პოლიტიკური პატიმრები საქართველოსა და რუსეთში - მსგავსებები და განსხვავებები

პოლიტიკური პატიმრები საქართველოსა და რუსეთში - მსგავსებები და განსხვავებები

ჯონ კენედის, ანდრეი სახაროვისა და სხვა პრემიების ლაურეატმა ერნსტ ჩორნიმ და უფლებადამცველმა სერგეი კოვალიოვმა თემაზე - „პოლიტიკური პატიმრები საქართველოსა და რუსეთში - მსგავსებები და განსხვავებები“ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც გაირკვა, რუსი ექსპერტების გაოცებას საქართველოში პოლიტპატიმართა და, ზოგადად, საპატიმროებში მყოფთა დიდი რაოდენობა იწვევს. ყველაფერ ამის ფონზე კი მათთვის გასაოცარია ამერიკელთა გამოთქმა, რომ საქართველო თურმე დემოკრატიის შუქურაა. რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალნი ისევე იქცევიან, როგორც - საბჭოეთის ლიდერები 70-იან წლებში. მათი აზრით, ამერიკის დახმარება საქართველოსთვის სასარგებლოა, სანამ ის არ გადაიქცევა აპოლოგიად და საზიანო შედეგს არ გამოიღებს. 

„საქართველოსა და რუსეთში სასამართლო სისტემა და ძალოვანი უწყებები განუყოფელი ძმები და დები არიან. ორივე ქვეყანას ერთი დაავადება სჭირს. ჩვენს მმართველ ვლადიმერ პუტინს არაერთხელ უთქვამს, პოლიტპატიმრები რუსეთში არ არიანო, ამ დროს კი რუსმა ოპოზიციონერმა ვლადიმერ რიჟოვმა მას წერილი გაუგზავნა, სადაც ატყობინებდა - თუ ადამიანებს ასამართლებენ არა ჩადენილის მიხედვით, არამედ ისე - როგორც ეს ხელისუფლებას სურს, ისინი ზუსტადაც პოლიტპატიმრებად იწოდებიან.

პუტინის მმართველობისას მნიშვნელოვნად გაიზარდა არასამართლებრივი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, ფედერალურმა სასამართლოებმა დაკავებულთა მნიშვნელოვან ნაწილს მძიმე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს“, - აცხადებს სერგეი კოვალიოვი.

ერნსტ ჩორნის თქმით, პუტინის „სამართლის“ წყებას განეკუთვნება განთქმული საქმე კომპანია „იუკოსის“ წინააღმდეგ, რაც პირადად პუტინის მიერ იყო სანქცირებული; მეცნიერთა წინააღმდეგ შეთითხნილი საქმე, რომელთაც სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. უსამართლო განაჩენების ნაკადმა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეაღწია, ბალტიისპირეთს გარდა. 

„ჩვენთანაც მეცნიერებს სახელმწიფოს „ღალატის“ გამო სვამენ ციხეში, რაც საბჭოთა პრაქტიკას მოგვაგონებს. ასევეა თქვენთან, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ ვახანია შეთითხნილი საქმის გამო დააპატიმრეს,“ - აღნიშნა ჩორნიმ და ეს საქმე იმ მოტივით გამოარჩია, რომ ყველაზე უკეთ იცნობდა.  

რუს უფლებადამცველთა თქმით, ვახანიას შეთითხნილ საქმესთან დაკავშირებით, ისინი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებსაც შეხვდნენ, მათ შორის, აშშ-ის ელჩსაც მიმართეს, მაგრამ ჩიხში აღმოჩნდნენ და, ელჩების მცდელობის მიუხედავად, უამრავი დავადებით დასნეულებული ვახანიას დახმარება ვერ შეძლეს.

