"ბორჯომისგან" განსხვავებით, ქართულ ღვინოს რუსეთში არავინ ელოდება

6 წლის წინ, ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის ბაზრის დახურვისას, რუსეთში იმედი ჰქონდათ, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარ დარგებს დარტყმას მიაყენებდნენ. თუმცა სრულიად საპირისპირო რამ მოხდა: ემბარგომ ამ დარგებს მძლავრი სტიმული მისცა გასაღების ახალი მიმართულებების ძებნისთვის და შედეგად ისინი სერიოზულად გააძლიერა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, რუსული მედიის შეფასებით, მას ემბარგოს შედეგად მხოლოდ დანაკარგი დაუფიქსირდა. „აკრძალული ქართული ღვინის ადგილი დიდი ხანია სხვა ქვეყნების კონკურენტებმა დაიკავეს, აი „ბორჯომი“ კი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვერავინ შეცვალა,“ – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

რუსული გამოცემა ემბარგოს დაწესების ოფიციალურ მიზეზებს, კერძოდ ფედერაციის მთავარი სანიტარის გენადი ონიშჩენკოს განცხადებას იხსენებს იმის შესახებ, რომ „ბორჯომისა“ და ღვინის ხარისხი არ შეესაბამებოდა სანიტარულ ნორმებს. ჟურნალისტის შეფასებით, ონიშჩენკოს სიტყვებში სიმართლის ნატამალი არის და ღვინის მიმართ ამ პრობლემის არსებობას ქართული მხარეც აღიარებს.

„ვერსია ღვინის, განსაკუთრებით კი წყლის ხარისხის პრობლემების შესახებ თავიდანვე არცთუ დამაჯერებლად ჟღერდა, თუმცა მოვლენებმა სანიტარული ექიმის ქმედებებში პოლიტიკური შემადგენლობა დაადასტურა. შეგახსენებთ: ქართულთან ერთად იგივე მოტივით მოლდოვური ღვინოებიც აიკრძალა. თუმცა წელიწად–ნახევრის შემდეგ მოლდოვამ განაცხადა, რომ ღვინის ხარისხზე სერიოზულად იმუშავა, და მიწოდება აღდგა. საქართველომაც ჩაატარა იგივე სამუშაო. მაგალითად, გამოძიების შემდეგ დაიხურა 7 ქართული ქარხანა... თუმცა პოლიტიკური ურთიერთობები უარესდებოდა. თავდაპირველად საქართველომ რუსეთის მსო–ში გაწევრიანებას ვეტო დაადო, შემდეგ კი იყო 2008 წელი – რუსეთ–საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტი, და შედეგად, ქართველმა მეღვინეებმა ბაზარზე დაბრუნების მიწვევა ვერ მიიღეს,“ – აღნიშნავს ავტორი და დასძენს, რომ ქართულმა ეკონომიკამ ამ დარტყმას გაუძლო.

გამოცემის ინფორმაციით, 2006 წლამდე ქართული პროდუქციის ექსპორტის სტრუქტურაში რუსეთს დაახლოებით 20% ეკავა და ამ პროდუქციაში ლომის წილი სწორედ ღვინოსა და მინერალურ წყალზე მოდიოდა. ამის მიუხედავად, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, ექსპორტის საერთო მოცულობა აკრძალვის შემდეგ არ შემცირებულა, პირიქით – წლიდან წლამდე იზრდებოდა: 2005 წელს ის 865,5 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2006–ში 900 მილიონს გადააჭარბა, 2011 წლის შედეგებით კი 2,2 მილიარდი შეადგინა. თუმცა, როგორც რუსული „კომერსანტი“ აღნიშნავს, ამ ნაკადში ქართული სასმელების წილი 4,6 %–მდე შემცირდა და ძირითად საექსპორტო საქონლად ფეროშენადნობები, მსუბუქი ლითონები და ავტომობილები, ასევე ელექტროენერგია იქცა.

ღვინისა და წყლის ჯამური ექსპორტი 102 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ემბარგომდე არსებულ მაჩვენებელს უტოლდება და ეს ძირითადად მინერალური წყლის დამსახურებაა. ამ ბაზრის მთავარ მოთამაშედ გამოცემა „ბორჯომს“ ასახელებს, რომელმაც, ჟურნალისტის შეფასებით, აკრძალვით მხოლოდ მოიგო – კომპანიის შემოსავლები და წარმოება იმ პერიოდიდან ერთი მესამედით გაიზარდა.

