გარდაცვლილი პატიმრის გვამზე ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა

გარდაცვლილი პატიმრის გვამზე ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ მ.ბ-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ამცნოს შემდეგი ინფორმაცია:

„მიმდინარე წლის 5 ივლისს სასჯელაღსრულების სისტემაში უეცრად გარდაიცვალა მსჯავრდებული მ.ბ.

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი- გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.

მსჯავრდებულ მ.ბ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2012 წლის 5 ივლისს, ისევე, როგორც ყველა შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად დაინიშნა ექსპერტიზა.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული სამწუხარო ფაქტის წინასწარი შეფასებებისაგან“, - ეს არის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ოფიციალური განცხადება, რომლითაც მან საზოგადოებას პატიმარ მიხეილ ბაზაზიანის გარდაცვალების შესახებ აუწყა.

გარდაცვლილის ოჯახმა პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით მაშინვე გამოთქვა ეჭვი, რადგან მათი თქმით, 21 წლის ბაზაზიანს გული არ აწუხებდა და ამიტომ მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ იგი მოკლულია. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ბაზაზიანის გვამი დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ დაათვალიერა, მაგრამ მასზე რაიმე უხეში მრავლობითი დაზიანებების კვალი ვერ აღმოაჩინა. ამიტომ ექსპერტმა განაცხადა, რომ მხოლოდ გარეგანი დათვალიერებით მიხეილ ბაზაზიანის გარდაცვალების მიზეზის დადგენა შეუძლებელია.

რამდენადაც ცნობილია, გარდაცვლილის გვამს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხები ჯერ ცნობილი არ არის. ამიტომ ბაზაზიანის ოჯახის წევრები პატიმრის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცდილობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ის სამედიცინო დოკუმენტაცია მიიღონ, რაც ციხეში ყოფნის დროს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარებასა და გარდაცვალების მიზეზზე მათ რაიმე ინფორმაციას მიაწვდის.

ოჯახის წევრებმა ამ დოკუმენტაციის მიღება გლდანის ციხიდან სცადეს, რადგან სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით ბაზაზიანი სწორედ იქ გარდაიცვალა. თუმცა გლდანის ციხეში მათ განუცხადეს, რომ პატიმარი მათთან უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და ამიტომ სამედიცინო დოკუმენტაციის მისაღებად ისინი ქსნის დაწესებულებაში გადაამისამართეს, სადაც ბაზაზიანი სასჯელს იხდიდა. ამის შემდეგ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებმა ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიაკითხეს, მაგრამ დოკუმენტაციის გაცემაზე იქაც უარი მიიღეს.

ამასთან დაკავშირებით for.ge უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა, რომელიც პატიმრის ოჯახის წევრებთან ერთად ცდილობს მისი გარდაცვალების მიზეზის დადგენას.

„გლდანის ციხიდან ქსნის ციხეში გადაგვამისამართეს ამ დოკუმენტაციის მისაღებად, მაგრამ როდესაც მიხეილ ბაზაზიანის ბიძა ქსანში ჩავიდა, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემაზე იქაც უარი უთხრეს და განუცხადეს, რომ ამ მოთხოვნით პატიმრის ოჯახის წევრებმა გამოძიებას უნდა მიმართონ. გაუგებარია, რა შუაშია გამოძიება, რადგან პატიმარი იმყოფებოდა ქსნის დაწესებულებაში. შესაბამისად ეს დოკუმენტაცია იმ დაწესებულებაში არსებობს და ციხე ვალდებულია ეს დოკუმენტები გარდაცვლილის ოჯახისთვის მიეცა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, ოჯახი ითხოვდა ბაზაზიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტაციას იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მიხეილ ბაზაზიანი ქსნის N15 დაწესებულებაში იმყოფებოდა. ასევე გამოთხოვილი იყო გარდაცვალების თარიღი, მიზეზი და ისიც, თუ რა გახდა მიხეილ ბაზაზიანის გლდანის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი. ნანა კაკაბაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ქსნის დაწესებულებიდან გამოძიებისკენ მიუთითეს, მათ მართლაც მიმართეს გამომძიებელს, მაგრამ მისგან პასუხად მიიღეს, რომ საჭირო დოკუმენტაციას იგი თავად გამოითხოვს და დოკუმენტები მასთან იქნება.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ გარდაცვლილის ოჯახს უბრალოდ დროს უჭიმავენ, რადგან არ იციან, დოკუმენტებში გარდაცვალების მიზეზად რა ჩაწერონ“, - ამბობს კაკაბაძე.

