"ეს პროვოკაცია ნოდარ ჯავახიშვილის დაჭერის მიზნით მოაწყვეს"

2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს "ქართუ ჯგუფი''ს" აქციათა 100%-ისა და სს "პროგრეს ბანკი''ს" აქციათა 21, 71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე. აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა დაინიშნა. საზოგადოების ნაწილის აზრით, დიდი წინასწარმეტყველური ნიჭი არ სჭირდებოდა იმას, რომ "ქართუ ჯგუფისა" და "ქართუ ბანკის"'' აუქციონზე გატანილ აქციებს მყიდველი არ გამოუჩნდებოდა.

"სტანდარტ ბანკის" შემდეგ "ქართუ" მეორე ბანკია, რომელიც პოლიტიკურ შეხედულებებს შეეწირა. "ქართუს" მმართველთა შორის ახლა ის პირებიც არიან, რომლებიც თავის დროზე პატარკაციშვილის "სტანდარტ ბანკის" გაკოტრებაში მონაწილეობდნენ.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, "ქართუსთან" დაკავშირებული პრობლემების გამო შეიძლება დიდი საფრთხე შეექმნას საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებას. როგორც წესი, საბანკო სისტემის წარმატებას მოსახლეობის განწყობა და ნდობის ფაქტორი დიდწილად განაპირობებს.

'ნოდარ ჯავახიშვილი, "ქართუ ჯგუფის" ყოფილი პრეზიდენტი: - აუქციონი, რომელიც "ქართუ ბანკისა" და "პროგრესბანკის" წილების გასაყიდად დაინიშნა, სინამდვილეში ფიქცია იყო. მთავრობას მათი" გაყიდვა არც უფიქრია. 

- აუქციონი ხომ ელექტრონული იყო და მონაწილეობის უფლება ყველას ჰქონდა?
- ელექტრონულ აუქციონზე მონაწილეობას ვერ მიიღებს ის, ვინც არასასურველია ხელისუფლებისათვის. გარწმუნებთ, ამის მექანიზმი აქვთ, - ათას მიზეზს მოგიდებენ, რომ პროცედურები დაარღვიე და მოგხსნიან აუქციონიდან...

მას შემდეგ, რაც უცხოელმა ინვესტორებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი ქონების გაყიდვა ბიძინა ივანიშვილის ვალდებულებების დასაფარავად შეფასდებოდა უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაციად, თავისი ჭკუით, საერთაშორისო სკანდალი აიცილეს თავიდან და განაცხადეს, საკუთრება თქვენია, არ გართმევთ, ბატონო, უბრალოდ ახლა ჩვენ ვართ მისი მმართველებიო. რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იქნება ქონების მფლობელისათვის, მით უმეტეს, ბანკის დამფუძნებლებისათვის. რომელ სულელს მოატყუებენ იმით, ახლა მე ვმართავ ბანკს, შემოსავალს მე წავიღებ, შენი კი სახელად იყოს, ვინ გართმევსო. ეს არის არგუმენტი? პირდაპირ გეუბნებიან, რასაც იშოვი, იმას წაგგლეჯო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს, აქ რას იშოვიან?

- რატომ, ბანკში ფული აღარ არის?
- "ქართუ ჯგუფიც" და "ქართუ ბანკიც" არ იყო ჩვეულებრივი ბიზნესსტრუქტურები. ისინი დამოკიდებული იყვნენ დამფუძნებლების ინვესტიციებზე, მათ შემოტანილ ფულზე. როგორც კი ეს წყარო გადაიკეტება და უკვე გადაკეტილია, ბანკი უკან წავა. პრაქტიკულად, ბანკში ფული არა გვაქვს. არც ერთ დამფუძნებელს დიდი ხანია ფინანსური დახმარება არც ბანკისთვის და არც ჯგუფისთვის არ გაუწევია. იმ ვალდებულებებმა კი, რაც ბანკს გააჩნდა, შეჭამა მთელი ის ლიკვიდობა, რაც გვქონდა. ხვალ-ზეგ შეუძლებელი იქნება ამ ბანკში რესურსების მოზიდვა. იმ ბანკში, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია მართავს და მისი მიზანია მოგება კანონიერი თუ უკანონო ვალდებულებების დასაფარავად გამოიყენოს, ფულს არავინ შეიტანს. ამიტომაც ბანკის განვითარებაზე ზედმეტია ლაპარაკი. მალე მიმდინარე ოპერაციების ჩატარების საფუძველიც არ იქნება ამ ბანკში.

- ბანკს ხომ აქვს სარეზერვო ფონდი?
- ეროვნული ბანკის ანგარიშზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არის ფული. რასაკვირველია, ეროვნულ ბანკს შეუძლია "ქართუს" ეს რეზერვი დროებით დაუბრუნოს უკან, მაგრამ განა მკვდარი გაცოცხლდება თბილ წყალში ფეხების ჩაყოფით? შეუძლიათ რეზერვიდან ფულის აღება, მაგრამ ის ვერ წავა იქ, სადაც ამათ უნდათ. ეს ფული ჯერ ბანკში უნდა დააბანდონ, ამით მოგება ნახონ და მერე გადარიცხონ მოგების სახით. პირდაპირ გეტყვით, - ნოდარ ჯავახიშვილს კიდევ 10 კორიფე ბანკირი რომ დაამატონ, ბანკის სტრუქტურა და მისი მუშაობის ტრადიციული სტილი ისეთია, დამფუძნებლების აქტიურობის გარეშე ვერ განვითარდება. მეც რომ დამტოვონ თანამდებობაზე და ხელი არაფერში შემიშალონ, მაინც გაკოტრდება, რადგან ბანკის ინვესტირების მოტივაცია არა აქვთ დამფუძნებლებს. ხელისუფლებამ დიდი დარტყმა მიაყენა არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქართულ საბანკო სექტორს! "ქართუს" გაკოტრება ამ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნების გაცხადების დღიდან დაიწყო, - შეცვალეს კანონი და ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული იმ მსესხებლების ქონება, ვისაც ბიუჯეტთან დავალიანება ჰქონდათ, აუქციონზე გაყიდეს. ესეც ფიქცია იყო. ასე "გაუყიდეს" ბანკში სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება ლაურა ღაჭავასა და სხვებს. სიმართლე კი ის არის, რომ ამ ხალხმა შემოვლითი გზით დაიბრუნა ქონება ე.წ. "პადსტავნოი" პირების მეშვეობით.

