ყველსათვის უცნობი ორგანიზაციების სახელით მოქმედი სუბიექტები უკვე, რამდენიმე დღეა მუშაობაში ხელს უშლიან ,,ინფო9“-ის ჟურნალისტებს. საზოგადოებამ იხილა ზესტაფონში ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტის, ეკატერინე დუგლაძის მადევარი კამერებით და მიკროფონებით აღჭურვილი შვიდი მამაკაცი. გაურკვეველი ორგანიზაციის წარმომადგენლები დუგლაძეს პროვაკციულ კითხვებს უსვამდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
მსგავსი შემართებით და კითხვებით შეიარაღებული ჯგუფი გამოჩნდა 5 ივლისს გარდაბანში.
„კოალიცია „ქართულის ოცნების“ ოფისის გახსნას ვაშუქებდი. ამ დროს მოვიდა ყველასთვის უცნობი მედიასაშუალების გადამღები ჯგუფი, რომლის ჟურნალისტი მარიამ სოლოღაშვილი მეკითხებოდა, ვინ მაფინანსებს, ვინ მაწვდის ინფორმაციას - დაინტერესებული იყო ჩემი პირადი ცხოვრებით. ბოლოს ლამის მანქანაშიც შემოგვივარდა. შემდეგ უკან დაგვედევნენ და სანამ ამ ფაქტის გადასაღებად გამოსული ჩვენი მეორე ჯგუფი არ ნახეს არ მოგვეშვნენ“ - საუბობს „ინფო9“ - ის ჟურნალისტი, ნინო ბასიშვილი.
„ჟურნალისტს“, რომელმაც ბასიშვილს, მისი აზრით, „ჩამჭრელი“ კითხვები დაუსვა, რუსთავში ადგილობრივი ტელევიზიის, ტვ-4-ის ჟურნალისტად იცნობენ. მარიამ სოლოღაშვილი ქვემო ქართლის ტელევიზიის ეთერით ამცნობდა რუსთაველებს, რომელ ქუჩაზე დააგეს ასფალტი და რაოდენ „მნიშვნელოვანი“ შეხვედრა ჩატარდა რუსთავის მერიაში.
ამჯერად, მას რუტინული სამუშაო მობეზრდა და პირდაპირ პარტიის სამსახურში გადაეშვა. სოლოღაშვილის მსგავსი წარსული აქვს მის ოპერატორს, თემურ შაფათავასაც. ის ქვემო ქართლის ტელევიზიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
„მარიამი 27 ივნისიდან აღარაა ჩვენი ჟურნალისტი. მან წინა დღეს დაწერა განცხადება. ასევე, ჩვენი თანამშრომელი აღარაა თემურ შაფათავაც“ - გვიხსნის ქვემო ქართლის ტელევიზიის დირექტორი, ხათუნა მამარდაშვილი. ჩვენ კითხვაზე – როგორ აფასებს ყოფილი თანამშრომლების ახალ საქმიანობას გვპასუხოვბს: „მე სხვა მედიასაშუალებას ვერ შევაფასებ“.
ქვემო ქართლის ტელევიზია ხელისუფლების მიმართ ლოიალობას დაუფარავად გამოხატავს. მათ საინფორმაციო გამოშვებებში, უკვე წლებია არ გასულა ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად ამსახველი სიუჟეტი. მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ ტელევიზიის აქციების 51%-ს რეგიონის გუბერნატორის ადმინისტაციისყოფილი ხელმძღვანელი დავით ხამაშურიძე ფლობს. ის კირკიტაძის მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირია. ასევე, გუბერნატორის კადრია ტელევიზიის დირექტორი.
მამარდაშვილი კირკიტაძის ყოფილი პრესმდივანია, თუმცა სიტყვა „ყოფილი“ ამ შემთხვევაში ძალიან პირობითია. სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისგან განსხვავევით, ის ხშირად, სტუმრის სტატუსით ესწრება გუბერნატორის ღონისძიებებს და პრივილეგიებით სარგებლობს. მამარდაშვილი ასევე ესწრებოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ დახურულ შეხვედრას.
რაც შეეხება ჟურნალისტიკიდან ოპერმუშაკების რიგებში გადასულ მარიამ სოლოღაშვილს, ის ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილი, რომელიც არ ერიდება ხელისუფლების კრიტიკას და არც შსს-ს „სიურპრიზების“ ეშინია მზად არის ნებისმიერ დროს დაუჭიროს მხარი ,,ინფო9“-ს.