„შეიძლება, ასეთ ქვეყანას დამოუკიდებელი ეწოდოს?!“ - კითხულობენ რუსი ექსპერტები. მათი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი ვახანიას საქმეს დაწვრილებით იცნობს და რუსი უფლებადამცველისთვის პირად საუბარში ისიც უთქვამს, ეს პოლიტიკური თემა არაა, ალბათ, ვიღაცის მატერიალური ინტერესია და ვიღაცას დიდი ქრთამის აღება უნდოდა. ამდენად, საქმეში გარკვევა აღუთქვა, მაგრამ - ამაოდ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ, რომელიც ამ შეხვედრას უძღვებოდა, აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრობლემები იდენტურია, თუმცა საქართველო დაკავებულთა და პოლიტპატიმართა რიცხვით რუსეთს უსწრებს. მანვე რუს კოლეგებს მიმართა, რომ ამ სტატისტიკის მიუხედავად, რუსეთის შესახებ ამბობენ, რომ იქ დემოკრატია არაა, საქართველო კი თურმე დემოკრატიის შუქურაა. ამდენად, ნანა კაკაბაძეს აინტერესებს, პრობლემები ქარველ უფლებადამცველებშია, რომლებიც საკმარის ინფორმაციას ვერ აწვდიან დასავლეთს თუ უცხოელი ექსპერტების თავშეკავებაში?!

ერნსტ ჩორნი მიიჩნევს, რომ საქმე არა ქართველ ან რუს ხალხშია, არამედ საქმე დასავლელ მსმენელებშია.

„ის, რომ, სააქართველო თურმე შუქურაა, ამის თქმა მარტივია, რადგან თქვენი პრეზიდენტი განათლებული ადამიანია, რომელმაც უცხოეთში რაღაც მოისმინა, რაღაც ისწავლა, იგი განჭვრეტადია და შეუძლია, დროულად თქვას სიტყვები დემოკრატიაზე, ვიდრე ჩვენს პრეზიდენტს - პუტინს. ამ დროს კი პოლიტპატიმართა სიები, რომლებსაც თბილისელი კოლეგები გვაწვდიან, მუდმივად იცვლება. ზოგმა მოიხადა სასჯელი, ვიღაცას ახლა სვამენ სატუსაღოში და ეს მუდმივი პროცესია“. 

პოლიტპატიმართა თემის ირგვლივ რუსეთ-საქართველოს მსგავსებისა და განსხვავების შესახებ For.ge-ს „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ესაუბრა.

ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ რა განსხვავებაა რუსეთსა და საქართველოს შორის?

- რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია რუსეთისა და საქართველოს კონკრეტული შედარება. თუმცა, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, საქართველოსა და რუსეთში შეიმჩნევა, ჩვენთან უარესი მდგომარეობაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, ხოლო რუსეთში ჩვენი რუსი კოლეგები ამდენ ციფრს არ ასახელებენ, ასევე, თუ გავითვალისწინებთ, როგორ არბევენ მიტინგებს რუსეთსა და საქართველოში, და იქ არათუ გარდაცვლილი, არამედ სხეულის მძიმე დაზიანებაც არ არის, საქართველოში უარესი ვითარებაა. რუსეთში მაქსიმალურად ცდილობენ, დარბევა სხეულის დაზიანების გარეშე, ცივილური ფორმით მოხდეს. რაც პერიოდულად საქართველოში ხდება, 26 მაისი იქნება, 7 ნოემბერი თუ სხვა დღეები, თუნდაც კარალეთში მომხდარი ინციდენტი, ამას პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მოწყობილ დარბევას ვუწოდებ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ იქ და არ აქვს მნიშვნელობა, სპეცრაზმელების ფორმა ეცმეოდათ თუ არა.

