წინა კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა კიდევ ერთი სამთავრობო კარუსელი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაჩო ახალაიამ ჩაიბარა, თავდაცვის საქმეს კი ამიერიდან დიმიტრი შაშკინი წარუძღვება.
შაშკინი უნივერსალური პიროვნებაა. ბოლო რამდენიმე წელიწადში უკვე მესამე უწყების სათავეში მოგვევლინა. მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის სათავეში იქნება და არ არის გამორიცხული დიმამ პოკერსაც გამოჰკრას ხელი.
საფეხბურთო ტერმინი ვიხმარე და ერთ-ერთ ფორუმზე ბაჩო ახალაიას შესახებ ერთი სახალისო აზრი ამოვიკითხე.
„ახალაის დანიშვნას რას ვადარებ იცით, იგუაინს რომ გამოუშვებენ შეცვლაზე და ბენზემას ტოვებენ”.
ხუმრობა იქით იყოს და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხალხი ამ სამთავრობო გადაადგილებების უმთავრესი მიზეზის პოვნას ცდილობს და თავს ფიქრით იმტვრევს.
ამ თემაზე მას-მედიისა და ტელევიზიის ეკრანებიდან პოლიტიკური მიმომხილველები და თავად პოლიტიკოსები გაუთავებლად ბჭობენ. რასაკვირველია საკუთარი აზრი გააჩნიათ უბრალო ადამიანებსაც, ანუ მათ, რომლებსაც მოსაზრების გამოსათქმელად საინფორმაციო საშუალებებს არ უთმობენ.
უკანასკნელ დღეებში ქართულ ინტერნეტ სივრცეში არაერთი საინტერესო აზრი ამოვიკითხე. მათი დიდი ნაწილი რამდენიმე რთულ შეკითხვაზე პასუხის ძიებას ემსახურება: საით მივყავართ სააკაშვილს? რას ემსახურება ბოლო სამთავრობო გადაადგილებები? ხომ არ ემუქრება ოქტომბრის არჩევნებს ჩაშლა? დაღვრის თუ არა სააკაშვილი სისხლს?
ზემოთმოყვანილ შეკითხვებზე პასუხის გაგებას სხვადასხვა ადგილობრივ ფორუმებში შევეცადე. აღმოვაჩინე, რომ უბრალო ადამიანების მოსაზრებები თავისი ხედვით მეტად დამაფიქრებელია და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ობიექტურად ასახავს. გაწელილი შესავლის შემდეგ ნება მომეცით, ფორუმელების ნააზრევი თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანო.
„ახალაია ცნობილია თავისი სისასტიკით და ისიც ცნობილია თუ რა კრიმინალური საქმეები უკავშირდება მის გვარს. ვფიქრობ რომ მაქსიმალურად ეცდებიან ოპოზიციური ძალების წამოკიდებას პროვოკაციაზე და შემდეგ მათ სერიოზულად დაუპირისპირდებიან“
„პოლიციურ-ძველბიჭური მენტალიტეტის მქონე მხარე უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“
„ახალაიების ამ გადაადგილებით ხალხში უკმაყოფილობა უფრო გაიზარდა დიდი ბელადისა და მარჩენალის, არქიფოს მიმართ“.
„რა პრაგმატიზმს ემყარება ეს გადაადგილებები ჯერ ვერ გაიგებ. იმედია სისხლიანი დარბევები არ წავა. თუ იქნა სისხლიანი დარბევები, მაშინ ეს ხელისუფლება გამოვა ქვეყნის მოღალატე და იმედია კადაფიზაცია თუ არა მუბარაქიზაცია მაინც დაემართება არქიფო დორბლიანს და მის ერთგულ ყმებს”.
„არჩევნებამდე არ მივა საქმე. აგერ მე და აგერ თქვენ”.
„მართლა მაინტერესებს. ვანო რატომ გგონიათ რომ ზედმეტი სისასტიკისგან თავს შეიკავებდა?“
„მიშას სჭირდებოდა მთავრობის სათავეში ვანოსნაირი კაცი და მაგიტომაც გადაიყვანა. უბრალოდ ახალაია ცნობილია თავისის სისასტიკით და მისი გადაყვანა შსს მინისტრად ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალადობაზე აკეთებენ აქცენტს და აუცილებლად გააკეთებენ”.
„ჩემი აზრით ეს ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა არ დაუშვებს რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილებას”.
„ერთი ეს მითხარით რა, რატომ აქვს ბაჩუკის სულ დაღვრემილი სახე? იმიჯი აქვს ეგეთი?“
„ვაშა პოლიციურ სახელმწიფოს! აუ, წამიყვანეთ რა ვინმემ ამ საგიჟეთიდან“.
„ვანოს გაპრემიერება, ბაჩოს გადაყვანა, ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილმა ფსონი მერაბიშვილის გუნდზე გააკეთა. არჩევნები და მასთან დაკავშირებული მოვლენები განვითარდება სწორედ ამ გუნდის სცენარით. საპრეზიდენტო კანდიდატიც სავარაუდოდ ამ გუნდიდად აირჩევა, თუკი დასახულ ამოცანას (არჩევნებს) წარმატებით გაართმევენ თავს”.
