მაშინ, როცა ქვეყანაში უმუშევრობა მძვინვარებს, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ან მის მიღმა ცხოვრობს, მთავრობა ვითარების გამოსწორებასა და მოსახლეობის გულის მოგებას ახალი დაპირებებით ცდილობს. სამწუხაროდ, სურათი უკვე წლებია, უცვლელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახალმა პრემიერმა მერაბიშვილმა ვაუჩერების თამასა აწია და მოსახლეობას მომავალი წლისთვის ათას-ათას ლარს დაჰპირდა, რომელიც ოთხ წელიწადზე გადანაწილდება - წელიწადში 250 ლარი, თვეში 20,8 ლარი. ასეთი კი აქამდეც მრავლად დაურიგებიათ.
20-ლარიანი ენერგოვაუჩერები, 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერები, ვაუჩერები სოფლად მცხოვრებთათვის დიზელისა და სასუქის შესაძენად, 5-ლარიანი სამგზავრო ვაუჩერები თბილისის მოსახლეობისთვის, დასაქმების სახელმწიფო პროგრამები - მთავრობის ყველა ეს ნაბიჯი ყოველთვის ხან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ემთხვეოდა, ხან ქვეყანაში პოლიტიკური ფონის გამწვავებას და ხანაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. არჩევნები ახლაც კარს მოგვადგა და მთავრობამაც კარგად დავიწყებული ძველი - 2008 წელს პროგრამა "საქართველო სიღარიბის გარეშე" - გაიხსენა (რომლის თანახმად, სხვათა შორის, სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში 2012 წლისთვის უნდა დაძლეულიყო), ოღონდ ახალი სახელწოდებით - "უფრო მეტი სარგებელი ხალხს". ამ პროგრამით, 20 მილიარდი ლარი პენსიების დაფინანსების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სოციალური დახმარებების, სოფლის მხარდაჭერისა და განათლების დაფინანსების მიზნით დაიხარჯება. 4 მილიარდზე მეტს თურმე უცხოური ინვესტიციის სახით მოიზიდავენ, რაც 80 ათას ადგილს შექმნის. 7 მილიონამდე უნდა გაიზარდოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა, რამაც დამატებით 140 ათასი სამუშაო ადგილი უნდა მოიტანოს. დაიგება 5 ათასი კილომეტრი გზა, რაც კიდევ 40 ათას ადამიანს დაასაქმებს. აქვე ვიტყვი, რომ გილაურის მიერ თავის დროზე წარდგენილი პროგრამით, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო. მაგრამ ვინღა მოსთხოვს პასუხს - პროგრამის ვადის ამოწურვამდე და შედეგების დათვლამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს...
მოკლედ, რაც ვერ შეძლო გილაურმა, ახლა მერაბიშვილს დაევალა. ახალი პრემიერ-მინისტრისგან სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევის ახალ ხედვას ველოდი, მაგრამ მანაც თანაგუნდელების მიერ მრავალჯერ ნათქვამის უფრო "ძვირი" ვარიაცია შემოგვთავაზა - 1000-ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს, ტრაქტორი ყველა სოფელს, დაზღვევა ყველას... მართალია, არც მე ვარ ეკონომისტი და არც ბატონი ვანოა ბიზნესის მაგისტრი (პროფესიით ტოპოგრაფი ყოფილა), მაგრამ ის ვიცი, რომ დასაქმებას, სამინისტრო კი არა, მოქმედება სჭირდება. ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში ბიზნესი ქმნის, ბიზნესს - თავისუფალი ბაზარი და კონკურენტული გარემო, ამ უკანასკნელს კი - მთავრობა. მაგრამ ამ მარტივ ლოგიკას ხელისუფალნი რატომღაც ჯიუტად არ იზიარებენ. ამ სიჯიუტეში კი მთავრობას ისე შეუჩნდა სოციალისტური მახრა, ვშიშობ, მალე ისინი ლეიბორისტების მსგავს მემარცხენე პოზიციაზე არ აღმოჩნდნენ.
