი განსხვავებული ევროპული კულტურისგან, როგორც მეგონა.

 

და როცა ჩამოხვედით, ქართული ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?

-ბუნება და ისტორიული ძეგლები. ვცდილობ, შაბათ-კვირას თბილისიდან გავიდე და ისტორიული ძეგლები მოვინახულო, ბუნებაში გავისეირნო, ხედებით დავტკბე.

 

შემოსვლისას, ქართულად მომესალმეთ, ენა იცით?

-(იცინის) ჯერ დამწყები ვარ, მაგრამ კარგად ვსწავლობ.

 

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

-მიყვარს ფეხბურთის და “ფრისბის” თამაში, საყვარელ გუნდი არ გაგიკვირდებათ, რომ ზალცბურგია. ლაშქრობებზე სიარული და სნოუბორდი მიზიდავს. როცა მცალია, დავდივარ ფოლკლორულ საღამოებზე, სამწუხაროდ, ახალგაზრდები ნაკლებად მისდევენ ფოლკლორს, მე რაც შემეხება, ვმღერი, ოღონდ, შხაპის ქვეშ. (იცინის)

 

ჩემპიონთა ლიგაზე ვის გულშემატკივრობთ, ზალცბურგი რომ არ თამაშობს...

-სამაგიეროდ, ევროპის  ლიგაზე გამოვდივართ და მომავალ კვირას იუვენტუსს ვეთამაშებით.(იცინის)  

 

წარმატებებს გისურვებთ, მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსს ვგულშემატკივრობ. ფეხბურთის გარდა, რით ერთობით, სამსახურში და სამსახურს გარეთ როგორია თქვენი გრაფიკი?

-ძალიან ჩვეულებრივი. სამსახურს გარეთ დიდად არ ვერთობი, ძალიან მაინტერესებს პოლიტიკა და მედია და ამ სფეროში მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. 

 

უცხო ქვეყანაში დისკომფორტმა არაფერი შეგიქმნათ? მაგალითად: ქართული სუფრის ტრადიციებმა?

-ყველაზე დიდი პრობლემა, რომლის წინაშე აღმოვჩნდი, ის არის, თუ როგორ მართავენ ავტომობილებს საქართველოში. რაც შეეხება ქართულ ტრადიციებს, აქ არანაირი გართულება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ქართული სუფრა ქართული ტრადიციის ნაწილი და ძალიან კარგი გამოხატულებაა, ასევე ეკლესია, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ქართველების ცხოვრებაში, რაც ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს.

 

რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?

-ქართული ღვინო განსაკუთრებულია, გამორჩეული გემო აქვს. საფერავი, მშრალი წითელი ღვინო ძალიან მიყვარს. ძალიან ძვირია ერთი ბოთლი. რაც ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ საქართველოს არ შეუძლია საზღვარგარეთ ღვინის გაყიდვა.

 

საყვარელი კერძი?

-ძალიან მიყვარს ქართული პური, სალათები, რადგან ბოსტნეულს აქ განსაკუთრებული, ბუნებრივი გემო აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე, სადაც სათბურებით ამზადებენ... ყველანაირი ბოსტნეული მომწონს. ასევე ხინკალი, სოკო. სამწუხაროდ, ხაჭაპურის ფანი არ ვარ, რადგან რძის პროდუქტები არ მიყვარს.

 

საყვარელი ადგილიც გექნებათ, სადაც კერძებს აგემოვნებთ.

-პატარა არტ-გალერეა პეროვსკაიაზე, სადაც ხელოვნების წარმომადგენლები იკრიბებიან. ძალიან კარგი გარემოა.

 

ღვინის ფასზე საუბრობდით, საერთოდ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად ძვირია აქ ცხოვრება?

-თუ დავაკვირდებით საშუალო ხელფასებს, თბილისში ძალიან ძვირია ცხოვრება. იმდენად, რამდენადაც ევროპის დიდ ქალაქებში. განსაკუთრებით, საკვებია ძვირი.

 

თქვნი ორგანიზაციის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნდა რეიტინგები, “კორუფციის აღქმის ინდექსისმიხედვით საქართველო 68 – ადგილზეა. რას ნიშნავს ასეთი მაჩვენებელი ქვეყნისთვის?

-მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ კორუფცია საქართველოში კვლავ დიდ პრობლემად რჩება. საჭიროა, ხელისუფლებამ ეს პრობლემა მოაგვაროს.

 

რეკომენდაციები მთავრობის მიმართ როგორია?

-საქართველოს ძალიან სჭირდება სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც დამოუკიდებელი არ არის. ასევე, ბიუჯეტის ხარჯები უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რაზე იხარჯება მათი ფული. ასევე დიდი პრობლემაა ელიტური კორუფცია. აქვე მსურს მივესალმო პარლამენტის თავმჯდომარის ახალ ინიციატივას მედიამფლობელების გარკვევასთან დაკავშირებით, რაც მედიის მუშაობას უფრო გამჭვირვალეს გახდის.

 

“რუსთავი 2” და “იმედი” ოფშორულ ზონებში არიან დარეგისტრირებული, სადაც კონკრეტული მფლობელი მითითებული არ არის. არ მგონია, მთავრობამ იცოდეს, ვინ არის მათი ოფიციალური მფლობელი. ხალხი ვინც უყურებს ტელევიზორს, თავად შეაფასებს და მიხვდება ვისკენ იხრება და რამდენად ტენდენციურია, ამა თუ იმ არხის საინფორმაციო პოლიტიკა.

 

თქვენ, როგორც მაყურებელი და ჟურნალისტი როგორ შეაფასებთ

-საქართველოში უსაფრთხოა ჟურნალისტების მუშაობა, განხვავებით მისი მეზობლებისგან, სადაც ჟურნალისტების სიცოცხლესაც კი ემუქრება საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ძირითადად რეგიონებში ხდება და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი ძალიან ცუდია. ბევრი დამოუკიდბელი გაზეთისთვის რეკლამის მიზიდვა ძალიან რთულია, შესაბამისად, ფინანსურად უჭირთ მათ. ბევრი რედაქტორი ჟურნალისტებს მკაცრ ნორმებს უწესებს და აქედან გამომდინარე, თვითცენზურაც არსებობს რედქტორების მხრიდან.

 

ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას გამორიცხავთ?

-ამ მხრივ რეგიონებში უფრო დიდი პრობლემაა, გუბერნატორები უფრო ახდენენ ზეწოლას ჟურნალისტებზე, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ჟურნალისტებს უჭირთ ამის თქმა.