ამ ბოლო ხანებში მოდაში შემოვიდა, რომ ჟურნალისტების ფორმებს იცვამენ სპეცრაზმელები და ისე ასრულებენ თავიანთ დავალებებს. ასე რომ, ამ ნიუანსებს თუ შევადარებთ და კიდევ გავითვალისწინებთ იმ მასშტაბებს, რაც რუსეთსა და საქართველოშია (თანაც რუსეთში დაახლოებით 30-40-ჯერ მეტი მოსახლეობაა, ვიდრე საქართველოში, ტერიტორიის სიმრავლეზე აღარაფერს ვამბობ), შეიძლება დავასკვნათ, რომ შესაძლოა, ფორმები და მეთოდები განსხვავებულია, მაგრამ რეალურად ჩვენთან სიტუაცია პოლიტპატიმრებისა და ხალხის დაშინების მხრივ გაცილებით მძიმეა. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ, რუსეთს თუ დასჭირდება, უფრო მძიმე სიტუაციას არ შექმნის, მაგრამ ფაქტია, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას დღეს ეს არ სჭირდება.

დღეს საქართველოს ხელისუფლებაა მძიმე მდგომარეობაში სკამების შენარჩუნების მხრივ. ამიტომაც საქართველოში გაცილებით დაძაბული მდგომარეობაა.

რუსეთში რამდენი პოლიტიპატიმარია?

- მე დეტალურად არ ვიცნობ ამ საკითხს, მაგრამ, რასაც ჩვენი კოლეგები ასახელებენ, რამდენიმე ათეული პიროვნებაა და არა ისე მასობრივად, რაც საქართველოშია. მარტო პოლიტპატიმრობა არ არის პოლიტიკური დევნა და რეპრესიები, არამედ - სამსახურებიდან დათხოვნა, მუქარები, მოსყიდვები. ჩვენში არა მხოლოდ თავად ოპოზიციურად განწყობილ პირებს ათავისუფლებენ სამსახურიდან, არამედ მათ ახლობლებსაც. ფაქტობრივად, ესაა პროფესიების აკრძალვა, საჯარო სამსახურში ვერ ნახავთ ვერცერთ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს და მისი ოჯახის წევრს. ასეთი რამ რუსეთში არ ხდება.

რუსეთის ციხეებში თუ არის პატიმრების შეურაცხყოფის ფაქტები?

- რა თქმა უნდა, იქაურ ციხეებშიც მძიმე მდგომარეობაა. იქაც არაადამიანური მოპყრობების შემთხვევებია, მაგრამ ასე მასობრივი გარდაცვალება, როცა ყოველ ორ-სამ დღეში ერთი ადამიანი კვდება, არ არის. ოფიციალური სტატისტიკით,  ჩვენს ციხეებში ორ-სამ დღეში ერთხელ კვდება ერთი ადამიანი. წელიწადში 365 დღეა და უკვე 142 ადამიანია გარდაცვლილი. თანაც, ეს არის ოფიციალური მონაცემები, რომლებიც ძალიან ნაკლებ ნდობას იმსახურებს. ომბუდსმენმა შემოიტანა ტერმინი: სიკვდილის ექსპორტი. ხშირად ხდება, რომ გადაჰყავთ პატიმრები ქალაქის სასამართლოში და იქ კვდებიან.

გადაცმული ზონდერ-ჟურნალისტების შესახებ რას გვეტყვით?

- კადრებში გვხვდება თავგასიებული თუ კუნთმაგარი ახალგაზრდები, რომლებიც დაჰყვებიან ჟურნალისტებს. აშკარად დავალება აქვთ მიღებული, რომ მათ ხელი შეუშალონ საქმიანობაში. ეს მხოლოდ სპეცსამსახურების დავალებაა, სპეცსამსახურების ინტერესებშია, თავისუფალი ჟურნალისტი ამას არც გააკეთებს და არც იკადრებს.

ანუ ისინი არ არიან ჟურნალისტები, თუ არიან და ვინმეს დავალებას ასრულებენ?

- ახლა ჟურნალისტის სახელი შეიძლება ერქვას, მაგრამ გურამ დონაძე ჟურნალისტია?! ფორმალურად ის ჟურნალისტია, მაგრამ იგი ხომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელია?!