სოსო არჩვაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "მოსახლეობა შემოსავლების დიდ ნაწილს საკუთარი შრომით უნდა იღებდეს და მთავრობის კეთილ ნებაზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებული. სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა ნიშნავს: ერთი ნაბიჯი წინ და ორი - უკან, სოციალიზმისკენ. სოციალური პროგრამების გაზრდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში არ ჯდება. მოსახლეობას შემოსავლის საკუთარი შრომით მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და შემდეგ თვითონ გადაწყვეტს, რისთვის დაიხარჯოს ფული. თუ სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდა გაგრძელდება, ქვეყანაში სოციალიზმის ნიშნები გაჩნდება".
დემურ გიორხელიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "უმუშევრობის დაძლევის ყველაზე ეფექტური გზა არის ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის ნიჭისა და უნარის გამოყენებისთვის თავისუფალი გარემოს შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ სტანდარტს ვერავინ ვერასდროს გვერდს ვერ აუვლის. პრემიერს თავის პროგრამაში არაფერი უთქვამს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, არ უთქვამს, ქართული ეკონომიკა როგორ განვითარდება. ამდენად, შემოთავაზებული ციფრები ციფრებადვე რჩება. ახალმა პრემიერ-მინისტრმა იცის, რომ დრო ძალიან ცოტა აქვს, ეს ინიციატივებიც გამოწვეულია ძლიერი პოლიტიკური ოპონენტის გაჩენით და მისი ლიდერის, ივანიშვილის ზუსტი და სწორად განსაზღვრული ამოცანების, მათი დაფინანსების შესაძლო მოცულობების გახმიანებით. ასე რომ, მთავრობის პროგრამა და დაპირებები იძულებითი ნაბიჯია.
ახლა რომ 2004 წელი იყოს და ხელისუფლება ლაპარაკობდეს დასაქმების პრობლემებზე, ჯანდაცვაზე და ა.შ., სავსებით გასაგები იქნებოდა, მაგრამ უკვე ცხრა წელიწადია გასული. მთავარი, რაც არავინ შენიშნა მერაბიშვილის გამოსვლაში, ვფიქრობ ის იყო, რომ პრემიერ-მინისტრმა, ფაქტობრივად, უარყო ის უაზრო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში მცდარი იდეოლოგიით, მეთოდებით, ყალბი ფრაზეოლოგიით წარიმართებოდა და რისი შედეგიც სახეზეა. ეს არის გაღარიბებული ქვეყანა კატასტროფული უმუშევრობით, შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობით. იმ პოლიტიკაზე უარის თქმა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საარჩევნო ვითარებიდან გამომდინარე, ასეთი ტემპით ვალდებულებების აღება, რომლის დაფარვის წყაროები ჯერჯერობით არ ჩანს?!
შესაძლოა ეს წყაროები არსებობს და ვიცი, რომ არსებობს, მაგრამ რა გზით შეიძლება დასაქმება, ბიუჯეტის გაზრდა - ეკონომიკისა და ხალხის ეკონომიკური აქტივობის ზრდით თუ ისევ უხეში ადმინისტრირებით? სანამ ამაზე პასუხი არ გვექნება და რეალურ ნაბიჯებს არ დავინახავთ, ყველაფერი რჩება დეკლარაციად, ისიც პოლიტიკურად მოტივირებულად. ფაქტობრივად, ხელისუფლება თამაშგარე რჩებოდა, როცა პოლიტიკურმა ოპონენტმა შესთავაზა სრულიად სხვა მიდგომები, სხვა პასუხისმგებლობა და ეს კონტრნაბიჯებია და მეტი არაფერი.
- დაფინანსების წყაროები ახსენეთ. დაახლოებით ოთხ წელიწადში დაახლოებით მილიარდზეა ლაპარაკი და საიდან მიიღებს ბიუჯეტი ამ თანხას?
