შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს და დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელსაც რაიმე ფორმით კავშირი აქვს დანაშაულთან, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზრვიშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უწყება უკვე თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან და მზად არის ითანამშრომლოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან.
“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად. კერძოდ, მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების, 51-ე სკოლის დირექტორის და საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე სხვა პირების გამოკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს და დააყენებს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებსაც რაიმე ფორმით კავშირში აქვთ დანაშაულთან. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ღიაა საზოგადოებისთვის და მზად არის ნებისმიერ შეკითხვას გასცეს პასუხი. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის აპარატთან და მზად ვართ ვითანამშრომლოთ საგამოძიებო კომისიასთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.