"10 ივლისს კონტროლის პალატის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" 18 პირი ჯამში 1 მილიონი ლარით დაჯარიმდა. საქმე გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ, მოსამართლე მიქაუტაძის თავმჯდომარეობით, დაადასტურა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე უსამართლოს უწოდებს, ხოლო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი კი ულოგიკოსაც - ზაზა გოქსაძე გახლდათ საქართველოს ელჩი იტალიაში 2004-2008 წლებში, ის 60 ათასი ლარით დაჯარიმდა. მან განაცხადა, რომ მისი ერთი თვის ხელფასი - 6 ათასი ევრო, იყო იმდენი, რამდენიც შესწირა "ქართულ ოცნებას", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით რატომ დააჯარიმეს იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი.
"მე დამაჯარიმეს 60 ათასი ლარით. ყველამ იცის, როგორი სასამართლოა საქართველოში. სასამართლო იყო მიკერძოებული. ხომ ვიცოდი, როგორი სასამართლოც იყო, მაგრამ კიდევ ვუშვებდი, რომ რაღაც ნასახი სამართლიანობისა მაინც შეიძლებოდა ყოფილიყო. საქართველოში საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი სამართალზე, სასამართლო ამ ქვეყანაში არის ნული და მეტი არაფერი - სასამართლოს გარდა, ყველაფერია. რასაკვირველია, ყველანაირი არგუმენტი მქონდა, ყველანაირი მტკიცებულება გვქონდა. დაცვის მხარემ ყველა მტკიცებულება წარადგინა. თურმე საქართველოს ყოფილ ელჩს, არ შემიძლია ჩემს დაფუძნებულ ორგანიზაციას 12 ათასი ლარი გადავურიცხო - იტალიაში ელჩად ამ ხელისუფლების დანიშნული ვიყავი, ჩემი სამშობლოს ინტერესებს ვემსახურებოდი იმდენი ხნის განმავლობაში და მქონდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა გოქსაძე.
"არ შეიძლებოდა, მქონოდა გადანახული 12 ათასი ლარი, რომელსაც გადავრიცხავდი იმ მოძრაობაში, რომლის დამფუძნებელიც მე ვარ? მე ფული გადავრიცხე "ქართული ოცნების" ანგარიშზე, რომლის დამფუძნებელიც ვარ და აქედან გამომდინარე ვაკეთებ ამ განცხადებას. ჩემი ყოველთვიური ანაზღაურება იტალიაში ელჩად ყოფნის პერიოდში. 2004-2008 წლებში დაახლოებით 6 000 ევროზე მეტი იყო თვეში. მეტი არც გადამირიცხავს. გადავრიცხე დაახლოებით 5 900 ევრო. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ!" - დასძენს ყოფილი ელჩი და შეკითხვას - "თუ არ გადაიხდით, ხელისუფლებამ შეიძლება თქვენი ქონება დააყადაღოს..." - პასუხობს:
"რაც უნდათ, ის გააკეთონ. ხელისუფლებას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. რას გააკეთებს ეს ხელისუფლება, არ ვიცი. ალბათ, ზემოდან იყო მითითება და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღეს".