ბებიაჩვენს რომ დავით ბაქრაძე ჰქონოდა...

ბებიაჩვენს რომ დავით ბაქრაძე ჰქონოდა...

 

როცა მოგვიახლოვდა, სტეპკო გაჩერდა და შიშით გამსჭვალული ხმით წარმოთქვა:

– დათვები მომდევენ!

– რა დათვები, ბიჭო? – შეეკითხა ომარი.

– ბოძებზე ავძვრეთ!.. ჩქარა, ბოძებზე ავძვრეთ!..

– რა დაგემართა? – ჰკითხა შეშინებულმა ტოგომ.

– მე ვიცი, რაც დაემართა – მის გადატკეცილ სახეს დავუმიზნე და სილა ვტკიცე.

– სწორეა! – თქვა ომარმა და ცხვირში ერთი მაგარი მუშტი უთავაზა.

სტეპკომ სახეზე ხელები მიიფარა. ჩვენ ველოდით, რა მოჰყვებოდა ამას.

– მეტს აღარ ვიზამ! – ყრუდ წამოიძახა სტეპკომ სახიდან ხელებისმოუშორებლივ.

(ოთარ ჩიჯავაძე, „თვითმკვლელები“)

სხვა რა უნდა მომხდარიყო – ვანო ხდებოდა. დიმაც ხდებოდა, ბაჩოც ხდებოდა, ხატიაც ხდებოდა, გოკა და გიგიც ხდებოდნენ, მაგრამ ეს ორი უაღრესად უკანასკნელი დიეტით ხდებოდა, ხოლო ისინი კი მართლა ხდებოდნენ, პრემიერ–მინისტრი, მინისტრები... ის რაც ხდებოდა წინა კვირაში. ის, ანუ – ვანო და ისინი, ანუ – დიმა, ბაჩო და ხატია. დიმა ლამის ჩემი სეხნიაა, ბაჩო სპილოს ერქვა, ხატია კი... ჩემი ხატია...

განათლებაში მორიგი რეფორმა იწყება და იწყება თავიდან, რადგან, როგორც ცნობილია, თევზი თავიდან ყროლდება, ხოლო სამინისტრო – აპარატიდან. სწორედ ამიტომაც ხატია რეფორმებს პირდაპირ სამინისტროს აპარატიდან იწყებს და იწყებს ასე: სამინისტროს აპარატის თანამშრომლები დილის ცხრა საათზე შეიკრიბებიან სამინისტროს ეზოში და ერთ ხმაში და ერთსულოვნად დასცხებენ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. რეფორმის მთვარი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჰიმნი იქნება შემოკლებით და დაკონკრეტებით. ანუ, წარმოიდგინეთ რამდენიმე ათეული ჩინოვნიკი, რომლებსაც პირები დაუღიათ და შემოკლებული ჰიმნით ატკბობენ ფანჯარაში გადმოყუდებული მინისტრის პოლიციურ სმენას: „ჩემი ხააატიაა... ჩემი ხააატიაა...“

როგორც უკვე გითხარით, რეფორმირებული ჰიმნი იქნება შემოკლებული და დაკონკრეტებული, თუმცა მაგ სამინისტროს თნამშრომლების და, განსაკუთრებით, ძველი თანამშრომლების (მათ შორის – გაყრილების) რეფორმებისკენ მიდრეკილი ამბავი, რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ რეფორმირებულ ჰიმნს ისინი თავის ყაიდაზე გადააკეთებენ. აი, ასე: „თქვენი ხააატიაა... თქვენი ხააატიაა“.

რეფორმები თქვენ შემოდგომაზე ნახეთ, თუმცა არც ზაფხულია გიგი წერეთელივით დამყაყებული და კოტე გაბაშვილივით დაჭაობებული, მარტო ვანოს ამბები ეყოფა მინავლებული ნაციონალური სულის ეროვნულ აბობოქრებას.

