ქვეყანაში არსებული სოციალური ვითარება ნორმალურად ვერ ჩაითვლება, როდესაც რაოდენობრივი განსხვავება ფენებს შორის ძალიან დიდია. საქართველოში ღარიბთა და ღატაკთა რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება მდიდრებისა და საშუალო ფენის წარმომადგენელთა რიცხვსაც.
2011 წლის მონაცემებით, სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 411 091-ია, რაც მთლიანი მოსახლეობის წილის 9.2%-ია. აღსანიშნავია, რომ უმწეოთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამას ასახავს ოფიციალური სტატისტიკა.
უფრო კატეგორიულები არიან ექსპერტები. მათი აზრით, საქართველოს მოსახლეობის 80% ღარიბი ან ღატაკია, მხოლოდ15-17% მიეკუთვნება საშუალო ფენას, ხოლო 3-5% არის მდიდარი, რომელთაც მატერიალური პრობლემები არ აუწხებთ.
საინტერესოა, რამდენად იგრძნობა მოქალაქეებში ფენებს შორის განსხვავება. მიიჩნევენ თუ არა ისინი, რომ ეს განსხვავება დიდია?
თითქმის ყველა აღიარებს, რომ საქართველოში თანდათან ქრება საშუალო ფენა. მოქალაქეების ძირითადი ნაწილი ღარიბებს მიეკუთვნება, უმნიშვნელო ნაწილი კი - მდიდრებს.
„ჩემი დაკვირვებების შედეგად ასეთი დასკვნა გამოვიტანე -საქართველოში არიან ან ღარიბები, ან მდიდრები. საშუალო ფენა თანდათან ქრება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამით სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის, პირიქით, სულ უფრო მეტი ადამიანი ღარიბდება.
თუნდაც ჩემს გარშემო რომ გადავხედო ხალხს, ბევრს ვიპოვნი ისეთს, რომელსაც გუშინ მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა და დღეს მშიერს უწევს ყოფნა. ზოგიერთის ბიზნესის საქმე ცუდად წავიდა და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ გაკოტრდნენ“, - აცხადებს თბილისელი კახა ჭანტურია.
ზედაპირული დაკვირვებთაც კი განსხვავებას სოციალურ ფენებს შორის მარტივი შესამჩნევია. ერთ მხარეს წარმოდგენილები არიან ადამიანები, რომლებსაც ფული აქვთ და შეიძლება მილიონერები არ არიან, მაგრამ მდიდრები ნამდვილად ითქმის მათზე. მეორე მხარეს კი გაჭირვებული ხალხი, რომელსაც სამსახური ან საერთოდ არ აქვს, ან ძალიან მცირე შემოსავალზე მუშაობს.
„ვიბრძვი იმისათვის, რომ საშუალო ფენას მივეკუთვნებოდე. ამისათვის კი ოჯახის ყველა წევრის მუდმივი შრომაა საჭირო“, - ასეთი დილემის წინაშეა საქართველომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. უმეტესობას კი ეს ბრძოლა შეწყვეტილი აქვს, რადგან მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა და ძალისხმევისა, სიღარიბეს თავს ვერ აღწევს.
ექსპერტთა ვარაუდით, საშუალო ფენასა და ღარიბებს შორის ზღვარი უფრო იშლება. ბოლო პერიოდში საშუალო შეძლების კონტიგენტის დაახლოებით 12-14%-მა ღარიბებში გადაინაცვლა. სამაგიეროდ, კიდევ უფრო იზრდება სხვაობა მდიდარ ფენასა და ღარიბებს შორის.
როგორც ჩანს, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მთელ მსოფლიოში მოქალაქეთა შემოსავალს შორის უთანასწორობა თანდათანობით მატულობს. გლობალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც ასე თუ ისე შეინიშნებოდა გასული ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის ღარიბ ფენაზე არ აისახა.
აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებულ პერიოდში 22 ქვეყნის მაგალითზე ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება საშუალოდ, 10 პროცენტით გაიზარდა.
განსხვავების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, გერმანიაში, ფინეთში, ისრაელში, ლუქსემბურგსა და ახალზელანდიაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავება განსაკუთრებით მაღალია მექსიკასა და ჩილეში. ამ ორ ქვეყანაში მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ნაწილის შემოსავალი ყველაზე ღარიბისას 25-ჯერ აღემატება. აშშ-ში, თურქეთსა და ისრაელში კი მდიდართა შემოსავალი 14-ჯერ მეტი გახლავთ, ვიდრე ღარიბთა. შემოსავლებში შედარებით მცირე განსხვავებაა დანიაში, ნორვეგიაში, ბელგიასა და ჩეხეთში.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანალიტიკოსთა აზრით, სოციალური უთანასწორობის შემცირება სამი პირობის დაცვის შემთხვევაში შეიძლება. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის რეფორმა, რომ მშრომელებისათვის თანაბარი პირობები შეიქმნას. მეორე აუცილებელი ფაქტორი განათლების სისტემის შეცვლა გახლავთ, რომ ყველა მსურველმა მაღალი კვალიფიკაციის მიღება შეძლოს. მესამე პირობა კი მდიდრებიდან ღარიბებზე შემოსავლის გადანაწილებაა, რაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენის განსხვავებული გადასახადებით, დაბეგვრით იქნება შესაძლებელი.