ყველაზე მეტად, „კომერსანტის“ შეფასებით, ქართველი მეღვინეები დაზარალდნენ, რადგან რუსული ბაზარი მათ ექსპორტში 80%–ს იკავებდა. 2007 წელს ღვინის ექსპორტის საერთო მაჩვენებელი განახევრდა, ბევრი წვრილი მეღვინე კი, ვისაც საქონელი რუსეთში გაჰქონდა, უბრალოდ გაკოტრდა. „უნდა აღინიშნოს საქართველოს მთავრობის ქმედებებიც, რომელიც დარგის გადარჩენას მთელი ძალებით ცდილობდა. პირველ რიგში, მეღვინეებს გადასახადები შეუმცირეს. 2006 წლის ბოლოს გამოვიდა განკარგულება, რომლის თანახმადაც ღვინის კომპანიებს მისცეს უფლება, არ გადაეხადათ მოგების გადასახადი, თუკი დაადასტურებდნენ, რომ მოსალოდნელი მოგება წინა წელთან შედარებით მინიმუმ 50%–ით შემცირდა. პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად იყო დაკავებული მარკეტინგით, ახდენდა ღვინის დეგუსტაციას და მოუწოდებდა მეღვინეებს, პროდუქცია ევროპის ბაზრებზე გაეტანათ,“ – წერს „კომერსანტი.“

მისივე შეფასებით, გასაღების მთავარ ბაზრებად დსთ–ს ქვეყნები დარჩა – ძირითადად უკრაინა. ევროპასა და ამერიკაში კი ქართულ ღვინოს მომხმარებელი ვერ შეეგუა. რუსული გამოცემის შეფასებით, „ბორჯომის“ შემთხვევაში რუსეთს საქართველოსგან ემბარგოს გამო მადლობა ნამდვილად ეკუთვნის, რადგან აკრძალვის შემდეგ IDS Borjomi International–ის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა „კომერსანტი“ ერთ საინტერესო ნიუანსსაც აღნიშნავს და წერს, რომ თავად საქართველოში „ბორჯომს“ ნაკლებად სვამენ და იქ ყველაზე გაყიდვადი წყალი „ნაბეღლავია.“

ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, IDS Borjomi–ს რუსული ბაზრის დავიწყება არც კი უფიქრია და დღეს მისი პროდუქციის 16% კვლავ რუსეთში იყიდება. 2006–ში კომპანიამ ლიპეცკის ოლქში მინერალური წყლის მცირე საწარმო „ედელვეისი“ იყიდა, სამი წლის შემდეგ კი კოსტრომაში Nestle–სგან ქარხანა და მარკა „სვიატოი ისტოჩნიკი“ შეიძინა.

„ბორჯომი“ რუსეთში კონტრაბანდითა და ბელორუსის გავლითაც აღწევს, რომელსაც რუსეთთან საბაჟო კავშირი აქვს გაფორმებული. გარდა ამისა, რუსეთის ემბარგოს შემდეგ „ბორჯომმა“ სერიოზული საქმიანობა დაიწყო უკრაინის, ბალტიისპირეთის, ყაზახეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე. შედეგად, დაფიქსირდა აკრძალვამდე არსებული გაყიდვები, მოგვიანებით კი ისიც გაიზარდა. გასული წლის ზაფხულში „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ განიხილავს ბაზარზე ქართული მინერალური წყლის დაბრუნებას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველო ბოლოს და ბოლოს დათანხმდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეშვებას.

თუმცა ქართველი მეღვინეები ამის გამო სიხარულს არ ჩქარობენ. საქმე ისაა, რომ ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე აღარავინ ელოდება. მათი ნიშა არგენტინის, ჩილესა და „ახალი სამყაროს“ სხვა ქვეყნების პროდუქციამ დაიკავა. „ბორჯომის“ ნიშა კი, პარადოქსია, მაგრამ 6–წლიანი შესვენების მიუხედავად რუსულ ბაზარზე ცარიელი დარჩა. „ამ დროის განმავლობაში ვერავინ ვერ შეძლო მსგავსი სიმძლავრის ბრენდის შექმნა, და არც ახალი მარკები გამოჩენილა,“ – წერს რუსული „კომერსანტი.“

სტატიის ავტორის თქმით, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებისთვის „სარაჯიშვილიც“ იბრძვის, რომლის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულ მხარესთან ყველა ფორმალობა მოგვარებულია და მისი კომპანია, ისევე როგორც „ბორჯომი“, უახლოეს ხანებში მიიღებს ნებართვას რუსეთში პროდუქციის შეტანაზე. თუმცა გამოცემას ასეთი შთაბეჭდილება არ დარჩა, როდესაც გენადი ონიშჩენკოს სიტყვები მოისმინა. ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა რუსულ მედიას შემდეგი განუცხადა:

„მართლაც, ვადასტურებთ, რომ ამაზე საუბრები იყო. ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს „ბორჯომის“ წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დაბრუნდნენ...“ თუმცა ამ ოპტიმისტური განცხადების შემდეგ ონიშჩენკო აღნიშნავს, რომ ამისთვის რუსი სპეციალისტები საქართველოში უნდა ჩავიდნენ, დარწმუნდნენ წყაროების ნორმალურ ფუნქციონირებაში და ა.შ. საქართველო კი მათ უსაფრთხოების ოფიციალურ გარანტიებს არ აძლევს. „ამ კვაზისახელმწიფოში ბიზნესის მთავარი მტერი მისი საკუთარი მთავრობაა,“ – ასე დაასრულა თავისი სიტყვა გენადი ონიშჩენკომ.
commersant.ge