გასულ კვირაში პარლამენტმა ერთხელაც გაიჭირვა, შეიკრიბა და ვანო მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. არ დაამტკიცებდა და აღარ ეყოლებოდა დედა, ახლა კი – დაამტკიცა და, გასული კვირიდან მოყოლებული ვანოს ეკა აღარა ჰყავს. აღარა ყავს მერაბიშვილს ზღულაძე. ზღულაძე ყავს ახალაიას და მოდი და ნუ გაგახსენდება ის ცნობილი სიმღერა იმ ცნობილი ფილმიდან: „განა ეს ქალი ღვინის თასია, ალავერდივით გადასალოცი...“

იმ ქალის არ ვიცი, მაგრამ ეს ქალი ნამდვილად თასია... ისე, ყანწს უფრო წააგავს, არსით ჭინჭილაა და იეროვნული დამოუკიდებლობა რომ არა, ერთი ჩვეულებრივი მალენკოვის ჭიქა იქნებოდა, მრავალ ქელეხზე გადამხტარი.

ვანოზე მინდოდა მეთქვა და ეკას და ხატიას მივედ–მოვედე...

ეს ის ვანო აღარ არის – კაცი–ლეგენდა, კაცი–ქარიზმა, კაცი–იდუმალება, კაცი–შიში და კაცი–რიდი, კაცი, რომელსაც ერთ ადგილზე ეკიდა მთელი მთავრობა და მთელ პარლამენტს აიძულებდა მის ორ ადგილზე აღფრთოვანებით ესაუბრათ. ეს ის ვანო აღარ არის... ეს ვანო დადის ხრეითში, ბანოჯაში და ფაცხანაყანებში, და ხრეითელებს, ბანოჯელებს და ფარცხანაყანებელბს „უყადრებს“ თავს. ვანო, რომელსაც ერთ ადგილს თვით პრემიერ–მინისტრი გილაური უყადრებდა.

ეს ის ვანო აღარ არის, საერთოდ კი, ვანო ტრაგიკული ფიგურაა. დიდად ტრაგიკული! ამდენი წელი საყვედურობდნენ, ყველას უსმენსო. ახლა კი... ახლა კი, სადაც წავა ყველგან ერთი საყვედური დახვდება – „რატომ არავის უსმენ?“ „მოსმენა არ არის მთავარი. მთავარი გაგებაა“ – გაიფიქრებს ვანო და თავს ჩაღუნავს, რადგან ეს ის ვანო აღარ არის.

„ვანო მერაბიშვილი - ვაპირებ, შევებრძოლო საქართველოში უმუშევრობას ისე, როგორც კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი“. „ვანო მერაბიშვილი - ჯანმრთელობის დაცვისთვის ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი გამოიყოფა“. „ვანო მერაბიშვილი - ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს“. „ვანო მერაბიშვილი - ჩვენ ვაპირებთ 4 მილიარდი ლარის ჩადებას სოფლის განვითარებაში“. „ვანო მერაბიშვილმა ის პროექტები დაასახელა, რომლებიც 4 წლის განმავლობაში „საქართველოს მოქალაქეებს დაასაქმებს“. „ვანო მერაბიშვილმა უმუშევართა სტატუსის შემოღების შესახებ განაცხადა“...

განაცხადა, თქვა, აღნიშნა... მისი განცხადებით, მისი თქმით, მისი შეფასებით, მისი აზრით... ბიუჯეტი იქნება 40 მილიარდი, მოსახლეობა იქნება 12 მილიონი, ტერიტორია იქნება 118 ათასი კვადრატული კილომეტრი, იქნება 34 ოლიმპიური ოქრო, ყველა იქნება კმაყოფილი, კრება იქნება მხიარული, მელია იმდენს იცინებს, რომ სიცილით მოკვდება. რაც მთავარია, მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა 3 პრინციპზე იქნება აგებული - დასაქმება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. ანუ, ვიქნებით ჯანმრთელები, დასაქმებულები და ბრაზილიურ ხორცზე ცხვირაბზუებულები.

