არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მატულობს შემთხვევები, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელისუფლების წარმომადგენლები უშლიან ხელს. თუკი აქამდე ადგილი ჰქონდა ზეწოლას ოპოზიციის მხარდამჭერებზე, ახლა მათ კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალებას არ აძლევენ. ამის ნათელი მაგალითია მერეთისა და კარალეთის ინცინდენტები, როდესაც ნაცმოძრაობის კუნთმაგარი ბიჭები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დახვდნენ, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები და ყველანაირად ეცადნენ მათ პროვოკაციაზე წამოგებას.
ასევე რამდენჯერმე დაფიქსირდა „ქართული ოცნების“ კარდაკარის კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბორჯომის რაიონში მოხდა, როდესაც კოალიციის კარდაკარის წარმომადგენლებს სოფლის რწმუნებულის ოჯახის წევრები მოსახლეობასთან შესახვედრად სოფელში არ უშვებდნენ. კარდაკარის კამპანიის ფარგლებში ადგილზე იმყოფებოდა კოალიციის ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე. მომხდართან დაკავშირებით for.ge მას გაესაუბრა.
გედევან ფოფხაძე: „ინცინდენტი სოფელ საკირისაკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ჩვენ მივდიოდით სოფლებში საკირე, ტაძრისი და და გვარი, რათა იქ კარდაკარი ჩაგვეტარებინა. საკირისკენ მიმავალი გზა დაგხვდა ჩახერგილი, შუა გზაზე გაჩერებული იყო რამდენიმე მიკროავტობუსი და იქვე იყო ამ სამი სოფლის რამდენიმე მოსახლე. ჩემი აზრით სულ 10-15 კაცი იყო. უბრალოდ ზუსტი რაოდენობის თქმა არ შემიძლია, რადგან იქვე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობდა და მუშებიც ირეოდნენ. ამიტომ ზუსტად ვერ გავიგეთ, რამდენ ადამიანს არ უნდოდა იქ ჩვენი შეშვება. ისეთი სიტუაცია იყო, რომ რამდენიმე ადამიანი უბრალოდ შორიახლოს იდგა, ხოლო რამდენიმე ჩვენს იქ მისვლას აპროტესტებდა.
ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინ თქვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ?
- სავარაუდოდ, ამ აქციის უკან სოფლის რწმუნებული სერგო სამსონიძე იდგა. მოგახსენებთ, რომ ეს სამი სოფელი (საკირე, ტაძრისი და დგვარი) ერთ საკრებულოს მოიცავს და მისი რწმუნებული არის ეს სამსონიძე. აქვე გეტყვით იმასაც, თუ რა მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ სოფლებში შესვლაში ხელს სამსონიძე გვიშლიდა. საქმე იმაშია, რომ საკირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სწორედ სამსონიძის მამა და ძმა გადაგვიდგნენ, ანუ ისინი ხელმძვანელობდნენ იმ რამდენიმეკაციან ჯგუფს, რომელიც ამ სოფლებში არ გვიშვებდა.
რა მოტივით არ გიშვებდნენ ისინი სოფლებში?
- ისინი გვეუბნებოდნენ, ხალხს ააბუნტებთო და იმათ თქვენი ნახვა არ უნდათო.
ბოლოს როგორ დასრულდა ყველაფერი?
- საქმე იმაშია, რომ თავიდან ჩვენ მათ წინააღმდეგობა გავუწიეთ. მერე შევატყვეთ, რომ ჯერ ერთი ბევრნი არ იყვნენ, მეორეც ეს რწმუნებულის მამა თავს ცუდად გრძნობდა, წამლის სმა დაიწყო, შემდეგ კი მისი თანმხლები პირები ისე გაიქცნენ ადგილიდან, რომ ეს კაცი იქ დარჩათ და შემდეგ ჩვენ მოგვიწია მისი სოფელში აყვანა, შუა გზაზე ხომ არ დავტოვებდით.
გზაზე ვინც გადაგიდგათ, ის ადამიანები გაიქცნენ?
