ღირსების ორდენის ხსენებაზე, რუსთაველი დირექტორები უკანა კარიდან იპარებიან

ღირსების ორდენის ხსენებაზე, რუსთაველი დირექტორები უკანა კარიდან იპარებიან

როგორც წესი, ღირსების ორდენის მიღება ადამიანს იმდენად უხარია, რომ ყველას უყვება ამის შესახებ - აგებინებს ახლობლებს, მეზობლებს და, წესით, წინააღმდეგი არ უნდა იყოს, თუ ჟურნალისტებიც დაწერენ ამის თაობაზე.

თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად ხდება, როდესაც საუბარი რამდენიმე დღის წინ რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებისთვის გადაცემულ ღირსების ორდენებს და 600 ლარამდე ფულად ჯილდოებს ეხება. მიუხედავად, იმისა რომ ღირსების ორდენი თავისი არსით ცუდს არაფერს ნიშნავს, რუსთავის სკოლების დირექტრების უმრავლესობას ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ერთადერთი დირექტორი, რომელმაც თამამად დაგვიდასტურა მსგავსი ფაქტი, რუსთავის 21-ე სკოლის ხელმძღვანელია. ნინო გავაშელი გვხსნის, რომ ღირსების ორდენი სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მიიღო. მისი თქმით, აღსაზრდელებმა კარგი შედეგები აჩვენეს გამოცდებზეც. ასევე, სკოლას არ ჰყავს საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლე.

„ღირესების ორდენები განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით გადმოგვცა გუბერნატორმა. რაც შეეხება თანხას, ვერაფერს გეტყვით, ჯერ პლასტიკური ბარათი არ შემიმოწმებია. ეს არ არის პირველი ჯილდო, რომელიც მივიღე. წინა წლებში, სხვა ხელისუფლების დროსაც დამაჯილდოვეს. მაშინ სასწავლო ნაწილი გახლდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუსფლებას არასოდეს ავიწყდება წარმატებულის სკოლების წახალისება და დაჯილდოება“ - ამბობს 21-ე სკოლის დირექტორი, ნინო გავაშელი.

მისი თქმით, ღირსების ორდენების გადაცემას მოახლოებულ არჩევნებთან კავშირი არ აქვს. „მსგავსი რამ მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ხდება. სკოლა არ არის პოლიტიკური თემების ასპარეზის ადგილი. გარწმუნებთ, რომ ჩემს სკოლაში არავინ ეწევა რომელიმე პარტიის სასარგებლო პროპაგანდას. თავად მე ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ვარ, მაგრამ მხოლოდ 18 საათის შემდეგ ვასრულებ კოორდინატორის მოვალეობებს. სკოლისთვის განკუთვნილ დროს დილის 8-დან 18 საათამდე საათამდე, მხოლოდ, დირექტორის მოვალეობებით ვარ დაკავებული. რაც შეეხენა კორდინატორობას, არ ვმალავ და ამაში სასირიცხვილი არაფერია, ბევრისგან განსხვავებით ერთი პარტიიდან მეორეში არ მირბენია“ - გვითხრა გავაშელმა და გაგვიმხილა, რომ კოორდინატორის თანამდებობა ზოგჯერ უბან-უბან სიარულსაც მოითხოვს, თუმცა ამას 18 საათის შემდეგ აკეთებს.

21-ე სკოლის ძალიან გულწრფელი დირექტრისგან განსხვავებით, ჟურნალისტებს არ იღებენ ქალაქის მე-13 სკოლაში. რუსთავის მე-13 საჯარო სკოლაში ღირსების ორდენის ხსენაც არ უნდათ. „დირექტორი აქ არის, გადავცემ რა თემაზეც ხართ“ - გვიხსნის სკოლის მისაღებში მჯდომი ქალბატონი, ცოტა ხანში კი უკან ბრუნდება და ამბობს, რომ დირექტორი უკანა კარიდან გასულა.

ღირსების ორდენის გარეშე დარჩა რუსთავის მე-20 სკოლა. დირექტორი, ნელი ღოლიჯაშვილი ამბობს, რომ ორდენი ვერ მიიღო, მაგრამ ნაწყენი არავიზე არ არის.

„მე არ ჩავძიებივარ ამ თემას. არ მომცეს და, არა უშავს“ - საუბრობს ღოლიჯაშვილი. პირად საუბარში კი აღნიშნავს, რომ მისი ინფორამციით რუსთავის 26 საჯარო სკოლიდან ღირსების ორდენი 17 სკოლის დირექტორმა მიიღო.