For.ge ასევე ესაუბრა ბაზაზიანების ოჯახის ახლობელს, ბექა ანდრიაძეს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახს დოკუმენტების მოძიებაში და პატიმრის გარდაცვალების მიზეზის დადგენაში ეხმარება. ანდრიაძის თქმით, ბაზაზიანის ოჯახმა მისი გარდაცვალების შესახებ 5 ივლისს გვიან ღამით გაიგო. მასთან ოჯახში გლდანის ციხიდან დარეკეს და მიხეილ ბაზაზიანის მამიდას, ლელა ბაზაზიანს განუცხადეს, რომ პატიმარი გარდაიცვალა და ოჯახს იმ დღესვე შეეძლო იგი სახლში გადაესვენებინა. ანდრიაძის თქმით, ოჯახს პატიმრის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მათთან რამდენიმე პატიმარმა დარეკა და სხვადასხვა მიზეზი დაუსახელა.

„ზოგმა პატიმარმა თქვა, რომ მიშიკოს კუჭი სტკიოდა, ზოგმა თქვა - აბაზანაში გული წაუვიდაო და ა.შ. არადა აბაზანაში ის ვერ მოხვდებოდა, რადგან საკანში ჰქონდათ საპირფარეშო. ჩვენი ინფორმაციით კი მას ფილტვების ანთება ჰქონდა. ესეც ოჯახს ერთ-ერთი პატიმრის დედამ ტელეფონით გააგებინა. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მიშიკომ დაურეკა მამიდამისს და უთხრა, რომ მართლაც ფილტვების ანთება ჰქონდა. მან უთხრა მამიდას, რომ პატიმრებმა ასესხეს 100 ლარი, რათა წამლები ეყიდა და მამიდამისს ამ თანხის მის ბარათზე ჩარიცხვა სთხოვა, რათა ვალები გაესტუმრებინა. ამასთანავე, უთხრა, რომ უკვე ნამკურნალები ჰქონდა და კარგად იყო“, - ამბობს ბექა ანდრიაძე.

იგი ხაზს უსვამს კიდევ ერთ დეტალს, კერძოდ, ანდრიაძის თქმით, 5 ივლისს დაახლოებით საღამოს ექვს საათზე მიხეილ ბაზაზიანის ბიძას სახლში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა მიაკითხეს, წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და გამოკითხეს, მისთვის ვინ იყო მიხეილ ბაზაზიანი. ამ ადამიანმა პოლიციელებს უთხრა, რომ მიხეილ ბაზაზიანის ბიძა იყო და რომ მას ჰყავდა მშობლებიც, ბიძაც და მამიდაც.

ბექა ანდრიაძე ქსანში ბაზაზიანის ოაჯხის წევრების ჩასვლის შესახებაც გვიყვება. მისი თქმით, იგი მიხეილ ბაზაზიანის ოჯახის წევრებს ქსნის დაწესებულებაში ახლდა, როდესაც მათ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია გამოითხოვეს. ანდრიაძის თქმით, მათ თავიდან უთხრეს, რომ ამ ყველაფერს აკინძავდნენ და მისცემდნენ, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ საერთოდ უარი განუცხადეს ამ დოკუმენტაციის გადაცემაზე და უთხრეს, გამომძიებელს მიმართეთო.

ბექა ანდრიაძის თქმით, დაახლოებით ორი თვის წინ მიხეილ ბაზაზიანმა თავის მამიდას ციხიდან დაურეკა და უთხრა, - შეიძლება ერთი თვის შემდეგ ვეღარ დაგირეკოთო.

„დაახლოებით ორი თვის წინ მიშიკომ მამიდამისს დაურეკა და უთხრა, შეიძლება ერთ თვეში ვეღარც დაგირეკო და ვეღარც გნახოო. მამიდამ ჰკითხა, რაშია საქმე, ვინმე ხომ არ გემუქრებაო? მიშიკო კი უპასუხა არაო და ტელეფონი გათიშა“, - ამბობს ანდრიაძე.

მისი თქმით, ამ შემთვევიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგ ბაზაზიანი გარდაიცვალა, რამაც ბუნებრივია, მის ოჯახს გარკვეული ეჭვები გაუჩინა. ანდრიაძის თქმით, ოჯახს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაც სურდა და ექსპერტიც მოიწვია, რომელიც მათთან გუშინ უნდა მისულიყო და ამის გამო გარდაცვლილის გასვენებაც კი გადადეს, მაგრამ ექსპერტი არ მივიდა. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ექსპერტიზის ჩატარების გარეშე დაკრძალონ მიხეილ ბაზაზიანი.

„ექსპერტიზის ჩატარების გამო სამშაბათს, 10 ივლისს დაგეგმილი გასვენება გადაიდო, მაგრამ ექსპერტი არ მოვიდა. ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ 11 ივლისს დაასაფლავოს მიშიკო და სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხს დაელოდოს. სხვა აღარაფერს ბაზაზიანების ოჯახი ამ კუთხით აღარ გააკეთებს“, - ამბობს ბექა ანდრიაძე.