აკადემიკოსებმა ხელისუფლებას სიურპრიზი მოუმზადეს, თუმცა გამჟღავნებას ვერ ბედავენ

აკადემიკოსებმა ხელისუფლებას სიურპრიზი მოუმზადეს, თუმცა გამჟღავნებას ვერ ბედავენ

მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა და წევრ-კორესპონდენტებმა სპეციალური დადგენილება მიიღეს, რომელიც ხელისუფლებისთვის არცთუ სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდება. ამის შესახებ For.ge-მ კონფიდენციალური წყაროსგან შეიტყო, რაც პირად საუბარში მეცნიერებმაც დაუდასტურეს. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ დადგენილების გაგზავნა ხელისუფლებისთვის რატომღაც ჭიანურდება. შესაძლოა, ამის მიზეზი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის სიფრთხილით იყოს განპირობებული. 

დადგენილების აღნიშნული პროექტი მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებას ეკუთვნის. სწორედ მათემატიკისა და ფიზიკის  განყოფილებამ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში (ანუ იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოვიდოდა ასპარეზზე) თხოვნით მიმართა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს - თამაზ გამყრელიძეს, რომ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო აკადემიას საერთო კრება მოეწვია და ხსენებული დადგენილება გასული წლის, ანუ 2011 წლის ბოლომდე მიეღოთ.

სამწუხაროდ, კრება მოწვეული არ ყოფილა და მხოლოდ რვა თვის დაგვიანებით, ანუ 2012 წლის 27 ივნისს, მეცნიერებათა აკადემიამ მიიღო ეს დადგენილება, თანაც ჩვეულებრივ გეგმიურ საერთო კრებაზე. ეს დადგენილება ერთხმად გავიდა. სხდომას 65 მეცნიერი ესწრებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით 38 აკადემიკოსი გვყავს, ხოლო 70-მდე წევრ-კორესპონდენტი, დადგენილებას მხარი აკადემიკოსთა  უმრავლესობამ დაუჭირა, კერძოდ, მათ, ვინც ასაკის გამო ლოგინად არ არის ჩავარდნილი.

თუ რატომ ჭიანურდებოდა დადგენილების მიღება, გასაკვირი არაა. ალბათ, ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას არ სურდა ხელისუფლების გაღიზიანება. თუმცა, ეს დადგენილება ისეთი კატეგორიული არ არის, რომ აქამდე თავი შეეკავებინათ მისი არ მიღებისგან. უბრალოდ, მეცნიერები ხელისუფლებისგან მოძულებული საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენარჩუნებას ითხოვდნენ.

დადგენილების ტექსტი კი ასეთია: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მიაჩნია, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარებისათვის აუცილებელია დიდი ტრადიციებისა და მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენარჩუნება და მათი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. აკადემია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და სახელმწოფო უნივერსიტეტების სამეცნიერო საბჭოებს, მიმდინარე წლის ბოლომდე გაარკვიონ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების სამართლებრივი სტატუსი, მოაწესრიგონ მეცნიერთა შრომითი ანაზღაურება და შეუქმნან ინსტიტუტებს მუშაობისთვის საჭირო პირობები“.

ამას წინ უძღოდა მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე მეცნიერების მკვეთრი გამოსვლა და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნა. დეტალების შესახებ არ შევჩერდებით, მაგრამ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისადმი მხარდაჭერის გამოხატვასა და მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან სახელფასო ანგარიშების „ქართუ“ ბანკიდან სხვა ბანკში გადატანის შესახებ, რაც მეცნიერთა ავტორიტეტს ჩრდილს აყენებდა.  

ცნობისთვის, 2010 წლის ბოლოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, როგორც გაურკვეველი სტატუსის მქონე სტრუქტურული ერთეულები, ხელისუფლებამ კანონდარღვევით მიუერთა უნივერსიტეტებს. დღემდე ინსტიტუტებს არ აქვთ დებულება და ინსტიტუტის თანამშრომლები სამართლებრივად დაუცველები არიან. ნებისმიერ რექტორს შეუძლია, თუკი არ მოეწონება მეცნიერი, იგი მოხსნას.

ამის ერთ-ერთი მაგალითია, რომ ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში აქტიურ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი ომარ კურტანიძე მოტივაციის გარეშე გათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან თურმე გიგი თევზაძეს არ მოეწონა. ამის შესახებ For.ge-ს თავად მეცნიერებმა დაუდასტურეს. არადა, ომარ კურტანიძე პრესტიჟულ უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მისი ციტირების ინდექსი კი 2000-ს აჭარბებს. ამ პიროვნების კვალს, ასევე, გაუყენეს მისი ორი წარმატებული თანამშრომელი, რომლებმაც სასამართლოში შეტანილი სარჩელების მიუხედავად,  სამართალი ვერ იპოვეს. სხვათაშორის, თავდაპირველად თავად მოსამართლეც ამ ღვაწლმოსილი ადამიანების დათხოვნით გაოცებული იყო, მაგრამ მოგვიანებით საქმე ჩაიფარცხა.

ამდენად, აკადემიის მეცნიერთა გაოგნებას ის ფაქტიც იწვევს, რომ უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერის, მეცნიერებათა დოქტორის მაქსიმალური ხელფასი 200 ლარია. ამიტომაც ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ დადგენილებაში აკადემიკოსები და მეცნიერები სწორედ თავიანთი კოლეგების შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ითხოვდნენ.

„არავინ დაინტერესებულა ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების გადაწყვეტილებით და შაშკინმა პირდაპირ ერთპიროვნულად გამოსცა ბრძანება, რომ მათ „წაერთვას საჯარო სამართლის იურიუდიული პირების სტატუსი“. ასე უსტატუსოდ მიუერთეს უნივერსიტეტებს. თანაც, მიერთების პროცესში ბიუჯეტი 10 %-ით შეუმცირეს. ეს ნიშნავდა კადრების გაშვებას და ისედაც მცირე ხელფასის შემცირებას,“ - აცხადებენ აკადემიკოსები For.ge-სთან საუბარში.

მათი ინფორმაციით, მეცნიერებისთვის სულის ამოხდა წელსაც იყო დაგეგმილი, ბიუჯეტი კიდევ 10%-ით უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ამჯერად ხელისუფლებამ თავი არჩევნების გამო შეიკავა. თუმცა არჩევნების შემდეგ რეპრესიებს განახორციელებს.  

„ანუ, ეს ბოლო საკონტროლო გასროლა იქნება მეცნიერების მოსაკლავად“, - მიიჩნევენ მეცნიერები.

მათი თქმით, მართალია, ამ დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნება გაჭიანურდა, მაგრამ, როგორც ახლახანს გაირკვა, მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ამ დადგენილებას გამოაქვეყნებს და ხელისუფლების გარდა, უნივერსიტეტის რექტორებსაც გაუგზავნის.

მეტიც, ეს მეცნიერებათა აკადემიის მოვალეობაა, რადგან მეცნიერებათა აკადემია ვალდებულია, უსამართლობაზე საჯარო პროტესტი გამოხატოს. მით უმეტეს, როცა მეცნიერებათა აკადემიას იურიდიულად ხელისუფლების მრჩევლის ფუნქცია ეკისრება.

აკადემიკოსები აცხადებენ, რომ, თუ ხელისუფლება დამანგრეველ პოლიტიკას კვლავაც გააგრძელებს, ისინი მოვალენი იქნებიან, ხელისუფლებას პასუხი პერმანენტულად მოსთხოვონ. ასე რომ, დადგენილებების წერა გაგრძელდება და ეს პროცესი ერთჯერადი არ იქნება. ამის შემდეგ კი მეცნიერები საზოგადოების მხარდაჭერასაც ელიან.

რაც შეეხება თამაზ გამყრელიძეს, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ამ 80 წელს გადაცილებულ კაცზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდეს და სატელეფონო ზარებითაც „ანებივრებდეს“. თუმცა, მისი უპირატესობა ისაა, რომ თამაზ გამყრელიძე ერთადერთი არჩეული კაცია სამეცნიერო სფეროში. იგი მეცნიერების მიერაა არჩეული, განსხვავებით, სხვა მოხელეებისა და რექტორებისგან.

For.ge დაინტერესდა, თუ რატომ ჭიანურდება აღნიშნული დადგენილების ტექსტის გაგზავნა ხელისუფლებისთვის. ამ მიზნით თამაზ გამყრელიძეს დავუკავშირდით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი მობილური ტელეფონი უკვე თამაზ გამყრელიძის მძღოლს ეკუთვნოდა. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ახალი ნომერი არავინ მოგვცა, მისი ბინის ტელეფონი კი გადადებული იყო. თამაზ გამყრელიძის მოადგილემ ფელიქს კალანდარიშვილმა ოთარ ნათიშვილთან გადაგვამისამართა, მაგრამ აკადემიაში არც იგი აღმოჩნდა.