მას შემდეგ, რაც საქართველოს დედაქალაქში უკვე სუნთქვა შეუძლებელი გახდა, თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი იწყება. უამრავი გამწვავებული დაავადებების ფონზე ეს ნაბიჯი უკიდურესად დაგვიანებულია. ჯერჯერობით საუბარი არ არის ეკოლოგიური ვითარების გამოსწორების ზომებზე.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შესაბამისი სადგური გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში პიტერ ლანდერბერგმა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე უკვე გახსნეს. ავტომატური სადგურის საშუალებით, რომელიც ვაშლიჯვრის კომპლექსური მეტეოროლოგიური სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა, განხორციელდება დამაბინძურებელი ნივთიერებების მონიტორინგი: ნახშირჟანგი (CO); აზოტის ჟანგეულები (NOX, NO, NO2); გოგირდის ორჟანგი (SO2); მიწისპირა ოზონი (O3); და მტვრის ფრაქციები.
როგორც ხაჩიძემ განაცხადა, ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მსგავსი მოდელირების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.
ამჟამად სადგურის მუშაობა ტესტირების რეჟიმში მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ სამ თვეს გასტანს. სადგურის მუშა რეჟიმში გადასვლის შემდეგ შესაძლებელი გახდება აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის არსებული მდგომარეობის შეფასება.
რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში, რომლებიც მსოფლიო სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების პირობებს აფასებს, თბილისი აუტსაიდერია. „მერკერის“ რეიტინგის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი ECA INTERNARTIONAL-ის რეიტინგშიც ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზე მოხვდა.
კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის პროგრამების მენეჯერი კახა ბახტაძე ამგვარ შეფასებებს თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ობიექტურს უწოდებს. მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ არავითარი მონაცემები არ არსებობს.
მისი აზრით, ეკოლოგიის კუთხით თბილისი არაერთ ევროპის ქალაქს ჩამორჩება, ვინაიდან მტკვარში დღემდე მიედინება კანალიზაცია და ნაგავსაყრელების მხრივაც სიტუაცია გამოსასწორებელია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არაერთი თანამედროვე ტიპის ნაგავსაყრელი შედება. ბახტაძის თქმით, დედაქალაქის ეკოლოგიურმა პრობლემებმა, ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად, შესაძლოა, ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლაზეც იმოქმედოს თუ მასზე დროული რეაგირება არ მოხდა. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობენ ქალაქის მკვიდრნიც. კონსალტინგური კომპანია “ეისითის” კვლევის მიხედვით, ათიდან რვა თბილისელი (77%) თვლის, რომ თბილისში ეკოლოგიურად ცუდი ან ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა (62%) ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ამჩნევს.
მოსახლეობა თვლის, რომ ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზია ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები: გაუმართავი ავტომანქანების გამონაბოლქვი (70%), ცუდი ხარისხის საწვავი (57%) და გზების გადატვირთულობა (42%). მიზეზებს შორის ასევე დასახელდა ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი და ტყეების გაჩეხვა-განადგურების ფაქტები.
მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, თბილისში ჰაერი კიდევ უფრო დაბინძურდა ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შეჩერების შემდეგ. ამასთან, არ მოწმდება საწვავის ხარისხიც. მეორადი მანქანების შემოყვანის აკრძალვაზე საუბარი კი ზედმეტია.
“მანქანის გამონაბოლქვი 200-მდე ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, ესენია: ტყვია, უჯერი და ნაჯერი ნახშირწყალბადები, აზოტი, გოგირდი, ასევე ბენზოპირენი, რომელიც ტყვიაზე უარესია და კანცეროგენია. მართალია, ამ ნივთიერებას მანქანის გამონაბოლქვი ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ ის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ცენტრი კი სრულყოფილად არ იკვლევს ჰაერის დაბინძურების ხარისხს, მაგალითად, არ ზომავენ ჰაერში ტოქსიკურ მინარევებს, ალბათ, აკრძალული აქვთ”, - ამბობს გაჩეჩილაძე.
სპეციალისტების გაანგარიშებით, დედაქალაქიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276 500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3% ავტოტრანსპორტზე მოდის. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დარგის სპეციალისტთა თქმით, თბილისში მტვრის საშუალო კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 2,9-ჯერ აღემატება, აზოტის დიოქსიდი კი ნორმაზე 2,3-ჯერ მეტია. ცნობისთვის, 2000 წელს თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა, სიტუაცია ამ მიმართულებით არ გამოსწორებულა.
უფრო მეტიც, როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო წლებში კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან დედაქალაქში დიდი სისწრაფით იჩეხება აბსოლუტურად საღი ხეები.