ესპანეთი კვალიფიციურ თაობას კარგავს

ესპანეთი კვალიფიციურ თაობას კარგავს

ესპანეთში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მისგან გამოწვეულმა უმუშევრობამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კვალიფიციურ მუშაკებს და უმაღლესი განათლების მთელ სისტემას. არადა, 2008 წლისათვის ესპანეთი განვითარებულ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა განათლების დონის მიხედვით. მოსახლეობის 21 პროცენტი, ანუ, ყოველი მეხუთე ესპანელი, უმაღლესი განათლების მქონე გახლავთ. ამ მაჩვენებლით ესპანეთი ჩამორჩება მხოლოდ აშშ-ს (31 პროცენტი), დიდ ბრიტანეთს (27 პროცენტი) და კანადას (25 პროცენტი). სამაგიეროდ, უსწრებს გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას.

კრიზისის დაწყების შემდეგ ესპანეთში უმუშევრობის ზოგადმა მაჩვენებელმა 2,5-ჯერ მოიმატა, უმაღლესი განათლების მქონეთა შორის კი 2,8-ჯერ. ამჟამად ესპანეთში უმაღლესი განათლების მქონე პირთა შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია ვიდრე გერმანიაში, სამჯერ მეტია ვიდრე დიდ ბრიტანეთში და ორჯერ მეტია ვიდრე საფრანგეთში, იტალიაში და საერთოდ ევროკავშირის ქვეყნებში.

მხოლოდ 2012 წლის პირველ კვარტალში ესპანეთის შრომის ბაზარმა გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 2,7 პროცენტი სამუშაო ადგილი დაკარგა. გამოდის, რომ გამოცდილი მუშაკები კარგავენ სამუშაოს, რაც შრომის ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო ზრდის. ჰოდა, ათასობით განათლებული ესპანელი ცდილობს სამუშაო გერმანიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში იშოვნოს.

უცხოეთს მიაშურეს მეცნიერებმაც. სახელმწიფოს ხარჯების შემცირებამ მძიმე დარტყმე მიაყენა კვლევით ცენტრებს, უნივერსიტეტებს, საავადმყოფოებს და ა.შ. კერძო კომპანიებში ხომ ეგზომ მაღალი კვალიფიკაციის მუშაკი მხოლოდ ძლიერ მსხვილ საწარმოებშია საჭირო. ესპანეთის ეკონომიკის სტრუქტურა კი იმგვარია, რომ კომპანიების უმრავლესობა მცირე და საშუალო საწარმოს მიეკუთვნება.

გამოდის, რომ ესპანეთი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე თაობას კარგავს. პირველად ისტორიაში მოხდა, რომ ესპანური უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები არაფრით ჩამოუვარდებიან სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგებს. მაგრამ მათ სამშობლოში სამუშაოს შოვნა სულ უფრო და უფრო რთული ხდება.

კიდევ უარესი – კრიზისი ნეგატიურ გავლენას არა მარტო კურსდამთავრებულებზე, არამედ სტუდენტებზეც ახდენს. სიტუაციის შემხედვარენი მოტივაციას კარგავენ, იმედი აღარ აქვთ, რომ სპეციალობით სამუშაოს იშოვნიან და ცდილობენ რაიმე ისეთი ხელობა აითვისონ, რაზეც შრომის ბაზარზე უფრო მეტი მოთხოვნილებაა.

2011 წელს ესპანეთის დასაქმების სამსახურს უმაღლესდამთავრებულთათვის შეეძლო 38 პროცენტით ნაკლები სამუშაო ადგილი შეეთავაზებინა, ვიდრე ერთი წლით ადრე. 2008-2011 წლებში კი ამ შემცირების მაჩვენებელმა 50 პროცენტი შეადგინა. ამ დროს კი დაბალკვალიფიციური სამუშაო ადგილების დანაკარგები გაცილებით ნაკლები იყო.

მაღალკვალიფიციური პერსონალის ქვეყნიდან გადინებას და სტუდენტთა მომზადების დონის კლებას ის მოჰყვა, რომ ევროპული კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ქიმიური მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა და ა.შ. წარმოებისა და კვლევითი განყოფილებების ესპანეთში განთავსების სტიმულს კარგავენ.

სიტუაციის მალე გამოსწორების იმედი არავის აქვს. ესპანეთის შრომის ბაზარს წლები დასჭირდება, რომ გონს მოეგოს. წინა მთავრობა იმედს პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ამყარებდა, მაგრამ მან შედეგი ვერ გამოიღო. სანამ არ დაიძლევა კრიზისისაგან გამოწვეული უმუშევრობის  მთავარი მიზეზები, წარმოების ზრდის ტემპის ვარდნა და საგარეო ვაჭრობაში არსებული დისბალანსი, იქამდე მდგომარეობის გამოსწორებაზე ოცნებაც კი არ ღირს.