წმინდა სინოდი ღვთისმსახურების აქციებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება

წმინდა სინოდი ღვთისმსახურების აქციებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება

წმინდა სინოდის მიერ, 5 ივლისს მიღებული განჩინების მოკლე ვერსიის მიხედვით, სინოდისთვის პოლიტიკურ აქციებში სასულიერო პირების მონაწილეობა მიუღებელია. განჩინებაში სინოდმა დააკონკრეტა თუ არა მცხეთაში „ქართული ოცნების“ აქციაზე მეუფე იობის (აქიაშვილი) მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხი, ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან მოკლე ვერსიაში ამაზე არაფერია ნათქვამი.

როგორც საპატრიარქოში გვითხრეს, წმინდა სინოდის განჩინების სრული ტექსტი საზოგადოებისთვის 6 ივლისს იქნება ხელმისაწვდომი.

განჩინების მოკლე შინაარსში, არც მეუფე სერაფიმეზე (ჯოჯუა) წერია რაიმე. ანუ, ჯერჯერობით, არც ისაა ცნობილი რა განაჩინა სინოდმა მეუფე სერაფიმესთან დაკავშირებით - დაგმო მისი საქციელი, მოიწონა, თუ სინოდმა ამაზე საერთოდ არ იმსჯელა. შეგახსენებთ, რომ სტუდია „ჯიენესის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელშიც მეუფე სერაფიმე ამბობს, რომ გიგი უგულავა ეკლესიის საქმეებში ერევა და სასულიერო პირებს ყვირილით ელაპარაკება, ხმაური მოჰყვა.

სინოდის განჩინების მოკლე შინაარსი საპატრიარქოს შენობაში ჟურნალისტებს მეუფე ანდრია (გვაზავამ) წაუკითხა, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება და ხაზი გაუსვა მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობას, ახალგაზრდების დასაქმების საკითხს. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს. ამიტომ, კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი.

წმიდა სინოდმა იმსჯელა ბაგრატის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებითაც და განაჩინა - ეკლესია მომხრეა ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის, მაგრამ ვინაიდან დასავლეთ მკლავის რესტავრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია აქ სამუშაოები გაგრძელდეს საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროს და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით.

განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი აცხადებს - სადღეისოდ წარმოდგენილი „აიდი ბარათის“ ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის მელქისედეკის წარდგინებით წმინდანად შეირაცხა საინგილოში მოღვაწე, რწმენისთვის  თავდადებული მღვდელი მიქაელ ყულოშვილი. მისი ხსენების დღედ დადგინდა 5 ივლისი.

წმინდა სინოდმა განაჩინა - ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი კომუნისტების მმართველობის ხანაში მიზანმიმართულად შეიცვალა და გაყალბდა საისტორიო შეხედულება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრების შესახებ და იკვეთებოდა აზრი, რომ თითქოს დასავლეთ საქართველო მეოთხე-მეათე საუკუნეებში (ანუ ექვსასი წლის მანძილზე) არ იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, ასევე არ შედიოდა სხვა ზოგიერთი ისტორიული რეგიონიც, ჩრდილო, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში, დაევალოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, რომ გადადგას რეალური და ქმედითი ნაბიჯები ათეისტურ პერიოდში შემუშავებული იდეოლოგიის ნაცვლად საქართველოს ნამდვილი ისტორიის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის, ხელი შეეწყოს მეუფე ანანია ჯაფარიძეს მიერ წარმოდგენილი მასალის დაბეჭდვას და იმ ჭეშმარიტი აზრის განმტკიცებას, რის შესახებაც ივანე ჯავახიშვილი ბრძანებს; ანდრია მოციქულის და წმინდა ნინოს საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი; საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონია, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღწვოდნენ.

და ბოლოს, წმინდა სინოდზე ითქვა, რომ დღეს აფხაზებიც და ოსებიც უკვე ხშირად გამოთქვამენ აზრზს, რომ საქართველოსგან გამოყოფამ მათ არსებობას შეუქმნა საშიშროება. დაადგინდესვ - ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ აღდგეს ძველი ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და უფრო ნათლად მოხდეს გაცნობიერება იმისა, რომ  ამ კავშირშია მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტია“.