სახელმწიფომ ეს ქონება იმ საფუძვლით წაგვართვა, რომ ჩვენს მსესხებლებს თუUრმე სახელმწიფოსი ბევრი მართებდათ. ჩვენი ინფორმაციით, არც ერთი კაპიკი არ არის გადახდილი ბიუჯეტში. ეს იყო დანაშაულებრივი ფარსი და სხვა არაფერი. მათ კი, რომელთაც სესხები ჰქონდათ "ქართუში", კარგად იხეირეს. 125 მილიონი ჩვენ ჯერ კიდევ 9 თვის წინ ჩამოვწერეთ. მისი ამოღების იმედი დავკარგეთ, ამიტომ მათ ეს ვალდებულება მოეხსნათ და სახელმწიფო ბიუჯეტშიც არაფერი შეუტანიათ. ვინ როგორ გაიყო ეს წილები, სხვა საკითხია და ამას სამართლიანი სასამართლო ოდესმე განიხილავს. ოფიციალურად რომ გეკითხათ, ლაურა ღაჭავას 107 მილიონი დაუმალავს თურმე სახელმწიფოსთვის. როგორ მოხდა, რომ ქვეყანაში, სადაც 107 ლარის დამალვისათვის ახეხვინებენ ციხეს, ლაურა ღაჭავას დამალული მილიონები ვერ შეამჩნიეს?

"ქართუ" ბანკში ორი თვის წინ მოლარემ იქურდა, 18 ათასი დოლარი მოიპარა. ჩვენ დავაფიქსირეთ ეს და გადავეცით სამართალდამცველებს. დადასტურებულია ყველაფერი, მაგრამ გგონიათ, ვინმე დასაჯეს? სინამდვილეში ეს პროვოკაცია ნოდარ ჯავახიშვილის დასაჭერად მოაწყვეს. ეგონათ, ამ ფაქტს არ გავახმაურებდი, ბებიის ციხეში გაშვების უფლებას სინდისი არ მომცემდა.

როგორ გგონიათ, ნოდარ ჯავახიშვილს 180 დოლარი რომ მოეპარა, იმ წუთში არ ჩამსვამდნენ ციხეში? როგორც კი ეს განვაცხადე, ორი კვირა ატარეს ჩვენი თანამშრომლები დაკითხვებზე და მერე გაჩუმდნენ. რატომ?!
რამდენიმე თვის წინ შემოწმების მოტივით ეროვნული ბანკი "ქართუ ბანკში" შევიდა და ექსპერტებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ ხელისუფლება თითქმის იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითაც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის "სტანდარტ ბანკი" გაკოტრდა. პატარკაციშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ "სტანდარტ ბანკის" გაკოტრებაში ეროვნული ბანკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონაწილეობდა. კერძოდ, "სტანდარტ ბანკის" დროებით ადმინისტრატორთა სამკაციან ჯგუფში შედიოდნენ ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე, წევრები: ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანალიტიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი კუხიანიძე და ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის ბანკების ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ირაკლი ზარქუა (ირაკლი ზარქუა, ამ ხნის განმავლობაში ეროვნული ბანკის მივლინებული წარმომადგენელი, ახლა უგულავას მოადგილედ დაინიშნა).

P.S. 16 ივლისს "ქართუ ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავათა განხილვების ცენტრის წარმომადგენლები ჩამოდიან. "ქართუ ჯგუფის" 16 აქციონერი და სხვა ინვესტორები დავას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გააგრძელებენ. ცნობისათვის, საერთაშორისო საინვესტიციო დავათა განხილვების ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ორი გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა. საქართველოს ხელისუფლებას ორივე გადაწყვეტილების შესრულება მოუხდა. ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა იტალიელი ინვესტორების საჩივარი, რის გამოც საქართველომ ჯარიმის სახით 5 მილიონი ევრო გადაიხადა. ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე დაკისრებული 100 მილიონის ისტორია კი საერთაშორისო სკანდალად იქცა. საბოლოოდ, საქართველომ მაინც გადაუხადა ებრაელ ბიზნესმენებს (ზევ ფრენკელსა და რონი ფუქსს) 40 მილიონი დოლარი.

ვინ არის ვლადიმერ უგულავა

ვლადიმერ უგულავამ 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; 1994-დან 1998 წლამდე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.
1998-1999 წლებში ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის მართვის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა; 1999 წელს მუშაობდა მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში კორეის დეპარტამენტის ექსპერტად.

2000 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის სამსახურის უფროსად დანიშნეს; 2001-2002 წლებში საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოადგილეა, 2002 წლიდან კი ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი. ამავე პერიოდში ვლადიმერ უგულავა ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრიც იყო; 2000-2002 წლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციების კურსს კითხულობდა; იყო სს "ალდაგი ბი-სი-აი''ს" საზედამხედველო საბჭოს წევრი, ხელმძღვანელობდა "ტაოპრივატბანკს".