მთავრობაში დაიწყეს მტკიცება, რომ ბათუმში დასვენება წელს, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ იაფი დაჯდება. და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შეზლონგებისა და ქოლგების დაქირავების ფასის კორექცია ყოფილა. თურმე ზღვაზე მყოფთათვის გადამწყვეტი როლი ენიჭება ამ ორ კომპონენტს და მათი ხარჯების ლომის წილიც სწორედ ხის ძელსკამებზე მოდის. რაც შეეხება კვებას, საცხოვრებელი ადგილის ქირაობას, ტრანსპორტს და გართობას, ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ სათვალავში მისაღები არ არის.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, იაფი დასვენების პროგრამის ფარგლებში შეზლონგებისა და ქოლგების ქირაობა დამსვენებელს მთელი სეზონის განმავლობაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეუძლია და მასში ერთდღიანი დაზღვევაც შედის.
ზღვისპირა ზოლზე 20-მდე სავაჭრო პუნქტი იმუშავებს, სადაც პროდუქცია საბაზრო ღირებულების შესაბამისი ფასებით გაიყიდება. ასევე იმუშავებს რამდენიმე სამედიცინო პუნქტი და დაზღვეულებს პირველად დახმარებას აღმოუჩენს. ბავშვებს კი ანიმატორთა ჯგუფი უმასპინძლებს.
შეზლონგების და ქოლგების ამბავი ბათუმელ ჩინოვნიკებს კარგად გამოუვიდათ, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ მთავარს - კვების ობიექტებს და სასტუმროებს.
შავი ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროებში, აცხადებენ, რომ დეპარტამენტი მათ საკმაოდ დიდი ფასდაკლებას სთავაზობს, რაც მათ ბიზნესისთვის არამომგებიანია. ამიტომ მათ შეთავაზებაზე უარის თქმა უწევთ. მაგალითად, სასტუმრო „სავანის“ მეპატრონის განცხადებით, მათ ტურიზმის დეპარტამენტმა ფასების 40–45%–იანი შემცირება შესთავაზა, რაც წამგებიანი წინადადებაა.
საოჯახო სასტუმრო „ქობულეთს“ აჭარის დეპარტამენტის მხრიდან წამახალისებელი წინადადება ამ დრომდე არ მიუღია, თუმცა სასტუმროში ფასის ცვლილებას გამორიცხავენ. სასტუმროს მეპატრონის განცხადებით, მომხმარებელთა ნაწილს ჯავშანი უკვე გაკეთებული აქვს და ფასს ვეღარ შეცვლიან. ამ დროისთვის კი სასტუმროს ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 40 ლარს შეადგენს.
მოკლედ, ამგვარი აბრაკადაბრის შედეგია ის, რომ ზაფხულის შუაწელზე ზღვისპირა კურორტები ცარიელია. აჭარაში ტურისტების რაოდენობა შეთხელებულია, თუმცა ამ ყველაფერს ამინდიც „ხელს უწყობს“. მიუხედავად იმისა, რომ შუა ივლისი უკვე მოახლოვდა, კურორტებზე სასურველი ტემპერატურა ვერაფრით დაიჭირა.
სინოპტიკოსები 15-16 ივლისამდე ამინდის გაუმჯობესებას არ პროგნოზირებენ. შავი ზღვის პლაჟებზე „საბანაო“ ტემპერატურა უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის.
ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამინდთან ერთად, ტურისტული აქტივობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი მომსახურების მაღალი ფასი და სასტუმროების ტარიფებია.
„ივლისის დასაწყისისთვის ასეთი პასიური ბათუმი არ მახსოვს. ნაკლები აქტიურობაა და ეს ყველგან იგრძნობა, ფეხის ყოველ გადადგმაზე. ცხადია, ერთ-ერთი მიზეზი უამინდობაა, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორიც, მათ შორის, მომსახურების მაღალი ფასი.
დასვენება სასტუმროებში ძალიან ძვირია. მართალია, კერძო სექტორში დასვენება ნაკლები ღირს, მაგრამ ეს მხოლოდ შედარებით. ფასი საცხოვრებელი ბინის მეპატრონეებმაც გააძვირეს. 15-20 ლარზე ნაკლებად ბათუმში ბინას ვეღარ იშოვით, რაც შიდა ტურისტების მხრიდან მოთხოვნაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩვენი ორგანიზაცია გარე ტურისტებზე მუშაობს, ძირითად მიმართულებად რუსეთი ავირჩიეთ, მაგრამ შედეგით ჯერჯერობით არ ვართ კმაყოფილები. მოლოდინი გაცილებით მეტი იყო“, - ამბობს „კალიფსო ტურის“ წარმომადგენელი.
მართალია, დამსვენებელთათვის საკმაოდ არახელსაყრელი პირობებია, მაგრამ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავის ჩვენებას „აწვება“. სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარებისგანყოფილების უფროსის, რუსა მამაცაშვილის ინფორმაციით, ყველა ღონისძიება იმისკენაა მიმართული, რომ დამსვენებელს უამინდობამ დისკომფორტი არ შეუქმნას და მოსაწყენად დრო არ დარჩეს.
„ამინდის ცუდი გავლენა არ გვიგრძვნია. ყველაფერი კეთდება, რომ ტურისტმა თავი კარგად იგრძნოს და არ მოდუნდეს. ამისთვის ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. თითქმის ყოველდღიურად ეწყობა სპორტული შეჯიბრებები და თეატრალური წარმოდგენები, რითაც კურორტის სტუმრების გახალისებას ვახერხებთ. ამით მოწყენის დრო არ ექნებათ და კარგადაცი მხიარულებენ.
სეზონი მაისის შუა რიცხვებში დაიწყო და ჩავარდნა არგვქონია, შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 500 000-ს აღწევს, ეს ამ დროისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია. ვფიქრობთ, საზღვაო სეზონი გაგრძელდება ოქტომბერშიც და მას გრანდიოზული ფესტივალით დავასრულებთ. ცხადია, შიგადაშიგ სხვადასხვა გასართობი და მუსიკალური ღონისძიებებიც ჩატარდება“, - აცხადებს მამაცაშვილი.