აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის გამო, კანონით განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაუყადაღა ქონება. შემდეგ განმარტება გააკეთა, რომ ქართული კანონმდებლობა მას ამაში არ ზღუდავდა და ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ქონებას ყადაღა მოეხსნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქონება, რომელიც აღსრულებამ დააყადაღა, არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მესამე პირებს ეკუთვნით, რომლებსაც ამ საქმესთან არანაირი შეხება აქვთ, მაგრამ ქონება მაინც აუქციონზეა გატანილი.
ამ ფონზე ხდება ისე, რომ კონკრეტულ სამოქალაქო დავაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, თან არაერთი, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია აღსრულება არ ხდება. კერძოდ, for.ge-ს დაუკავშირდა მოქალაქე ოლღა ხატიაშვილი, რომელიც ამ საქმეში მოსარჩელეა და რომელიც 2007 წლიდან დღემდე უშედეგოდ ცდილობს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს. ხატიაშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროს მოპასუხე ომარ კიზივაძის მფარველობაში ადანაშაულებს.
„მე და ჩემს მეუღლეს დაბა წყნეთში, თამარ მეფის ქ. N24-ში მდებარე N36 კოტეჯის ნახევარს ვფლობდით, მეორე ნახევარს კი - ომარ კიზივაძე. მას ჰქონდა პირველი სართული, ხოლო კოტეჯის მეორე სართული ჩვენი იყო, ასევე ჩვენი იყო სარდაფიც. რამდენიმე წლის წინ ომარ კიზივაძემ ჩემს მეუღლეს შესთავაზა, ეზო და სარდაფი შუაზე გაგვეყო და ამის სანაცვლოდ იგი შენობაზე მესამე სართულის დაშენების უფლებას მოგვცემდა. ჩემი მეუღლე დაეთანხმა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შეთახმება და ომარ კიზივაძემ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები“, - აცხადებს ოლღა ხატიაშვილი.
მისი თქმით, მისმა მეზობელმა სარდაფის იატაკი დაადაბლა, ანუ შესაბამისად ჭერის სიმაღლე გაზარდა, ასევე სარდაფში ორი ოთახი მოაწყო და გაარემონტა. გარდა ამისა, კიზივაძემ ფილებით მოაპირკეთა ეზო და თავის სახლს ცალკე შესასვლელი გაუკეთა. ამის პარალელურად, ეზო შუაზე გაყო და ღობეც გაავლო, ხოლო როდესაც მას დადებული შეთანხმების ნოტარიალური წესით გაფორმება მოსთხოვეს (რაზეც ხატიაშვილის თქმით, კიზივაძე თავიდან თანახმა იყო), კიზივაძემ დრო ისე გაწელა, რომ ამ საკითზე ნერვიულობის ნიადაგზე ოლღა ხატიაშვილის მეუღე ინფარქტით გარდაიცვალა.
„ჩემი მეუღლის ნეშთზე დავიფიცე, რომ სამართლიანობას აღვადგენდი და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი“, - ამბობს ოლღა ხატიაშვილი. მან თავისი დარღვეული უფლებების აღასდგენად სასამართლოს მიმართა, საქმემ სამივე სასამართლო ინსტანცია მოიარა და 2007 წლის 19 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა ოლღა ხატიაშვილის სარჩელი და ომარ კიზივაძეს სადავო ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალა. ამაში იგულისმებოდა ეზოს მოპირკეთების და გამყოფი ღობის მოშლა, სარდაფის იატაკის ისევ ამაღლება, ტერასის და კიბის დანგრევა, ასევე კიზივაძის მიერ მოწყობილი დამოუკიდებელი შესასვლელის გაუქმება და საერთო შესასვლელი ჭიშკრის დატოვება.
როგორც მოგახსენეთ, აღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 19 სექტემბერს დადგა. მოპასუხე კიზივაძემ საქმე რამდენჯერმე გაასაჩივრა. ოლღა ხატიაშვილის განცხადებით, თავიდან კიზივაძემ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ამ ყველაფრის დემონტაჟისთვის არქიტექტურის სამსახურიდან ნებართვა ესაჭიროებოდა და ამ ნებართვის მიღებისათვის ვადა მოითხოვა. ხატიაშვილის ადვოკატი თენგიზ სუპატაშვილი აცხადებს, რომ ამისთვის არანაირი ნებართვა კიზივაძეს არ სჭირდებოდა და ამ მოთხოვნით მას შესაბამისი სამსახურისთვის არც მიუმართავს, რასაც ოლღა ხატიაშვილის მიერ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული წერილი მოწმობს.
ამის შემდეგ ომარ კიზივაძემ რამდენჯერმე კიდევ მიმართა სასამართლოს და იმ პუნქტების დაზუსტებას ითხოვდა, სადაც ჩამოთვლილი იყო, თუ რა ღონისძიებები უდნა განეხორციელებინა მას იმისთვის, რომ ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობაში მოეყვანა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ეს საქმე შვიდჯერ მოხვდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ყველა დავა ოლღა ხატიაშვილის სასარგებლოდ გადაწყდა. მისი ადვოკატი თენგიზ სუპატაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან თავად მოპასუხემ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა, ხატიაშვილმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და აღსრულების ფურცელიც გამოიწერა.
2011 წელს რამდენჯერმე აღსრულების დღეც ჩაინიშნა. კერძოდ, პირველად 2011 წლის 20 იანვარს დაინიშნა იძულებითი აღსრულების დღე, მაგრამ ოლღა ხატიაშვილის განცხადებით, მოპასუხე ომარ კიზივაძე არ გამოცხადდა და აღსრულება ჩაიშალა. ამის შემდეგ აღსრულება კიდევ ორჯერ, - 25 ივლისსა და 22 აგვისტოს ჩაინიშნა, მაგრამ იგივე განმეორდა. ხატიაშვილი აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აღსრულება მაინც მომხდარიყო, უბრალოდ ითქვა, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა და ყველაფერი ამით დასრულდა.
ვინაიდან აღსრულება არ ხდებოდა, ოლღა ხატიაშვილმა აღმასრულებელთან იშუამდგომლა, რომ აღსრულების ხარჯებს ნაწილობრივ თვითონ დაფარავდა, რის შემდეგაც მას დაუანგარიშეს და უთხრეს, რომ ამისთვის მას 8 000 ლარის გადახდა მოუწევდა. ამხელა თანხა კი 78 წლის ქალბატონს, რომლის შემოსავალი მხოლოდ სახელმწიფო პენსიაა, არ ჰქონდა. ამასთან, ოლღა ხატიაშვილი თვლის, რომ ხელოვნურად მოხდა ამ თანხის გაბერვა, რათა მას აღსრულება არ განეხორიციელებინა. ხატიაშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში არის ნორმა, რომლის თანახმადაც, - „თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება“.
„ეს არის ნორმა, რომლითაც აღმასრულებელი შოთა მუმლაძე ცდილობდა ფაქტობრივად ვეიძულებინე საკუთარი ხარჯით მომეხდინა დემოტაჟი, თუმცა ეს ნორმა არის დისპოზიციური და ითვალისწინებს ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღმასრულებელმა ორგანომ თავიდან აირიდოს კანონით დასკირებული ვალდებულება“, - აცხადებს ოლღა ხატიაშვილი.
ამ საქმეში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. კერძოდ, საქმეში არსებობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ნიკანორ მელიას კერძო საჩივარი, რომლითაც იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართავს და წერს, რომ ომარ კიზივაძე თანხმობას აცხადებს სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე, მაგრამ მას ამის სამართლებრივი შესაძლებლობა არ აქვს. მელიას განცხადებით, ომარ კიზივაძეს არქიტექტურის სამსახურიდან უნდა წარმოედგინა ნებართვა დემონტაჟზე, მაგრამ კიზივაძე არ არის რეგისტრირებელი ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ, დარეგისტრირებას კი ქონებაზე დადებული ყადაღა აბრკოლებს, რის გამოს კიზივაძე ვერც შესაბამის ნებართვას ღებულობს. ამიტომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ითხოვს, სასამართლომ განმარტოს, თუკი ომარ კიზივაძეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება არ შეუძლია, დასაშვებია, თუ არა, ეს საკუთარი ხარჯით განახორციელოს კრედიტორმა ან აღსრულების ბიურომ მშენებლობის ნებართვის გარეშე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის საჩვარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ოლღა ხატიაშვილის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. ადვოკატი თენგიზ სუპატაშვილი გაუგონარს უწოდებს იმ ფაქტს, რომ თავად აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი ამგვარ საჩივარს წერს და აცხადებს, რომ ასეთი პრეცენდენტი ჯერ არ შეხვედრია. ამასთანავე, მისი თქმით, ნიკანორ მელიას ეს ქმედება მხოლოდ დროის გაწელვა იყო და მეტი არაფერი, რადგან ამ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე რამდენჯერმე აქვს გამოტანილი. ოლღა ხატიაშვილი კი აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის ხელმძღვანელს ომარ კიზივაძის მფარველობაში ადანაშაულებს.
ხატიაშვილმა სასამართლოში ახლა უკვე აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი და ითხოვს, რომ აღსრულებული იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ომარ კიზივაძეს მის მიერ შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი დაევალა.
იმის გასარკვევად, თუ რატომ არ ხდება ამ საქმეზე აღსრულება, for.ge დაუკავშირდა აღმასრულებელ შოთა მუმლაძეს, რომელსაც ეს საქმე აქვს წარმოებაში. გთავაზობთ მასთან საუბრის ჩანაწერს.
თქვენს წარმოებაში არის საქმე ოლღა ხატიაშვილი ომარ კიზივაძის წინააღმდეგ, გახსოვთ ეს საქმე?
- დიახ, გისმენთ
ამ საქმეზე სასამართლომ უკვე რამდენჯერმე გამოიტანა გადაწყვეტილება და შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არ ხდება ამ გადაწყვეტილებების აღსრულება?
- ამჟამად საქმე ისევ სასამართლოშია და სასამართლოს შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ამ საქმეზე 2011 წელს სამჯერ იყო აღსრულების დღე ჩანიშნული, მაგრამ აღსრულება ჩაიშალა იმის გამო, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა. საერთოდ, სხვა შემთხვევებში აღსრულებას ეს ხელს არ უშლის და უცებ ხდება ხოლმე აღსრულება და ხატიაშვილის შემთხვევაში პრობლემები რატომ შეიქმნა?
- ქალბატონს თუ რაიმე კონკრეტული კითხვა აქვს, წერილობით მოგვმართოს და ვუპასუხებთ. დანარჩენს რაც შეეხება, საქმე სასამართლოშია და სასამართლო გადაწყვეტს ყველაფერს. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, კარგად ბრძანდებოდეთ.
ამის შემდეგ შოთა მუმლაძემ ტელეფონი გაგვითიშა. ჩვენ მასთან გვქონდა კითხვა, - თუკი მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აღსრულება კანონით დადგენილ ვადებში მიმდინარეობს, მაშინ რატომ ფერხდება აღსრულება ამ კონკრეტულ შემთხვევაში? ამასთანავე, შოთა მუმლაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუკი აღსრულება უკვე რამდენჯერმე ჩაინიშნა, რატომ არის მის განსახორციელებლად საჭირო კიდევ ერთი სასამართლო გადაწყვეტილება და კიდევ რამდენიმე კითხვა გვქონდა ბატონ მუმლაძესთან, მაგრამ ვინაიდან მან ჩვენთან საუბრის გაგრძელება არ ისურვა, ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა.