ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი კარბელაშვილის მანქანა წყნეთში მცხოვრებ 18 წლის ახალგაზრდას დაეჯახა. ამის შესახებ for.ge-ს თავად თვითმხილველებმა აცნობეს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ახალგაზრდის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. თუმცა, ამ ფაქტზე დღემდე არანაირი საქმე არ არის აღძრული.
წყნეთში ეს ინციდენტი რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით რვა საათზე, ერთ-ერთ გაჩერებასთან მოხდა, სადაც შუქნიშანიც არის დამონტაჟებული.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გაჩერებასთან იყო ჩამომჯდარი, როდესაც გამოჩნდა წყნეთიდან თბილისის მიმართულებით, დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი, რომელიც გიორგი კარბელაშვილს ემსახურება. იმის გამო, რომ კარბელაშვილი ბოლო პერიოდში წყნეთში ხშირად დადის, წყნეთელები მის მანქანას კარგად ცნობენ და დაბეჯითებით ამბობენ, რომ ეს მისი მანქანა იყო. თუმცა, ვერაფერს ამბობენ, თავად კარბელაშვილი იჯდა თუ არა ამ მანქანაში, როდესაც ეს ინციდენტი მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, ეს მანქანა, რომელიც წყნეთში, დასახლებულ ადგილას დიდი სიჩქარით მოძრაობდა ჯერ მერსედესის მარკის მანქანას დაეჯახა, ამის შემდეგ კი მიმართულება შეიცვალა და უკევ გაჩერებაზე მყოფ ბიჭს დაეჯახა და ქვეშ მოიყოლა.
როგორც ამბობობენ იგი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა ამჟამად მისი მდგომარეობის შესახებ წყნეთელებს ინფორმაცია არ გააჩნიათ. ისინი აცხადებენ, რომ დაშავებული წყნეთში მამიდასთან (ვინმე თათუნაშვილთან) სტუმრად იმყოფებოდა და შესაბამისად მისი ვინაობა მათთვის უცნობია. როგორც ჩანს, მისი ოჯახის წევრებსაც არ სურთ რაიმის თქმა.
თუკი იმ ფაქტს გავითვალისიწნებთ, რომ ამ თემაზე არავინ არაფერს ამბობს და შს სამინისტროში მომხდარი შემთხვევადაც კი არ არის დაფიქსირებული, ასევე არ არის საქმე აღძრული, ადვილი წარმოსადგენია, რომ ინციდენტში თავადაც კარბელაშვილიც არის გარეული და ამიტომაც ხდება ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება.
როგორც ჩანს, დაზარალებულის ოჯახის წევრებიც იძულებულნი არიან, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ისინი ასე გაჩუმებულიყვნენ მაშინ, როდესაც ამ ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ყავს. მათივე უსაფრთხოების გამო კი მათ ვინაობას შეგნებულად არ ვახმოვანებთ.