დიმიტრი შაშკინმა სკოლის დირექტორების სისხლზე ცხვირი აიბზუა და ბრიგადის მეთაურების სისხლზე ყლაპავს ნერწყვებს, თუმცა...

„ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს უწყება „მტერთან შესაბმელად გამზადებული ადამიანებისგან“ მთლიანად გაიწმინდა , - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში, ახალი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა. „შეიარაღებული ძალების ისტორიაში სხვადასხვა პერიოდი გვქონდა. ეს იყო ძალიან სასახელო და ძალიან სამარცხვინო მომენტები – გავიხსენოთ, თუნდაც 2009 წელს, გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობა. რაც ბაჩო ახალაიას დროს მოხდა კარგი თავდაცვის უწყებაში ისაა, რომ ასეთი ელემენტებისგან ის მთლიანად გაიწმინდა“.

მოკლედ, თავდაცვის სისტემაში „მტერთან შესაბმელად გამზადებული ადამიანები“ აღარ დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიმიტრი შაშკინი დარჩა ხახამშრალი. ნათქვამია, აქლემი ისე არ წაიქცევაო... და, ისე როგორ იქნება შაშკინს სამინისტროდან ერთი–ორი ბოთლი სკოლის დირექტორის სისხლი რომ არ წამოეღო? ამბობენ, შაშკინის პახმელიას გუგა სამხარაძის სისხლი უხდებაო. იმასაც ამბობენ, შაშკინი ამერიკული პროექტიაო, მაგრამ, ჩემი აზრით, კაცი საკუთარ მოადგილედ კოკა–კოლა სეფერთელაძეს რომ დასვამს და პედაგოგებს სისხლის დალევით რომ დაემუქრება, ის კაცი ამერიკული პროექტი კი არ არის, არამედ, არის მწვანილის ნაირსახეობა, კერძოდ – ქინძი.

ვანოს უნდა დავუბრუნდე და უნდა დავუბრუნდე თუნდაც იმიტომ, რომ ვანო 90–წლებს უბრუნდება. ერთი, სულ ერთი წუთით ჩვენც დავუბრუნდეთ იმ წლების მიწურულს და, არ ვიცი, გახსოვთ თუ არა და ისე მგონია, რომ არც არასოდეს დაგავიწყდებათ „მილიონი სამუშაო ადგილის“ ამბები, რომელმაც „კენიის ხორცის“ ამბები მაშინ წარმატებით გადაფარა. ჰოდა, იყო და არა იყო რა, გასულკვირაში იყო ასეთი ნიუსი:  საქართველოს მთავრობა უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უმუშევრობისთვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებას და 273 000 სამუშაო ადგილის შექმნას აპირებს. როგორც მთავრობის პროგრამაში - „უფრო მეტი სარგებელი ხალხს" არის ნათქვამი, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო კერძო ბიზნესის ზრდა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მთავრობის ამოცანად დასახელებულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება...“

და, იქვე: „ტურისტების რაოდენობის გაზრდას კი მთავრობა 7 მილიონამდე აპირებს, რაც მათივე გათვლით, ტურიზმის სექტორში დაახლოებით 140 000 სამუშაო ადგილს შექმნის. ასევე მთავრობა აპირებს დააგოს 5 000 კილომეტრი გზა, რაც, მათი შეფასებით, ნიშნავს სტაბილურად დასაქმებულ დაახლოებით 40 000 ადამიანს. მთავრობა ასევე აპირებს გააგრძელოს 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც ჯამში შეადგენს 414 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს, ჯამური წლიური გამომუშავებით 2.1 მილიარდი კვტ.საათი“.

თვალებს დავხუჭავ და ცხადად ვხედავ: ტრიბუნაზე დგანან სახელმწიფოსა და პარტიის ხელმძღვანელები, მოაბიჯებენ გლდანის რაიონის მშრომელები, მერაბიშვილის სტიპენდიანტები, მილიონთა ჩოყლაყისეული უნივერსიტეტის მსმენელები, დეკანოიძის სახელობის სკოლის პირველკლასელები, შაშკინის სახელობის დივიზიის მეომრები, ჩემპიონთ ლიგის გამარჯვებულის, გორის „დილას“ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის ფეხბურთლები და მესვეურები...

ჰო, მაგრამ ის დრო ჯობდა – მილიონი სამუშაო ადგილი და რამე. იმას კიდევ ის ჯობდა – ყველას მოთხოვნილების მიხედვით. კი ჯობდა – სად მილიონი და სად 273 ათასი! მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ 5 მილიონი ვიყავით, ახლა კი 3 მილიონზე ოდნავ მეტი ვართ და ამ სამ მილიონში ნახევარი მილიონი არის პატიმარი და რად უნდა პატიმარს სამუშაო ადგილი?

გასულ კვირაში ერთბაშად იყო მატება – ერთ ქართულ ოჯახს, ანუ – სრულიად საქართველოს, ერთბაშად ოთხი შვილი შეემატა. არჩევნების ამბავში და ჰუმანისტურ გაგებაში ახალშობილები სააკაშვილმა მოინახულა. ექიმი ბურტყუნებდა, მატება არისო.სააკაშვილი კვერს უკრავდა – მოსახლეობამ მოიმატაო. ექიმი თავს უქნევდა, მაგრამ გაგება არ არის თავში, გაგება არის გულში და თვალებში. გულში ნაფიქრალი ექიმს თვალებში ეტყობოდა და ახლა არ ვიტყვი, რა ეტყობოდა, რადგან, როგორც მითხრეს, ამ სტრიქონებს ქალბატონებიც კითხულობენ და იმედი მაქვს, კითხულობს ქლიბად წოდებული დავით ბაქრაძე, ანუ დავით ბაქრაძედ წოდებული ქლიბი.   

ერთხელაც გავინავარდოთ ჩმი მეგობარი სააგენტოს უკიდეგანო საინფორმაციო ველზე: „პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მომავალ მონო თუ მრავალპარტიულ მთავრობაზე მსჯელობას, ბებიის ბაბუად გადაქცევაზე მსჯელობას ადარებს. ამის შესახებ ბაქრაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პრემიერ–მინისტრისთვის უფლებების დელეგირების საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას „ქრისტიან–დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძის საპასუხოდ განაცხადა. ბაქრაძემ ლევან ვეფხვაძეს მოუწოდა, ნუ მოახდენს თეორეტიზებას თემისას, თუ რა მოხდება ბებია რომ ბაბუად გადაიქცეს და რა შედეგი მოჰყვება ამას შვილებისა და შვილიშვილებისთვის“.

ბაბუაჩემს დავით ბაქრაძე რომ ჰქონოდა, ზეინკალი იქნებოდა. ბებიაჩემს დავით ბაქრაძე რომ ჰქონოდა, ბაბუაჩემი იქნებოდა. „ამ ხალხს რა ლიმონათი ეყოფა?!“ – იტყოდა ხოლმე ცხონებული ბაბუაჩემი (ლაღიძის ქარხანაში მუშაობდა), როდესაც ხედავდა, როგორ მოაბიჯებდნენ გლდანის რაიონის მშრომელები. „ამ ხალხს რა პანღური ეყოფა?!“ – ვფიქრობ მე, როდესაც ვხედავ კობა ხაბაზს, გოკა გაბაშვილს, ნუგზარ წიკლაურს და სხვებს, ანუ მათ, რომელთა ქონის შემთხვევაში ბებიაჩემი ბაბუაჩემად გადაიქცეოდა. იგივეს ვფიქრობ, როდესაც ვუსმენ გია თორთლაძეს და ვკითხულობ გურამ ჩახვაძის ნააზრევს.