- საქართველოს ეკონომიკას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ რა მეთოდებითაც ხელისუფლება ხელმძღვანელობს, ბიუჯეტში მეტი ფული არ შედის. რა თქმა უნდა, მეტი თანხის მობილიზებას ხელისუფლება ვერ შეძლებს, თუ თავის მიერვე ხელდასმულ, გათავხედებულ მონოპოლისტურ ჯგუფებს, რომლებიც თანხას პარავენ საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას ძარცვავენ, კეთილსინდისიერად მოქმედებას არ აიძულებს. მხოლოდ მონოპოლიური ჯგუფები $1,5-2 მილიარდამდე ზემოგებას იღებენ ყოველწლიურად და ეს შესანიშნავად იცის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ამის შესახებ ის ყველაზე მეტად არის ინფორმირებული. მხოლოდ ფარმაცევტული სექტორის ყოველწლიური ზემოგება $800 მილიონამდეა, ნავთობპროდუქტების სექტორში $250-300 მილიონამდე ზემოგება იქნება, ენერგეტიკაში $100 მილიონამდე ზედმეტი თანხა ამოდის... ეს წინასაარჩევნო ფანდია თუ რეალური განწყობა, შეიცვალოს აბსურდული ეკონომიკა - კონკრეტული ქმედებების შემდეგ დავინახავთ".
პაატა შეშელიძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "არჩევნები მოდის და, რა თქმა უნდა, სოციალურ თემებზე აქცენტირებას შეეცდებიან. ასეთი დაპირებები ძალიან პოპულარულია პოლიტიკოსებს შორის. თუ დააკვირდებით, ოპონენტთა დაპირებაც თითქმის მსგავსია, მაგრამ ამას ეკონომიკური ეფექტი არ ექნება. თანხა დარიგდება, ადამიანები რაღაცას შეიძენენ, მაგრამ ეს ადრინდელზე ძვირი დაუჯდებათ. შესაძლებელია, სოფლად გზის მშენებლობაზე ხალხი დაასაქმო, მაგრამ სოფელში თუ არავინ იცხოვრებს, გზა ვის დასჭირდება?.. ჩემთვის ბუნდოვანია კავშირი ამ თანხების ხარჯვასა და დაპირებულ შედეგებს შორის. ახალი სამინისტროს შექმნა კურიოზულია. ამბობენ, რომ არ არის სტრუქტურა, რომელიც გაუწევს კოორდინირებას, თუ სად არის საჭირო დასაქმება, სად უფრო მაღალი უმუშევრობაა და სხვ. ფაქტობრივად, გამოდის რომ წლების განმავლობაში ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა დასაქმებასა თუ უმუშევრობასთან დაკავშირებით გვაწვდიდა, ფარსი იყო.
გამიკვირდა და იმედი მქონდა, რომ ვანო მერაბიშვილი სხვა რაღაცებზე გააკეთებდა აქცენტებს, რადგან ესმის სისტემის მნიშვნელობა, ჩემი მეგობარი იყო და ამ თემებზე თავის დროზე ბევრი გვისაუბრია. მისგან სხვა ტექსტსა და დამოკიდებულებას ველოდი. სამუშაო ადგილი საბიუჯეტო სექტორში - ეს არ არის რეალური სამუშაო ადგილი და ის ღირებულებას არ ქმნის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა სამუშაო ადგილების, არამედ ღირებულების შექმნაზე..."
ახალი დაპირებები მთავრობისგან
- ოთხი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ჯანმრთელობის დაცვისთვის, ვაუჩერებისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაახლოებით 13,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
- ჯანდაცვის მიზნებისთვის ბიუჯეტიდან ოთხ წელიწადში 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა, სოფლის მეურნეობას 4 მილიარდი ლარი მოხმარდება, ხოლო 2013 წლიდან პენსია $100 (165 ლარი) იქნება. ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაახლოებით გაისად 1,367 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, ოთხ წელიწადში კი 5,471 მილიარდი ლარი.
- საქართველოში დაახლოებით 1,1 მილიონი ოჯახია, ანუ 1,1 მილიარდი ლარი ვაუჩერებისთვის დაიხარჯება (წელიწადში 1 ადამიანისთვის საშუალოდ 250 ლარი). ისინი თავად გადაწყვეტენ, როგორ გამოიყენონ ეს თანხა.