15 წლის ნიკი ბრონერის “არარეალური” ბიზნესი

15 წლის ნიკი ბრონერის “არარეალური” ბიზნესი

ამერიკელ თინეიჯერს, ნიკი ბრონერს ძალიან უყვარს კანფეტები. მისი მშობლები გამუდმებით ეჩხუბებოდნენ, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის ჭამით ჯანმრთელობა შეერყეოდა. ჰოდა, 15 წლის ბიჭს აზრად მოუვიდა რევოლუციური იდეა – შეექმნა კანფეტები მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ინგრედიენტებისაგან. ახალ ბრენდს მან Unreal უწოდა, ხოლო სარეკლამო სლოგანად ამგვარი ფრაზა აირჩია: “არავითარი ქიმია! ყველაფერი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო!”

ალბათ ბევრი იფიქრებს, რომ ნულიდან ახალი ბრენდის შექმნა სფეროში, სადაც 31 მილიარდი დოლარის მოცულობის ბაზარი დიდი ხანია დაიპყრეს ისეთმა საკულტო ბრენდებმა, როგორებიცაა M&M's ან Snickers, განწირული მცდელობაა. მაგრამ ამ მოსაზრებამ ნიკი ვერ შეაჩერა. მით უმეტეს, რომ მისი მამიკო საკმაოდ შეძლებული ბიზნესმენია, რომელიც მზადაა შვილიკოს საქმის წამოსაწყებად გვარიანი თანხა გამოუყოს.

15 წლის ბიჭი ახლა ქმნის კომპანია Unreal Brands-ს, რომელიც ე.წ. გაწმენდილ სნეკებს, ანუ, ნატურალური ინგრედიენტებისაგან შემდგარ პროდუქტს გამოუშვებს. “ძალიან მიყვარს ტკბილეული”, ალალად აღნიშნა წითურმა ყმაწვილმა და თავისი პროდუქცია მაგიდაზე დაალაგა. კაცმა რომ თქვას, მისი კანფეტები გარეგნულად ძალიან გავს Milky Way-ს შოკოლადს და Reese's Peanut Butter Cups-ის ორცხობილას. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნიკის პროდუქცია საკმაოდ ფართო სავაჭრო ქსელების დახლებზე გამოჩენილიყო.

როგორც უკვე გითხარით, მეწარმე ყმაწვილს ზურგს უმაგრებს მილიონერი მამა, მაიკლ ბრონერი. მან თავისი პირველი კომპანია Digital Inc 1980 წელს დააარსა. ორი ათეული წლის შემდეგ შეიძინა ფრანგული სარეკლამო სააგენტო Publicis Groupe SA. ამის შემდეგ უფროსმა ბრონერმა შექმნა კომპანია Unprimised, რომელიც 2006 წელს 300 მილიონ დოლარად გაყიდა.

შვილის წამოწყება ბოსტონელ მილიონერს ძალიან მოეწონა, რადგან თავად გახლავთ ცხოვრების ჯანსაღი სტილის მიმდევარი. Unreal Brands აპირებს ტბილეულის ბაზარზე რევოლუცია მოახდინოს. ამისათვის, ცხადია, უზარმაზარი კაპიტალდაბანდება იქნება საჭირო. ბავშვების გულის მოგება ხომ საკმაოდ რთული საქმეა. მით უმეტეს, რომ ბაზარზე ძალიან ბევრი დიდი და ცნობილი ბრენდია.

ამ სიძნელეების გადასალახად უფროსმა ბრონერმა, რომელიც კომპანიაში შვილის პარტნიორი გახდა, ნიკს კვების სფეროში მოღვაწე სპეციალისტებთან და ტოპ-მენეჯერებთან შეხვედრები მოუწყო. გარდა ამისა, მან შვილი გაგზავნა ევროპაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, რომ მას კანფეტებისათვის საჭირო ინგრედიენტები და ბიზნესისათვის გამოსადეგი პერსონალი მოეძიებინა. ახალ კომპანიაში უკვე მუშაობს 19 ადამიანი, მათ შორის არიან Procter & Gamble-ის, Kellogg-ის, Google-ის და Godiva Chocolatier-ის ყოფილი მენეჯერები.

ცხადია, Unreal Brands კომერციული კომპანიაა, რომლის მიზანი მოგების მიღებაა. მაგრამ ამასთან იგი ცდილობს სოციალური მისიაც შეასრულოს. მაშ სხვა რა უნდა ითქვას, როცა კომპანია გამოუშვებს ჩვეულებრივი გემოს მქონე კამფეტებს, რომლებიც არ გამოიწვევს სიმსუქნეს, დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და არ დააზიანებს კბილებს. თანაც, Unreal Brands-ის კანფეტები იმდენივე ეღირება, რამდენიც კონკურენტთა ნაწარმი.

ასე რომ, ორი წლის წინ მშობლებსა და შვილს შორის დაწყებულმა კონფლიქტმა მართლაც რომ საინტერესო კომპანია და ახალი მეწარმე შვა. ბევრი ნიკის ცუკერბერგის მომავალს უწინასწარმეტყველებს. თავად ყმაწვილი ამგვარ შედარებებზე კომენტარს თავს თავმდაბლურად არიდებს და მხოლოდ აღნიშნავს, რომ უკვე აღარ დარდობს მის მიერ საშობაოდ მოგროვილ ერთ ტომარა კანფეტებზე, რომელიც მშობლებმა სანაგვეზე მოისროლეს.