- როდესაც შევატყვეთ, რომ ისინი სოფელში არ გვიშვებდნენ, ვუთხარით მათ, რომ მანქანებს გზაზე დავტოვებდით და სოფლისკენ ფეხით წავიდოდით და ვკითხეთ, ამის საპასუხოდ რას მოიმოქმედებდნენ. მათ გვითხრეს, რომ ძალას არ გამოიყენებდნენ, მაგრამ სოფელში არ შეგვიშვებდნენ. ასე ნებისმიერს შეუძლია გზაზე დადგეს და მანქანები არ გაატაროს, მაგრამ ბოლოს ვიღაც ხელს მოკიდებს და გვერდზე გადასწევს მას. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ მანქანებიდან ავიღეთ ჩვენი საქაღალდეები, რაც კარდაკარისთვის გვჭირდებოდა და სოფლისკენ ფეხით წავედით.
თქვენ ამ სოფლებში მხოლოდ კარდაკარის ჩასატარებლად მიდიოდით?
- დიახ, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. როგორც წესი, კარდაკარზე ორი ადამიანი დადის, მაგრამ ეს დიდი უბანი იყო (1400 ამომრჩეველი) და ამიტომ როდესაც ჩვენი წარმომადგენლები ამ სამ სოფელში მიდიოდნენ, გადავწყვიტეთ, რომ იმ ორ ძირითად ადამიანს კარდაკარის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დამატებოდა, რათა საქმე დროულად გაკეთებულიყო.
აქვე გეტყვით, რომ ის ადამიანები, რომლებიც სოფლებში არ გვიშვებდნენ, აპროტესტებდნენ იმას, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ მაისურები გვეცვა. ჩვენ ვუსხნიდით მათ, რომ ამ მაისურებით ჩვენი იდენტიფიცირება უფრო მარტივია, ასევე კარდაკარის ყველა მონაწილეს შესაბამისი მოწმობები ჰქონდათ, რათა გასაგები ყოფილიყო, ვინ ვიყავით. ეს ხომ რაღაც არალეგალური და ფარული ღონისძიება არ იყო, ეს იყო ძალიან გაპიარებული და საჯარო ღონისძიება. შესაბამისად, ჩვენ ამას ფარულად ვერ ჩავატარებდით.
ამის შემდეგ კი გვეუბნებოდნენ, აგიტაცია არ ჩაატაროთო. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მათი საქმე არ იყო კარდაკარის პროცესში რას გავაკეთებდით. მე შემიძლია კარდაკარის პროცესში გავაკეთო ყველაფერი, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება და აგიტაცია კანონით აკრძალული არ არის.
ამდენად, ბოლოს ამ სამ სოფელში შესვლა მოახერხეთ?
- დიახ, რწმუნებულის მამასთან ინცინდენტი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ჩვენ ფეხით წავედით სოფელ საკირესკენ.
ეს ადამიანი გეუბნებოდათ, რომ მოსახლეობას თქვენი ნახვა არ უნდოდა, როდესაც თქვენ ამ სოფლებში შეხვედით, როგორ დაგხვდნენ ადგილობრივები?
- ჩვენ გვახლდა საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის გადამღები ჯგუფი და მათ გადაღებულ ვიდეო-მასალაში კარგად ჩანს, ერთი მოხუცი კაცი ბიძინა ივანიშვილოისადმი მხარდაჭერას ღიად როგორ აფიქსირებს. საერთო ჯამში, ხალხი ჩვენი კოალიციის ლიდერზე ძალიან კარგად საუბრობდა, ანუ ამბობდნენ, რომ მას მხარს უჭერენ და არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ასე რომ, ხალხი ძალიან კარგად დაგვხვდა, ძალიან ბევრ ოჯახში სუფრა გაიშალა, ჭიქა აგვაწევინეს და დაგვლოცეს.
სიმართლე რომ გითხრათ, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ სოფლებში ჩვენი შეშვება არ უნდოდათ სწორედ ეს იყო - მათ არ სურდათ ჩვენ გვენახა, რეალურად როგორი განწყობაა ადგილობრივ მოსახლეობაში.