„ქართუ ბანკიდან“ ანაბრების გატანის პროცესი დაიწყო  (VIDEO)

„ქართუ ბანკიდან“ ანაბრების გატანის პროცესი დაიწყო (VIDEO)

 

„ქართუ ბანკიდან“ მეანაბრეებმა თანხის გატანა დაიწყეს. ბანკიდან ფულის გატანის პროცესი დღის მეორე ნახევარში დაიწყო. საფინანსო ინსტიტუტის სათაო ოფისში ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილებასთან დღის განმავლობაში რიგი იდგა.

ბანკიდან გამოსული მომხმარებლები „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებდნენ, რომ ანაბრიდან დანაზოგი გაიტანეს. „ქართუ ბანკის“ მოლარეები შეუფერხებლად მუშაობდნენ. ბანკიდან თანხის გატანისას მეანაბრეებს პრობლემა არ შექმნიათ.

მეანაბრეები ბანკიდან თანხის გატანის მიზეზებზე არ საუბრობდნენ, თუმცა „ნეტგაზეთთან“ რამდენიმემ განაცხადა, რომ ფულის გატანა ბანკიდან მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც „ქართუ ბანკი“ დააყადაღეს და იქ ახალი მმართველი დაინიშნა.

ქალბატონი ციცინო, 60 წლის პენსიონერი, დღეს ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც კუთვნილი პენსია, 200 ლარი „ქართუ ბანკში" ბიძინა ივანიშვილის დასახმარებლად მიიტანა.

მისი თქმით, ბანკის ოპერატომა ანგარიში გაუხსნა, თუმცა თანხა არ დაიტოვა, რადგან იმის გარანტია ვერ მისცა, რომ ჩარიცხული თანხა ადრესატამდე მიაღწევდა.

ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ უგულავა „ქართუ ბანკში“ დღეს დილით მივიდა და ჯერ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდა, შემდეგ კი ბანკის და „ქართუ ჯგუფის“ თანამშრომლებს. „ქართუ ჯგუფის“ იურისტების განცხადებით, უგულავა სამსახურიდან თანამშრომლების გაშვებას არ აპირებს. 

„ქართუ ბანკში“ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბანკის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ უგულავა კომენტარს არ აკეთებდა. 

ვლადიმერ უგულავამ, რომელიც აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების - სს ,,ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკიის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველად გუშინ, 12 ივლისს დაინიშნა, გუშინვე სს "ბანკი ქართუს" სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დაითხოვა.

სს "ბანკი ქართუს" გენერალურ დირექტორად ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ირაკლი ზარქუა დაინიშნა.