საქართველოს საგარეო ვაჭრობის მზარდი დინამიკა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მზარდი დინამიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. საქსტატი იუწყება, რომ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განხორციელებული იმპორტისა და ექსპორტის მოცულობა 19 პროცენტით გაიზარდა. ამ ზრდის მიუხედავად, კვლავაც პრობლემად რჩება დისბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ბოლო რამდენიმე წელია მატების ტენდენციით ხასიათდება. მაჩვენებლების ზრდაში იმპორტის მოცულობას უფრო მეტი წვლილი მიუძღვის, ვიდრე ექსპორტს.

ამჟამად საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქციას უცხოური ავტომობილები და ფეროშენადნობები წარმოადგენს. თუ ფეროშენადნობები საქართველოში მზადდება, ავტომობილების ექსპორტის ბიზნესის განვითარება მარტივი რეგულაციების წყალობით მოხერხდა. მათი წილი პირველი ხუთი თვის ექსპორტში შემდეგი პროპორციით გადანაწილდა: მსუბუქი ავტომობილები 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობით პირველ ადილზეა და ექსპორტის 22 პროცენტს შეადგენს. ფეროშენადნობების ხვედრითი წილი 11 პროცენტია - 100 მილიონზე ოდნავ მეტი. მესამე ადგილზე აზოტოვანი სასუქებია.

აღსანიშნავია, რომ ჯართის ექსპორტის წილი სამ პროცენტზე ოდნავ მეტია, მაშინ როდესაც სულ რაღაც 6-7 წლის წინ ის საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენდა.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას, ლიდერია თხილი, რომელზეც მოდის ექსპორტის ხუთ პროცენტზე ოდნავ მეტი. მასზე თითქმის ორჯერ ნაკლებია სპირტიანი სასმელების ექსპორტი. საქართველოს მთავრობის მცდელობამ სიმინდის პროგრამის მეშვეობით გაეზარდა სოფლის მეურნეობის ექსპორტის პოტენციალი, წარუმატებელი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის გამგეობის წევრის მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, სიმინდის იმპორტის ნაცვლად მისი ექსპორტი გაიზარდა.

„ძალიან სამწუხარო ტენდენციაა ის, რომ მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და იმ პოლიტიკამ, რომელსაც იმ მიმართულებით ჰქონდა ნაბიჯები გადადგმული, რომ ჩვენი ექსპორტი გაზრდილიყო და საგარეო ვაჭრობაში მდგომარეობა შეცვლილიყო, უკუშედეგები გამოიწვია.“

 იმპორტის მზარდ მაჩვენებლებში ყველაზე დიდი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის, შემდეგ კი არის ავტომობილები

ეს საგარეო ეკონომიკური აქტივობა რიცხვებში შემდეგნაირად გამოიყურება: საერთო ჯამში, საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა გაზრდილია 21 პროცენტით, ხოლო ქვეყნიდან საზღვარგარეთ გატანილი, ექსპორტირებული პროდუქციისა - 13 პროცენტით.

ეს მონაცემები ქმნის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის სურათს, რომლის შემადგენელი ნაწილია სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის. ამჯერად მისი მაჩვენებელი 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს და სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტს შეადგენს.

ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ასეთ ტენდენციას ქვეყნის ეკონომიკის სისუსტედ მიიჩნევს. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის დავით ნარმანიას აზრით, იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა პრობლემას წარმოადგენს მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის:

„ჩვენგან ძირითადად ხდება ვალუტის გადინება და როცა ექსპორტი შედარებით ნაკლებია, ვალუტის შემოდინება არ ხდება, რაც წარმოქმნის დეფიციტს უცხოურ ვალუტაზე.“

თუმცა ამჟამად საქართველოში საწინააღმდეგო ტენდენცია შეიმჩნევა, რადგან ლარის კურსი სტაბილურობით გამოირჩევა. ასევე, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ-ერთი დაბალია საგარეო ვალი. მთავრობაში იმედიანი განწყობილებაა უარყოფითი სავაჭრო სალდოს საკითხის მიმართ, რადგან მისი დაბალანსება უცხოური ინვესტიციებით, გრანტებითა და ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხებით ხერხდება.

ეკონომისტები უარყოფით საგარეო სავაჭრო ბალანსზე მეტ მნიშვნელობას ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს ანიჭებენ.

 თუ საგარეო სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ საქონლით ვაჭრობის მოცულობას ითვლის, საგადასახდელო ბალანსში შედის როგორც სასაქონლო, ასევე მომსახურების ექსპორტ-იმპორტი, მაგალითად - ტურისტული მომსახურება. საგადასახდელო ბალანსი აერთიანებს ასევე ინვესტიციებს, ტრანსფერებს და სხვა ფინანსურ ოპერაციებს.

საგადასახდელო ბალანსის მნიშვნელობას საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე განმარტავს:

„საგადამხდელო ბალანსის მნიშვნელობა უაღრესად დიდია, ეს ერთ-ერთი ეკონომიკური მაჩვენებელია და ზუსტად აჩვენებს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ტენდენციას; ასევე, რაც მთავარია, ჩვენი რეზიდენტების აქტივობას და, ამასთანავე, სხვა ქვეყნების რეზიდენტების აქტივობასაც; გარდა ამისა, სხვა ქვეყნებიდან კაპიტალის შემოდინებას და გადინებას. უარყოფით სავაჭრო ბალანსს რაც შეეხება, ჩვენი მსგავსი ქვეყნებისთვის, ბუნებრივია, დამახასიათებელია ის, რომ გვაქვს პატარა და ღია ეკონომიკა.“

ზაზა ჭელიძის უწყების ინფორმაციის თანახმად, 2012 წლის პირველი ხუთი თვის მანძილზე საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად კვლავაც რჩება თურქეთი, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი და მესამე ადგილზეა გერმანია. ქვეყანა, რომელშიც საქართველოს ექსპორტი უფრო მეტია, ვიდრე იქიდან განხორციელებული იმპორტი, არის სომხეთი.