ქართველი მილიარდერისთვის ჩამორთმეულ აქტივებზე ზედამხედველი მენეჯერი დაინიშნა

ქართველი მილიარდერისთვის ჩამორთმეულ აქტივებზე ზედამხედველი მენეჯერი დაინიშნა

თბილისი – ქართულმა სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩამორთმეულ აქტივებზე ზედამხედველი მენეჯერი ხუთშაბათს დანიშნა, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობისა და ოპოზიციის კონფრონტაციაში უკანასკნელ გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.

56 წლის ივანიშვილმა, ვისი ქონებაც ჟურნალ Forbes-ის ვერსიით 6,4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, კავკასიის სახელმწიფოში, 4,5 მილიონიანი მოსახლეობით, „ქართული ოცნების“ კოალიციაში გააერთიანა სხვადასხავა ოპოზიციური პარტიები, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობისა, რომელიც ჯერ კიდევ ლიდერობს საზოგადოებრივ კვლევებში.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ ივანიშვილის წილები ქართუ ბანკში, ქართუ ჯგუფსა და 21,7 პროცენტიანი წილი პროგრესს ბანკში, ამოღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მაგნატმა უარი განაცხადა გადაეხადა მრავალმილიონიანი ჯარიმა დოლარებში.

აქტივების მეთვალყურედ დაინიშნა ვლადიმერ უგულავა, რომელიც ადრე უკრაინული „პრივატ ბანკის“ საქართველოს ფილიალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა.

გარდა ამისა, ის არის თბილისში დაარსებული ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი; უგულავა ხელმძღვანელ თანამდებობებზე 2001 წლიდან მუშაობდა; საქმიანობდა ანტიკორუფციულ საბჭოში და ასევე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი.

„მაშინ, როცა მოვალე ქონების მეპატრონე გახდება, ახალი ხელმძღვანელი ისარგებლებს მფლობელის ყველა უფლებით იძულებითი მმართველობის რეჟიმის დასრულებამდე“, – ნათქვამია ეროვნული სააღსრულებლო ბიუროს განცხადებაში.

ივანიშვილის აქტივების საწყის გასაყიდ ფასად 151,9 მილიონი ლარი (92,6 მლნ დოლარი) დასახელდა ქართუ ჯგუფის ნაწილში, ხოლო 3,6 მილიონი ლარი – „პროგრეს ბანკის“ წილისთვის. ონლაინ–აუქციონი 10 ივლისს ყოველგვარი წინადადების გარეშე დასრულდა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონფისკაცია იყო უკანონო, რადგან მან ყველა აქცია თავისი შვილის კომპანიას გადასცა.

სახელმწიფო ორგანოებმა მაინც ბიძინა ივანიშვილი სცნეს ოფიციალურ მფლობელად, რადგან აქტივების გადაცემის პროცედურა არ იყო დარეგისტრირებული საქართველოს ეროვნულ ბანკში.

გასულ თვეში პოლიციამ კონფისკაცია გაუკეთა იმ ფირმის სატელიტურ ანტენებს, რომელიც ეკუთვნოდა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრეს. იგი დაადანაშაულეს ანტენების იმ მიზნით გაცემაში, რათა მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან არჩევნებში დასაპირისპირებლად, ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ საარჩევნო ხმები მოეპოვებინა.

ჯარიმები

თანამგზავრული ანტენების თავისუფალი გავრცელების გამო, სახელმწიფო აუდიტის სააგენტომ ივანიშვილი პარტიის დაფინანსების წესის დარღვევაში დაადანაშაულა და იგი 63,1 მილიონი ლარით დააჯარიმა.

სხვა შემთხვევაში ივანიშვილი 11,2 მილიონი ლარით დაჯარიმდა, რამაც მთლიანობაში 74,3 მილიონი ლარი შეადგინა.

დაძაბულობის განმუხტვის აშკარა გამოხატულება იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მიიღო შესწორებები, რომელიც ყველა საკაბელო ოპერატორს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა არხის მაუწყებლობის გავრცელებას ავალდებულებს.

სააკაშვილი დასავლეთის ფავორიტი გახდა, როდესაც უსისხლოდ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში და გადააყენა ედუარდ შევარდნაძე 2003 წელს.

თუმცაღა, ოპონენტები ბრალს სდებენ მას პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვაში და აკრიტიკებენ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე, დამანგრეველი ომის მართვის გამო.
foreignpress.ge