ეკონომიკის სამინისტრო: ჩემო „ციცინათელა...“

ეკონომიკის სამინისტრო: ჩემო „ციცინათელა...“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შპს „მენეჯმენტ სერვისს“ გასართობ კომპლექს „ციცინათელას“ მართვის უფლება ჩამოართვა. ამასთანავე, „ციცინათელას“ დირექტორად გურიის გუბერნატორის მოადგილე ლაშა შაფაქიძე დაინიშნა.

გასართობი კომპლექსის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მენეჯმენტ სერვისს“ შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ იკისრა ვალდებულება, მისთვის სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს „სერვისი 7“-ში (კომპლექსი „ციცინათელა“) განეხორციელებინა 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოების ეფექტური მართვისთვის.

შეგახსენებთ, რომ გასართობი კომპლექსი „ციცინათელა“ მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია და 2011 წლიდან იგი შპს „მენეჯმენტ სერვისს“ 49 წლით მართვაში აქვს გადაცემული. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2012 წლის 12 ივნისს უწყებას ,,მენეჯმენტ სერვისის“ დირექტორმა წერილობით მიმართა და აცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საუბარია „ციცინათელაში“ 1 000 000 ლარის ინვესტიციაზე.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადების თანახმად, კომპლექს ციცინათელას ,,მენეჯმენტ სერვისის“ მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენიმეჯერ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად განხორციელების შედეგია და რამაც სამინისტრო დაარწმუნა, რომ კომპანია გასართობ ცენტრს არაეფექტურად მართავდა.

„ვინაიდან საწარმოს მესაკუთრეს (აღნიშნულ შემთხვევაში - სახელმწიფოს) კანონმდებლობისა და კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ მეორე მხარე ვერ განახორციელებს საწარმოს იმგვარად მართვას, რომ მას არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი, სამინისტრომ გადაწყვიტა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა. ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპლექსის, „ციცინათელას“ გამართულად ფუნქციონირების მიზნით დაინიშნა ახალი დირექტორი“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

თავად „მენეჯმენტ სერვისის“ დირექტორი, ბესიკ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიას მართლაც ჰქონდა ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის „ციცინათელაში“ ჩადების ვალდებულება აღებული, მაგრამ ამის განსახორციელებლად მას კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. დემეტრაშვილი იმასაც ადასტურებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მართლაც მისწერა წერილი, სადაც ამბობს, რომ „მენეჯმენტ სერვისი“ ამ ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

„ჩვენ მართლაც ვაპირებდით ამ ინვესტიციის განხორციელებას, დაგეგმილი გვქონდა რამდენიმე ახალი ატრაქციონის დამატება, რათა პარკი ჩვენი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო. ინვესტიციის განხორციელების ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ერთი წელი იყო დარჩენილი და ამ ვადაში დაგეგმილი იყო ამ ვალდებულების შესრულება. უბრალოდ, გამოვთქვით ეჭვი, რომ ბოლო პერიოდში „მენეჯმენტ სერვისის“ გარშემო მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თუ კომპანიის დაყადაღება მოხდა, შესაძლოა ამ ვალდებულების შესრულებას საფრთხე შეექმნას. თუმცა, სამინისტროსათვის მიწერილ წერილში მკაფიოდ აღინიშნა, რომ ჩვენ ამ ვალდებულების შესრულებას ვგეგმავთ და შესაბამისი რესურსების მოძიებასაც ვაწარმოებთ“, - აცხადებს ბესიკ დემეტრაშვილი.

აქვე იგი აღნიშნავს, რომ „მენეჯმენტ სერვისმა“ პარკის მენეჯმენტი თავის თავზე იმიტომ აიღო, რომ იქ ატრაქციონებით სარგებლობის ღირებულება მაღალი იყო, ხოლო კომპანიას სურდა, „ციცინათელა“ ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დემეტრაშვილის თქმით, ეს არ იყო მომგებიანი პროექტი და ქველმოქმედებაზე იყო ორიენტირებული.

„ყველაფრის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებას გავურბივართ, უბრალოდ სასაცილოა, რადგან ჩვენი სურვილი იყო, რომ „ციცინათელა“ თითოეული რიგითი მოქალაქისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი და ამისთვის ჩვენს კუთვნილ თანხებს ვხარჯავდით. ანალოგიური სიტუაციაა ბათუმის დელფინარიუმთან დაკავშირებითაც, რომელსაც ასევე ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ვურიცხავთ. ორივე ეს პროექტი არამომგებიანია, ორივე შემთხვევაში დოტაციებს ვახორციელებდით, რაც ჩვენი სურვილი და ჩვენი ნება, ჩვენი ქვეყნისთვის გაკეთებული პატარა სასიკეთო საქმე იყო“, - აღნიშნავს დემეტრაშვილი.

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ციცინათელას“ საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა და მის გადასავადებლად შემოსავლების სამსახურს მიმართა თხოვნით, ბესიკ დემეტრაშვილი ამბობს, რომ ამგვარი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან მას ასეთი თხოვნით არავისთვის მიუმართავს. მისი თქმით, „მენეჯმენტ სერვისი“ მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით ახორციელებდა პარკის მართვას, მაგალითად, თუ საჭირო იყო ატრაქციონების დამატება, ან შეკეთება და ა.შ. ხოლო პარკის უშუალო მენეჯმენტს თავად „ციცინათელას“ ხელმძღვანელობა ასრულებდა.

„ჩვენი სურვილი იყო, „ციცინათელათი“ სარგებლობა ყველას შეძლებოდა და ჩვენ ამიტომ ვიკისრეთ მისი მართვა. მოგეხსენებათ, პარკი სახელმწიფოს საკუთრებაშია და თუკი ვიღაცას არ სურს, რომ ჩვენ ეს გავაკეთოთ, კი ბატონო, ჩვენ გავჩერდებით და დავაკვირდებით, როგორ გააგრძელებს პარკი ფუნქციონირებას“, - ამბობს ბესიკ დემეტრაშვილი.

შეგახსენებთ, გასართობი ცენტრი „ციცინათელა“ ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. 2011 წელს კი სახელმწიფომ პარკი შპს „მენეჯმენტ სერვისს“ მართვაში 49 წლით გადასცა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მასთან დაკავშირებული კომპანიები ხელისუფლების მიერ დევნის ობიექტებად იქცნენ. ერთ-ერთი მათგანი „მენეჯმენტ სერვისია“, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შპს „ბურჯთან“ ერთად სასამართლომ ორნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმა და ქონება და ანგარიშები დაუყადაღა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის ეს პირველი ჯარიმა არ არის. 14 მაისის კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის დადგენილებით, შპს „მენეჯმენტს სერვისს“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სამი პოლიტიკური სუბიექტისთვის უანონო შემოწირულობის განხორციელება დაედო ბრალად, რის გამოც კონტროლის პალატამ “მენეჯმენტ სერვისი” 4 776 000 ლარით დააჯარიმა. მოგვიანებით კი ეს ჯარიმა განახევრდა.