„მინისტრობა არის პოლიტიკური პოსტი და არ არის აუცილებელი, რომ სფეროს ექსპერტი იყო. რაც მთავარია, თითოეულ მინისტრს აქვს საკმაო გამოცდილება სახელმწიფო მმართველობის სფეროში და მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო თავიანთ საქმიანობაში“, - განაცხადა გურამ ჩახვაძემ, ხელი მოისვა და გაიფიქრა: “პერსილის ყიდვა მომიწევს“.

„ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ თვალნათელ რაღაცეებზე ვიხუმროთ. თქვენ კი რეალურად აპირებთ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებას და ეს ძალიან კარგია“, - მიმართა თორთლაძემ მერაბიშვილს და გაიფიქრა: „არჩევნების შემდეგ „პერსილის“ გაყიდვა მომიწევს“.

ერთია – გაფიქრება, მეორე კი – მოფიქრება. ვანიჩკამ მოიფიქრა „უმუშევრის სტატუსი“. ვისაც ეს სტატუსი ექნება, იქნება ბედნიერი, ისეთი ბედნიერი, რომ სხვა სტატუსზე აღარც კი იოცნებებს. გასულ კვირაში დასრულდა ომი უმუშევრებთან და დაიწყო ბრძოლა უმუშევრობის წინააღმდეგ. „ნულოვანი ტოლერანტობა უმუშევრობას“ – ეს იქნება ახალი მთავრობის ახალი სლოგანი, მაგრამ ამათი ამბავი რომ ვიცი, ანუ ამათ არაფერი რომ არ იციან, ზუსტად ვიცი, რომ უმუშევრების რაოდენობის შემცირებას პატიმრების რაოდენობის გაზრდით შეეცდებიან. რად უნდა პატიმარს სამუშაო? პატიმარს უნდა ბალანდა და პარაშა. ნოემბერში გავითვალისწინებთ.

ნოემბრამდე კი არის ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი. ივლისში დავიწვებით, აგვისტოში ავორთქლდებით, სექტემბერში ღრუბლებად გადავიქცევით და ოქტომბერში ავისრულებთ ვაჟა ფშაველას ქართულ ოცნებას – მოვალთ წვიმად. „და ნაკვალევს წვიმა შლის“ – სტაჟიან გულშემატკივარს ეს ფილმი აუცილებლად ემახსოვრება და მინდა გითხრათ, რომ ერთია – მახსოვრობა და მეორეა – გათვალისწინება.

„...რაც შეეხება ნიკა გილაურს, სამ წელიწადზე მეტი იმუშავა რთულ პერიოდში, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი გადალახა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოშლილა, მაგრამ ახალი სისხლი, ახალი ენერგია, რომელსაც მერაბიშვილი შეიტანს მინისტრთა კაბინეტში, ძალიან მნიშვნელოვანია“ – დავიმახსოვროთ და გავითვალისწინოთ პეტრე ცისკარიშვილის ეს სიტყვები.

ახალი სისხლი, ახალი ენერგია. რამდენი ეღირება ჩვენივე სისხლით გამომუშავებული ენერგია? რამდენი დაგვიჯდება ნაგვების დაყრილი ნაგვის გატანა? როდემდე იქნება ნაგავი მიბმული სისხლზე?

ათასწლეულის გამოწვევის ფონდს ნიკა გილაური უხელმძღვანელებსო...

ვითომ ამ წლის გამოწვევები მოგვარებული ჰქონდეთ.

თქვენ კი მოგიგვარათ არმაგედონის ზანგმა!!!

ხ. მ. მ. ს. (ხალხო, მივაფურთხოთ მაგათ სიფათში) – მაგას პური უნდა წაართვა!.. – ტიროდა ჩემს ზურგს უკან სტეპკო  – მაგრა მიბეგვო... ეგ გოგო კი, გააუპატიურო!

– ტოგო, მიაფურთხე მაგას სიფათში! – ვთქვი მე.

– ნერწყვი გამიშრა... – მიპასუხა ტოგომ.

(ოთარ ჩიჯავაძე, „თვითმკვლელები“)