მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული ჰოსპიტალური სექტორის რეფორმა, ე.წ. “ასი საავადმყოფოს” პროექტი, ჩავარდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ ამ სფეროში ახალი რეფორმა შემოგვთავაზა, რომლის თანახმადაც 2013 წლის ბოლომდე მთელს საქართველოში 151 საავამდყოფოს ამოქმედება იგეგმება. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 87 უკვე ფუნქციონირებს. ყველას კარგად გვახსოვს უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში როგორ ინტენსიურად დადიოდა სააკაშვილი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და საავამდყოფოებს ხსნიდა. ამ პროცესს თან სდევდა უამრავი სკანდალი, მათ შორის შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთ ახლადგახსნილი კლინიკის პალატაში სააკაშვილს ტანსაცმლიანი პაციენტი დაახვედრეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონებში კლინიკების აშენებას ხელისუფლება სადაზღვევო კომპანიებს ავალდებულებს, რაც უკმაყოფილებას იწვევს, როგორც ექიმებში, ასევე პაციენტებში და რაც ასევე მნიშვნელოვანია – თავად სადაზღვევო კომპანიებში, რადგან მათ ამ კლინიკების აშენება ძალიან ძვირი უჯდებათ, რაც მათთვის წამგებიანია. შედეგად კი ძვირდება სამედიცინო მომსახურება, ახალ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს კი ხელფასები უმცირდება.
ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ჰოსპიტალურ სექტორში მიმდინარე პროცესების კვლევა ჩაატარა და შესაბამისი დასკვნა დადო, რომლის თანახმად, საქართველოში არსებული საავადმყოფოების თითქმის 40%-ს სადაზღვევო კომპანიები ფლობენ, 30%-ს – ფიზიკური პირები, ხოლო 20%-ს –სხვადასხვა ტიპის კომპანიები. აქვე აღნიშნულია, რომ ხშირ შემთხვევაში საავადმყოფოს რეალური მფლობელი უცნობია. ზოგჯერ, საავადმყოფოს მფლობელი ფიზიკური პირის არც ვინაობაა ცნობილი და არც რაიმე სხვა ინფორმაცია, ამასთანავე შეუძლებელია ინფორმაციის მოპოვება საავადმყოფოების მფლობელი ზოგი კომპანიის წარსული საქმიანობის ან მათი მეპატრონეების შესახებ. ამიტომ ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ინფორმაციის ასეთი ნაკლებობა ეჭვს აჩენს ამ მფლობელების მონაწილეობის, გამოცდილების და მათ საკუთრებაში არსებულ საავადმყოფოებთან დაკავშირებული გრძელვადიანი გეგმების შესახებ.
ანგარიშის თანახმად, რეგიონების უმეტესობაში ახალი საავადმყოფოების მშენებელი და ოპერატორი, ასევე სოციალური დაზღვევის ექსკლუზიური მიმწოდებელი ერთი და იგივე კომპანიაა, ჰოსპიტალურ სექტორში სადაზღვევო კომპანიების ვერტიკალური ინტეგრაცია ინტერესთა კონფლიქტის წყაროა, ეს კი გავლენას ახდენს სოციალური დაზღვევის მფლობელზე, რადგან შეიცავს საფრთხეს, რომ პაციენტს მკურნალობას მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო მოსაზრებებზე დაყრდნობით არ სთავაზობენ.
“როგორც ჩანს, საავადმყოფოების მშენებლობა და ოპერირება სადაზღვევო კომპანიებს თავს მოახვიეს იმის მიუხედავად, რომ მათთვის ეს მომგებიანი ბიზნესი არ არის. მის საკომპენსაციოდ გაუქმდა სოციალური დაზღვევის ძველი ვაუჩერული სისტემა და სადაზღვევო კომპანიებს უფლება მიეცათ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მონოპოლისტი პროვაიდერები გამხდარიყვნენ. ამით კი პაციენტებმა შესაძლებლობა დაკარგეს, სოციალური დაზღვევის პროვაიდერი ან საავამდყოფო თავად აირჩიონ”, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ქართული ჰოსპიტალური სექტორი სადაზღვევო კომპანიებზე შემდეგნაირად არის გადანაწილებული – 37.5% კომპანია “ალდაგი ბი-სი-აი”-ს ეკუთვნის, 25% - ვენის სადაზღვევო ჯგუფს (“ჯი-პი-აი” და “ირაო”), 17.2% კომპანია “ალფას”, 10.7% “აი-სი ჯგუფს” და დანარჩენი 9.4% სხვა წვრილ სადაზღვევო კომპანიებზე ნაწილდება.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ში აცხადებენ, რომ ზოგ შემთხვევაში საავადმყოფოს მფლობელი კომპანიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვება შეუძლებელია, რაც საავადმყოფოების მართვაში მათ გამოცდილებაზე კითხვებს აჩენს, ხოლო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და სტრატეგიაზე ეჭვებს ბადებს. მაგალითად მოყვანილია კომპანია “IHOPE”, რომელიც საქართველოში 9 საავადმყოფოს მფლობელია. კომპანიის აქციათა 78% კომპანია “T-Service”-ს ეკუთვნის, რომლის მფლობელი ჯერ ალექსანდრე ბერგერი იყო, შემდეგ კი – ელენა ლევინა, მაგრამ არც ერთ ამ პიროვნებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
“მართალია, ბოლოს მივაგენით ვებ-გვერდს, რომლის თანახმადაც ალექსანდრე ბერგერი ადვოკატია, მაგრამ იმ შტატში, რომელშიც ვებ-გვერდის ინფორმაციით ბერგერი მუშაობს, ის ადვოკატად რეგისტრირებული არ არის მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკოსი ადვოკატების რეგისტრაცია იქ სავალდებულოა. აბსოლუტურად გაუგებარია, რას წარმოადგენს კომპანია “IHOPE” და არანაკლებ გაუგებარია, რას საქმიანობს კომპანია “T-Service”. არ არის გამორიცხული, ისინი ქართული ფირმების ფასადური კომპანიებია, თუმცა რაიმეს დანამდვილებით მტკიცება, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, შეუძლებელია”, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, არსებობენ სხვა კომპანიებიც, რომელთა შესახებ არაფერია ცნობილი. აქვე საუბარია, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჰოსპიტალური სექტორის მონოპოლიზებაზე.
ანგარიშში მოყვანილია “Healty World”-ის პროექტის დირექტორის ზურაბ ფუტკარაძის მიერ არსებული ვითარების შეფასება. მისი თქმით, - “ხელისუფლებამ არსებული კანონები დაარღვია, უფრო სწორად დაარღვია ჯანდაცვის უფლება, რომელიც მოქალაქეს თავისუფლებას ანიჭებს, ავადმყოფობის შემთხვევაში თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება. ჩვენ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ერთ სადაზღვევო კომპანიას მონოპოლიური მდგომარეობა მისცა იმით, რომ ნება დართო თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მთლიანად მოეცვა. ამრიგად, ვიღებთ ერთ დომინანტ სადაზღვევო კომპანიას, რომელიც მთელ რეგიონს ფარავს. eს ამცირებს მოსახლეობის შანსს, კონკურენტი კომპანიების უფრო ხელსაყრელი შემოთავაზებებით ისარგებლოს. ეს ძირითადად გაკეთდა ამ სადაზღვევო კომპანიების სტიმულირებისათვის, საავადმყოფოების პრივატიზების ტენდერებში მიეღოთ მონაწილეობა, რომლებიც უმეტეს შემთხვევებში, მათთვის მომგებიანი არ არის, ვინაიდან ე.წ. საავადმყოფოს ლოტები ერთ პაკეტად იმ ვალდებულებასთან ერთად იყიდება, რომელიც დაშორებულ რაიონებში სამედიცინო მომსახურების დაწესებულების მშენებლობას ან გარემონტებას ითვალისწინებს”.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექიმები ხშირად შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სადაზღვევო კომპანია ეცდება, ფული იმ პაციენტზე დაზოგოს, ვისი სოციალური მზღვეველიცაა, თუ ეს პაციენტი სადაზღვევო კომპანიის კუთვნილ საავადმყოფოში მოხვდა. ამრიგად, ინტერესთა კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როდესაც ერთი და იგივე კომპანია მთელი რეგიონის ყველა საავადმყოფოს მფლობელია. სოციალური დაზღვევის პროვაიდერები შეეცდებიან, თავიანთ საავადმყოფოში მოხვედრილ პაციენტებს ყველაზე იაფი მკურნალობა დაუნიშნონ, ანდა ყველაზე ნაკლები დანახარჯებით დაუსვან დიაგნოზი, რათა მოგება არ შეუმცირდეთ.
“სადაზღვევო კომპანიები საავადმყოფოებს სოციალური დაზღვევის პროგრამების გარეშე ვერ შეინახავენ. ფული რომ დაზოგონ, სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ, ექიმთან ვიზიტები შეამცირონ. საავადმყოფოებს ძალიან გაუჭირდებათ, მომგებიანები გახდნენ, რაც მომსახურების ხარისხსა და მოცულობაზე იმოქმედებს”, - აცხადებს “Welfare Foundation”-ის აღმასრულებელი დირექტორი, სიმონ გაბრიჩიძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს ანგარიშში კონკრეტული მაგალითია მოყვანილი – ერთ-ერთ ჭიათურელ ქალბატონს, რომელსაც თიაქარი ჰქონდა საოპერაციო, ჭიათურაში ექიმმა, გაურკვეველი მიზეზით, უარი უთხრა საავადმყოფოში მიმართვის ფორმის მიცემაზე. ის ჭიათურელი ექიმი, ამავდროულად, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელია ჭიათურაში, რაც მისი, როგორც ექიმის, გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ აყენებს. ამ მეორე სტატუსის გამო, ეს ექიმი სხვა ინტერესების დამცველიც არის. მეტიც, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლისა და ექიმის გარდა, იგი საავადმყოფოს მმართველის მოადგილეც არის. ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც ამ ჭიათურელმა ქალბატონმა თბილისის საავადმყოფოს მიმართა და მომსახურების ფული თვითონ გადაიხადა, გაირკვა, რომ მას მკურნალობა ნამდვილად სჭირდებოდა. ეს კი გამონაკლისის შემთხვევა არ არის.
დოკუმენტში ასევე მომსახურების ფასებზეც არის საუბარი. კერძოდ, ნათქვამია, რომ ახალ საავადმყოფოებში ფასები არა მხოლოდ იზრდება, არამედ მომსახურების ფასები დამოკიდებულია იმაზეც, პაციენტი დაზღვეულია თუ არა და ვის მიერ არის დაზღვეული. რეგიონებისა და თბილისის სხვადასხვა კომპანიებში მომუშავე ექიმები ამბობენ, რომ ერთსა და იმავე მომსაზურებაზე სამი სხვადასხვა ტარიფია დაწესებული. mომსახურების ტარიფი მნიშვნელოვნად ნაკლებია, თუ სადაზღვევო კომპანია, რომელიც საავადმყოფოს მფლობელია, თავად ფარავს ამ მომსახურების ხარჯს. ეს ლოგიკურად გამომდინარეობს ისეთი ვითარებიდან, როდესაც კომპანია ზოგავს იმ ფულს, რომელიც მისივე დაზღვეულისთვის გაწეულ მომსახურებაში უნდა გადაიხადოს. განსხვავებული ტარიფები მოქმედებს სხვა კომპანიების მიერ დაზღვეული ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ფასის სიდიდე სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოს შორის გარიგებასა და იმ ადამიანთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელთაც ის სადაზღვევო კომპანია ამ საავადმყოფოში გამოაგზავნის. მესამე ტიპის ტარიფი ყველაზე მომგებიანია და იმ ადამიანებისთვის მოქმედებს, რომლებიც სოციალური ან კერძო სადაზღვევო სქემით არ სარგებლობენ. ადამიანთა ამ კატეგორიაში ხშირად ისეთებიც არიან, ვისაც კერძო დაზღვევა არა აქვს და არც სოციალური დაზღვევა ეკუთვნის, ვინაიდან სიღარიბის ზღვარს ზემოთ ცხოვრობს. ამ ჯგუფისთვის გაწეული მომსახურების ფასები სოციალური დაზღვევის ბენეფიციართა ფასებს სამჯერ აღემატება.
საყურადღებოა, ინვესტორებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები. კერძოდ, სატენდერო კონტრაქტები, საავადმყოფოების ახალ მფლობელებს ავალდებულებს, საავადმყოფოს პროფილი 7 წლით შინარჩუნონ. ამის შემდეგ ინვესტორს შეუძლია ეს ქონება სირვილისამებრ გამოიყენოს.
“ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ვარაუდით, საავადმყოფოები 7 წლის შემდეგაც გააგრძელებენ მომსახუერბის ფართო სპექტრის შეთავაზებას, ვინაიდან სამედიცინო მომსაზურებაზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება და შესაბამისად, მფლობელებისათვის საავადმყოფოების შენარჩუნება მომგებიანი იქნება. ამ ვარაუდს ზოგი ეჭვის თვალით უყურებს. ეს პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკეს ორგანიზაციებმა “Oxfam” და “Case”, აგრეთვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. მსოფლიო ბანკის ყოფილი თანამშრომლის შეფასებით, უცხოეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ 200-ზე ნაკლებსაწოლიანი საავადმყოფო იშვიათად არის მომგებიანი. მშენებარე საავადმყოფოების 34% კი 5-25 საწოლზეა გათვლილი და შესაბამისად, მინიმალური შესაძლებლობა და მომსახურების შეზღუდული სპექტრი აქვთ”, - აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ში.
კვლევის შედეგებში მედ-პერსონალის ანაზღაურებაზეც არის ყურადღება გამახვილებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ექიმების მდგომარეობა არასახარბიელოა. ხშირად მათი ხელფასი დასაშვებზე დაბალია, ხოლო მათი უფლებები დაცული არ არის. რეგიონებში ქირურგის თვიური ხელფასი 150-დან 300 ლარამდე მერყეობს. თბილისში ხელფასი შეიძლება გაცილებით მაღალი იყოს, მაგრამ ქირურგთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის. დოკუმენტში მოყვანილია ერთ-ერთი ექიმის ნათქვამი, რომ საავადმყოფო ერთ ოპერაციაში საშუალოდ 1700 ლარს იღებს, ექიმის ხელფასი კი მხოლოდ 160 ლარია.
“ვესაუბრეთ რეგიონული საავადმყოფოს მთავარ ქირურგს, რომელსაც საავადმყოფოს ახალმა ხელმძღვანელობამ კონტრაქტი არ გაუფორმა, მაგრამ სთხოვა, არ წასულიყო და მუშაობა გაეგრძელებინა. ამის გამო მას ფიქსირებული ხელფასი არ აქვს და მისი განთავისუფლება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. რამდენიმე ჩვენმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ წინა წლებში საავადმყოფოებში კორუფციის მიზეზი ხშირად ექიმების დაბალი ხელფასი იყო. ექიმებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისეთ ქვეყნებში წასვლაზე ფიქრობენ, სადაც ექიმის პროფესია უფრო დაფასებულია”, - აღნიშნულია ანგარიშში.
დაბოლოს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ხელისუფლებას შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.