"24 საათში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლოა სახელმწიფომ "ქართუ ჯგუფს" იძულებითი მმართველი დაუნიშნოს - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ქართუ ჯგუფისთვის" იძულებითი მართვის გადაყვანის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს გუშინ მიმართა. იძულებითი მართვა კი გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორების ეტაპობრივ დაკმაყოფილებას. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება მოვალის საკუთრებაში რჩება. ადვოკატები ფიქრობენ, რომ იძულებითი მმართველის დანიშვნა ბანკის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას ნიშნავს და შესაძლოა ბანკის თანამშრომლების გათავისუფლებაც კი გამოიწვიოს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ქართუს" იძულებით მმართველს დაუნიშნავენ.
"იძულლებით მართვის რეჟიმში გადასვლა ბანკის აქციების სახელმწიფოს საკუთრებაში აღების ტოლფასია. მესაკუთრის უფლებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება ქონებით სარგებლობაა, სწორედ ეს უფლება წაიღო სახელმწიფომ. ბანკის მფლობელი ფორმალურად ძველი მესაკუთრე რჩება, მაგრამ ქონებისგან სარგებლის მიღება სახელმწიფოს ხელში გადავიდა. რაც ნიშნავს იმას, რომ სს "ქართუ ჯგუფის" 100%-ის მართვა სახელმწიფოს ხელში გადადის. "ქართუ" ჩვეულებრივი სახელმწიფო ბანკი გახდება და ბუნებრივია, ამით მისი პოლიტიკა და კლიენტურა შეიცვლება. სახელმწიფოს შეუძლია დღესვე გაათავისუფლოს "ქართუ ჯგუფის" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი და დანიშნოს სახელმწიფო მოხელე. იმ სახელმწიფო მოხელეს კი შეუძლია ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შეცვალოს და სახელმწიფო მოხელეები დანიშნოს, მათ შეუძლიათ დამლაგებლიდან დაწყებული, დეპარტამენტის უფროსებით დამთავრებული ყველა შეცვალონ. შეცვლიან თუ არა, ეს უკევე მათი უფლებაა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი.
"ჩათვალეთ, რომ ბანკს სახელმწიფო დაესაკუთრა, ამან რატომ უნდა გამოიწვიოს გაკოტრება? თუ მას სახელმწიფო ხელოვნურად არ გააკოტრებს, ეს ავტომატურად გაკოტრებას არ გამოიწვევს. ბანკის აქციები ფორმალურად ძველი მესაკუთრის სახელზე დარჩება, მაგრამ მესაკუთრის ყველა უფლებას სახელმწიფო განახორციელებს. ამით ისინი ალბათ ფიქრობდნენ თავი აერიდებინათ იმ უხერხულობისგან, რაც სხვისი ქონების გაყიდვით იქნებოდა გამოწვეული. სახელმწიფოს მმართველობაში ბანკი მანამდე დარჩება, სანამ 75 მილიონს არ ამოიღებს, და გარწმუნებთ, რომ არჩევნებამდე ამ თანხის ამოღებას ვერ მოახერხებენ, ასე რომ, მინიმუმ ოქტომბრამდე დარჩება ბანკი სახელმწიფოს საკუთრებაში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებამდე ამ თანხას ვერ მიიღებენ", - დასძენს არჩილ კბილაშვილი.
"ძალიან მიჭირს წინასწარ რამე კონკრეტიკაზე საუბარი - რა და როგორ იქნება იძულებითი მმართველის დანიშვნის შემთხვევაში. მაგრამ ერთი ცხადია, რომ ეს მმართველი ბანკს მანამ ეყოლება, სანამ იმ "ვითომ დავალიანებას" არ გადაიხდის, რაც მას სახელმწიფომ დააკისრა. ბანკს ამ პერიოდში სხვა მართავს, რაც გაუგონარი რამეა. წარმოუდგენელ და გაუგონარ რამეს აკეთებს სახელმწიფო, მსგავსი რამ ნებისმიერი საწარმოს მიმართ საქართველოში არასოდეს გამიგონია... გააჩნია რა მენეჯმენტს გაატარებს ახალი მმართველი და რამდენ ხანს დარჩება ბანკი იძულებითი მართვის რეჟიმში. მმართველი, ცხადია, მენეჯმენტს შეცვლის, შესაძლოა, ამან თანამშრომელთა ცვლილებებიც გამოწვიოს, მაგრამ საერთაშორისო ზეწოლით, ვფიქრობ, პრობლემები მალე მოგვარდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური.