სამკურნალო კურორტები თვითონ „სამკურნალოა“

სამკურნალო კურორტები თვითონ „სამკურნალოა“

სამკურნალო კურორტებზე დამსვენებელთან სიხალვათეა. ეს იმიტომ, რომ სამკურნალო კურორტები თვითონ „სამკურნალოა“. წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი კეთდება.

საქართველოში 340 საკურორტო ადგილია, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის განმტკიცების, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაკტიკისათვის. საკურორტო ადგილებისათვის დამახასიათებელია სასურველი ჰავა, მინერალური წყლების ან სამკუნალო ტალახების არსებობა.

კურორტული დასვენებისა და მკურნალობის კომპლექტში დიდ მნიშვნელობას იძენს მინერალური წყლების გამოყენება.  საქართველოში გვხვდება თითქმის ყველა ტიპის მინერალური წყალი და არის 2000-ზე მეტი წყარო.

თუმცა, მარტო ბუნების წყალობა არ კმარა. წლების განმავლობაში განადგურებულ ინფარსტურქტურას განახლება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამსვენებლების მოზიდვა შეუძლებელი ხდება. ამ მხრივ კი ვითარება წლიდან წლამდე არ იცვლება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტ სურამში წლებია არაფერი იცვლება. კურორტზე არცერთი თანამედროვე ტიპის სასტუმრო არ ფუნქციობს და მომხმარებელს მხოლოდ საოჯახო სასტუმროებით სარგებლობა უწევს.

ერთადერთი სიახლე ისაა, რომ წელს სურამის ყველა უბანში გარე განათება დამონტაჟდება და გამწვანების მიზნით კურორტზე რამდენიმე სკვერიც კეთილმოეწყობა. თუმცა, უკვე ამის დროც აღარ რჩება, რადგან სურამში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, დაიწყო. დამსვენებლებს 15 ივლისიდან ელიან.

სურამის გამგებლის დათო გრანდისკის განცხადებით, „გესთ ჰაუსების“ სერვისის ღირებულება წელს 50-60 ლარამდე იქნება, თუმცა ოთახების დაქირავება, ადგილების მიხედვით 10 ლარადაც იქნება შესაძლებელი.

სურამის სანატორიუმების პრივატიზაცია ამ დრომდე არ დაწყებულა და კურორტი ინვესტორებს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

გაცილებით უარეს დღეშია ბალნეოლოგიური კურორტი ნასაკირალი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ტურისტებით სავსე იყო. ამჟამად ის განადგურებულია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ინვესტიციების მოზიდვას უშედეგოდ ცდილობს. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის მთავარი სპეციალისტი ქეთევან კუჭუხიძე აცხადებს, ნასაკირალი როგორც კურორტი საერთოდ აღარ ფუნქციობს. მისი აღდგენისთვის კი მუნიციპალიტეტს ფულადი სახსრები არა გააჩნია. კურორტზე აღარც პანსიონატი არსებობს.

დონორების მოძიებას მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობს. კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი მთავარი ტურისტული ღირებულება მინერალური წყლებია, რომელიც კუჭის ქრონოკული დაავადების, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

მიიღებს თუ არა ზაფხულის სეზონზე  ტურისტებს რაჭის პოპულარული კურორტი უწერა, ამ დრომდე უცნობია. ონის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, დღემდე კურორტზე პრობლემად საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობა რჩება.

შალვა ჯაფარიძე რადიო „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ უწერაში სათანადო დონეზე არ არის მოწესრიგებული წყალმომარაგება და კურორტზე კოტეჯებიც არ ფუნქციონირებს. არადა, წესით და რიგით რაჭის კურორტებზე ტურისტული სეზონი 15 ივლისიდან იწყება.

თითქმის მივიწყებულია სამეგრელოში ერთ-ერთი სამკურნალო კურორტი „სქური“, რომელიც ტურისტებს წარსულში უიშვიათესი სამკურნალო წყლითა და ულამაზესი ბუნებით იზიდავდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ წლების წინ ეს ადგილი ძალიან პოპულარული იყო და ბევრ სტუმარსაც მასპინძლობდა.

„სქური ცნობილია უიშვიათესი სამკურნალო წყლებით.  სამწუხაროდ, აქაურობა ძალიან მოუვლელია. ამ ადგილის ღირშესანიშნაობითა და გამორჩეულობით თავს ვიწონებდით, მაგრამ ახლა ცოტა დაგვრჩა თავმოსაწონი, კურორტს ძალიან უჭირს. დამსვენებლების ინტერესიც ნაკლებადაა. ძირითადად, ნათესავები ან ნაცნობები გვსტუმრობენ, უცხოელებიც არიან, მაგრამ იშვიათად მოდიან“, - ამბობს წალენჯიხელი ნაირა კვარაცხელია.

ერთადერთი, სადაც ასე თუ ისე რაღაც კეთდება წყალტუბოა. ისიც იმიტომ, რომ თბილისიდან ქუთაისში გადაბარგებულმა დეპუტატებმა სწორედ წყალტუბოში უნდა იცხოვრონ და ამიტომ კურორტს სათავისოთ „არემონტებენ“. წყალტუბოს

„ბალნეოსერვისის“ მარკეტინგისა და რეკლამის მენეჯერის, ელგუჯა მელქაძის განმარტებით, ზაფხულის სეზონი წყალტუბოში დატვირთულია.

„წყალტუბოს დამსვენებელი, მეტ-ნაკლებად, ყოველთვის ჰყავდა.  ამ მხრივ არც მიმდინარე სეზონია გამონაკლისი. ყველაზე მეტი სტუმარი აზერბაიჯანიდაა, შემდეგ მოდის ისრაელი. ამ ბოლო დროს რუსებიც გააქტიურდნენ. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ჯერჯერობით მაღალი აქტიურობა არ არის. ვფიქრობ, ივლისის ბოლოდან გამოიჩენენ ინტერესს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო დროს გაუმჯობესდა წყალტუბოს ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, თუმცა გასაკეთებელი ბევრია“, - ამბობს მელქაძე.