„ძალიან ცუდი ამბები შეიძლება მოხდეს. ძალიან ცუდი. საგანგებო მდგომარეობა, და არჩევნები „ადიოს“
„დავიბენი, ბაჩო რომელია, დათა რომელია? რამდენი არიან? და კიდევ მამა ახალაიაა ხომ?“
„მერაბიშვილი პრემიერ მინისტრი გახადეს და ახალაია შსს-ს მინისტრი.
მოქალაქეებს დააპირისპირებენ ერთმანეთთან და ქუჩაში ხალხს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება ხალხი. ოფიციალური დიქტატურის დამყარებას ცდილობს მიშა და მისი ამფსონები.
და ეს ახალაია ის არ არის კაცო, ხალხი რომ დახოცა, ციხეებში რომ ვარდებოდა, კამერაში ყოფდა იარაღს და უმიზნოდ ისროდა?
ახლა ვინც არ უნდა გამოხვიდეთ მიშას გამპრავებლები, კაცის მკვლელისა და ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის მინისტრად დანიშვნა როგორ შეიძლება? ძალიან სამწუხაროა, რომ მტკივნეულად გადაიტანს საქართველო მაგ კრიმინალების წასვლას, მაგრამ უნდა ეცადოს ხალხი და მოაშორონ ეგ კრიმინალები ხელისუფლების სათავეს”.
„სწორი გადაწყვეტილებაა. ბაჩანას მაინც არაფერი უშველიდა, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვერაფერი შეიწყალებდა და ბარემ მიამატებს, რომ დახვრეტასაც გამოკრას ხელი.
შაშკინს ჯერ გვამებზე არ ურბენია და მისი სადისტური გრძნობების სამწუხაროდ, ეს შანსი არც ახლა მიეცა. დარჩება პასიურ, არა ბოლომდე რეალიზებულ მკვლელად”.
„კადაფის სუნი მცემს”.
„ცუდია, ცუდია, მაგას ისევ ვანო ყოფილიყო ჯობდა”.
„ახალაია უფრო გაიმეტებს ყველას და ყველაფერს და ყველაზე სადისტურ განაჩენებსაც ადვილად შეასრულებს”.
„დაერხათ შსს-ს მაღალჩინოსნებს. ვანიჩკას პოლიციელები გახდებიან ეკონომისტები. გული მიგრძნობს”.
„ჩემი აზრით საქმე ვანოს კათოლიკობაში უნდა იყოს”.
„რატომ უნდა ჩაენაცვლებინათ ვანო მერაბიშვილი ახალაიათი? შეიძლება მერაბიშვილმა სააკაშვილს რაღაც ძალიან არაადამიანურ გეგმაზე უარი უთხრა და ამიტომ მოაშორა პოსტს. ამის შემდეგ კი ყველაფერზე წამსვლელი ახალაია დანიშნა, ვისაც ყველანაირი დავალების შესრულება შეუძლია?
ამ ლოგიკით შეიძლება პრემიერმინისტრი მალე „ქართულ ოცნებაში“ ვიხილოთ”.
„ფაქტია, ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილებაა და ბაჩოს დანიშვნით თვითონ შსს-ს თანამშრომლებში დაეცა პარტიის რეიტინგი”.
„იყო ვერსია თითქოს ვანო სექტემბერში ჩამოაყალიბებდა ახალ პარტიას და გამოეყოფოდა ნაცებს. ეს რომ მოვისმინე ახალი წლები იყო და მაშინ ვერ დავიჯერე. ახლა ისე ვითარდება მოვლენები, არც ეგაა გამორიცხული”.
„ჭურში ვზივართ და აზრზე არ ვართ რა ხდება”.
„ცუდი ამბები მოხდება შემოდგომაზე”.
„პოლიცია დადგება ხალხის მხარეს არჩევნებში, იმიტომ რომ ვანო არ იქნება მათი მეთაური და უზრდელ ახალაიას არავინ გაჰყვება”.
„გული მიგრძნობს ბევრი სიურპრიზი იქნება. როგორც ქუხს ისე არ წვიმს. მგონი კარგად გათვლილი და აწყობილი სცენარი თამაშდება და პუბლიკა კიდევ დიდხანს დარჩება გაოცებული”.
„ამ ხალხმა კიდევ ვერ გაიგო. რა შუაშია, სააკაშვილი, მერაბიშვილი ან ახალაია.
საქართველო არის ამერიკის კოლონია. ამერიკა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ შეინარჩუნოს კონტროლი ტერიტორიაზე და რეჟიმზე.
ამერიკელების დასმული ბატისტას სისხლიანი რეჟიმი გაგიგიათ კუბაზე? ან მსგავსი რეჟიმები ლათინური ამერიკის ბანანის ქვეყნებში? რაც თავი მახსოვს საქართველოში ყველა ფიდელ კასტროზე და ჩე გევარაზე ღადაობდა. ჰოდა გყავდეთ აწი ქართველი ბატისტა”.
„ახლა დაიწყება მასობრივი დაჭერები. თუ საჭირო გახდა დახვრეტებიც. შემოდგომაზე კი მშვიდ ვითარებაში ჩატარდება არჩევნები. პირველ ადგილზე დიდი უპირატესობით გავა ნაცმოძრაობა. მეორეზე ქრისტიან დემოკრატები.
გამოვა მერე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და იტყვის, არჩევნები უმნიშვნელო დარღვევებით ჩატარდაო”.