სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) უფროსის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათი უწყება, შესაძლოა, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ტენდერითაც დაინტერესდეს. მართალია, დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიცია დიდი ხანია პირდაპირ პროკურატურის საქმეში ჩართვას ითხოვს, მაგრამ „თბილისის მიკროავტობუსში“ აქამდე არც პროკურორი გამოჩენილა და არც სახელმწიფო აუდიტორი.
თბილისის სატრანსპორტო სფეროს მიმართ საზოგადოებრივი ინტერსი ყოველთვის დიდი იყო. ამიტომ საზოგადოებას აინტერესებდა რომელიმე სახელმწიფო უწყება და მათ შორის კონტროლის პალატა აქამდე რატომ არ ინტერესდებოდა ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებული კომპანიების საქმით, რომლებიც საჯარო რეესტრში ერთ დღეს ხუთწუთიანი ინტერვალის დაშორებით დარეგისტრირდნენ, ახლა კი ერთ კომპანიად არიან გაერთიანებულნი. ამის შესახებ ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2010 წლამდე თვითმართველ ორგანოებს არ ამოწმებდა, ტენდერი კი 2010 წელს ჩატარდა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამ საქმით მომავალში დაინტერესდნენ.
სააგენტო „მედიანიუსის“ კითხვაზე - როდესაც კომპანიების ხელოვნურად შექმნის ფაქტი დასტურდება, მაშინ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რა რეაგირებას ახდენს? - ქვეყნის მთავარმა აუდიტორმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მათი უწყების მიერ მოძიებული მასალები პროკურატურას ეგზავნება.
სამარშრუტო ტაქსების ტენდერი 2010 წლის ბოლოს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულად მერიამ ოთხი კომპანია შპს „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“ და შპს „ფაბლიქ ქარი“ დაასახელა. კერძოდ, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის ლოტში შპს „თბილ ლაინმა“ გაიმარჯვა, ძველი თბილისი-დიდგორის რაიონში - შპს „კაპიტალ გრუპმა“, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში - შპს „თბილ ქარმა“, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში - შპს „ფაბლიქ ქარმა“.
ტენდერის დასრულებისთანავე ოპოზიციის და არასამთვარობო სექტორის წარმოამდგენლებმა წარადგინეს დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, აღნიშნული კომპანიები ტენდერამდე ცოტა ხნით ადრე ერთ ნოტარიუსთან, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე მისამართზე 5-წუთიანი ინტერვალის დაშორებით, დარეგისტრირდნენ. ამასთან, ოთხივეს წესდება ინდეტური იყო. მათი საწყის კაპიტალი კი 100 ლარს არ აღემატებოდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიებს 2011 წლის 15 იანვრამდე თბილისის მასშტაბით 2600 სამაშრუტო ტაქსი (პლუს 400 სარეზერვო მანქანა) უნდა შემოეყვანა. ტენდერში გამარჯვების შემდეგ ოთხი კერძო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდა. მოგვიანებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ერთ კომპანიად გაერთიანდნენ.
აღნიშნული მასალების საფუძველზე, ოპოზიციამ თბილისის მერიის მაღალჩინოსნები, მათთან დაახლოებული პირების მიერ კომპანიების ხელოვნურად შექმნასა და ტენდერის გაყალბებაში დაადანაშაულეს.
„ყველა გამარჯვებული კომპანია რეგისტრირებულია ერთსა და იმავე მისამართზე, ყველა რეგისტრირებულია ერთსა და იმავე ნოტარიუსთან, ერთსა და იმავე დროს, მოსაკრებელი ბანკში გადახდილი აქვთ ერთდროულად და ერთი და იგივე იურისტი ემსახურებოდათ“, - აცხადებდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ხიდაშელი, რაზეც ერთ-ერთ გამარჯვებული ფირმის - „თბილ ლაინის“ წარმომადგენელი, დავით ასანიძე ასე პასუხობდა:
„როდესაც ეს გადავწყვიტეთ, ჩვენ ახალი ფირმები დავაფუძნეთ, იმიტომ რომ ახალ საქმეს როცა იწყებ, ძველი ფირმით არავინ იწყებს. მერე ძველი შეცდომა წინ რომ დაგხვდეს? ამიტომ გადავწყვიტყეთ, რომ დავაფუძნოთ ახალი ფირმები და გავაკეთოთ ერთიანი წინადადება ფორდისთვის და მივიღებთ კარგ ფასს“.
ტენდერის პირობების თანხმად მათ კეთილმოწყობილი ყვითელი მიკროავტუბუსების დედაქალაქის მასშტაბით ყველა ხაზზე 2011 წლის ბოლომდე უნდა შემოიყვანათ, ერთ კომპანიად გაერთიანებულმა „ოთხეულმა“ კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები დაარღვია, რადგან მიკროავტობუსების შემოსაყვანად შესაბამის კაპიტალი არ გააჩნდათ. ამ თანხის მოსახლეობის ჯიბიდან ამოსაღების მიზნით, რომ „თბილისის მიკროავტობუსმა“ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასმა 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაზარდა.