რამდენიმე დღის წინ ქსნის ციხეში მჯდომმა 700 პატიმარმა საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე განცხადება დაწერა, სადაც პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებია აღწერილი. ამ შვიდასი პატიმრიდან სამმა ზურაბ ნასყიდაშვილმა, პაატა მოდებაძემ და ბესიკ გულედანმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ პატიმრების მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ფაქტებზე გამოძიებას მისცენ ჩვენება. ამასთანავე, დღეს მათ დაწერეს საჩივრები, სადაც მათზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს დეტალურად აღწერენ და ეს საჩივრები ხვალ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იქნება შეტანილი.
ეს პრაქტიკულად უპრეცენდენტო შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე ასეული პატიმარი ხელს აწერს საჩივარს, ხოლო რამდენიმე მათგანი პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებასთან თანამშრომლობასაც აპირებს. აღსანიშნავია, რომ ორიოდე დღის წინ სამივე პატიმარი, რომელმაც თავიანთი ვინაობა განასაჯაროვა, ქსნის დაწესებულებიდან ორთაჭალაში, ე.წ. „კრიტში“ გადაიყვანეს, სადაც ისინი ადვოკატებმა მოინახულეს და სწორედ ადვოკატებმა გამოიტანეს ეს საჩივრები.
ამონარიდები პატიმრების მიერ დაწერილი საჩივრებიდან
ბესიკ გულედანი: „ქსნის N15 დაწესებულებაში მიყვანის დღეს დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ გასცა ბრძანება მე და კიდევ 20-25 პატიმარი (მათ შორის ზურაბ ნასყიდაშვილიც), განსაკუთრებით ქურდობასა და ყაჩაღობისთვის გასამართლებულები, ვეცემეთ. დაახლოებით 15 ადამიანმა, რომელთაგან ზოგიერთს ამოვიცნობ, უმიზეზოდ, დაშინების მიზნით გვცემეს, თან გვაგინებდნენ. ცემა მოხდა ჩვენი ქსანში მიყვანის დღეს, დაწესებულების მისაღებ დარბაზში დაახლოებით 14-15 საათზე. ხელბორკილები არ გვქონდა დადებული, მაგრამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ მათ უკანონო მოქმედებებს, რადგან დახურულ სივრცეში ვყავდით ჩაკეტილი. ამასთანავე, ხელი რომ შეგვებრუნებინა, დამატებითი სასჯელით გვემუქრებოდნენ. ამის გამო შეშინებულებმა ექსპერტიზის ჩატარებაც კი ვერ მოვითხოვეთ ჩვენთვის მოყენებული დაზიანებების დასაფიქსირებლად, რაც სხეულზე მრავლად გვეტყობოდა.
ჩემი ცემა დაახლოებით 3-5 წუთი გაგრძელდა. მე მათ ვეუბნებოდი, რომ შიდსით და “C” ჰეპატიტით ვიყავი დაავადებული და ვთხოვდი ჩემი ცემა შეეწყვიტათ, მაგრამ მათ არ შეისმინეს. ამ ცემის გამო შეშინებულს არც ციხის ექიმისთვის მიმიმართავს და არც ახლობლებისა და ადვოკატისთვის მითქვამს რამე. ამ ფაქტის შესახებ პირველად 2012 წლის 22 ივნისს ციხეში შემოსულ სახალხო დამცველის თანამშრომლებს მოვუყევი“.
პაატა მოდებაძე: „2011 წლის 20 აპრილს ქსნის N15 დაწესებულებაში გადამიყვანეს. საპყრობილეში მისვლისას ე.წ. „ვახტაში“ მცემეს. ჩემი ცემის დროს ადგილზე იყვნენ უშუალოდ ციხის უფროსი, მისი მოადგილე და კიდევს სხვა თანამშრომლები. შემდეგ გადამიყვანეს „ზონაში“, სადაც აბანოში შემიყვანეს და იქ სამი დღე ვიყავი. სამი დღის შემდეგ გამიყვანეს სხვა ოთახში და თმები გადამპარსეს, რა დროსაც მუხლებზე დადგომა მომთხოვეს. მე ამაზე უარი ვთვი, რადგან მენისკი მაქვს და ეს ვუთხარი კიდეც. ამან ციხის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ზურგში დამიწყეს ფეხებით ცემა...
შემომთავაზეს, ჩვენთან ითანამშრომლეო, რაზეც უარი ვუთხარი. ამის გამო ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელმა ვინმე გიორგიმ წყლის პლასტმასის მილი გადამარტყა ზურგზე, შემდეგ ორი ცალი ასეთივე მილი ყელში წამიჭირა და სანამ არ გავშავდი, არ შემეშვა. როდესაც გამიშვა, ვუთხარი - ასთმა მაქვს და შემოგაგკვდები-მეთქი და დამანება თავი. ამის შემდეგ ყოველდღიურად მათი მხრიდან იყო გამომწვევი საუბრები და შეურაცხყოფას მაყენებდნენ.
ერთხელ იმის გამო, რომ ერთ-ერთ პატიმარს გადავძახე, ჩაი დავლიოთ-მეთქი, დამსაჯეს და ორპირში ე.წ. კუთხეში დამაყენეს. რამდენჯერმე ვუთხარი, რომ მციოდა და ფანჯრების დახურვა ვთხოვე, რაზეც უარი მითხრეს. მე თვითონ დავხურე ფანჯრები. ამაზე ოფიცერმა დათომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, რაზეც მეც იგივეთი ვუპასუხე. ამის გამო გადამიყვანეს „ვახტაზე“ და მცემეს, ლეჟავამ და კიდევ დაახლოებით შვიდმა კაცმა. ამის შემდეგ ლეჟავამ ე.წ. „ნარუჩნიკები“ მოატანინა, ხელბორკილებით იქვე მდგარ ტურნიკზე ჩამომკიდა და ელექტროშოკით მაწამებდა. დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში ტურნიკზე ვყავდი დაკიდებული, რის შემდეგაც კარცერში გადამიყვანეს და 20 დღე მომისაჯეს“.
ზურაბ ნასყიდაშვილი: „ქსნის N15 დაწესებულებაში მოხვედრის დღიდან ციხის თანამშრომლები აგრესიულად მექცევიან. კერძოდ, მიყვანის დღესვე საბადრაგო მანქანიდან გადმოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს. გარდა ამისა, ციხეში დამხვდა აუტანელი პირობები. ორი დღის განმავლობაში 15-20 კვადრატული მეტრი ფართის საკანში 20-25 კაცი ვიმყოფებოდით. შემდეგ საკნებში გადაგვიყვანეს. საკანში ყოფნის პერიოდში მთხოვდნენ წვერის გაპარსვას, მაგრამ საპარს საშუალებებს, საპონსა და „ბრიტვას“ არ მაძლევდნენ. სასადილოში პურის აღების დროს მოითხოვდნენ ხელები უკან მჭეროდა და ასე პურის ზურგს უკან დაჭერით საკანში გადაადგილებას. ასეთი კადრები მხოლოდ ნაცისტებზე გადაღებულ ფილმებში მაქვს ნანახი.“
ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრებს ბოლომდე დაიცავენ
ამ სამი პატიმრის საჩივარი for.ge-ს „ქართული ოცნების“ წევრმა, ადვოკატმა თედო კობახიძემ მიაწოდა. ადვოკატი ამბობს, რომ საჩივრები საქართველოს გენერალურ პროკურატურაში იქნება შეტანილი. მისი თქმით, ორი დღის წინ ქსნის N15 დაწესებულებასთან „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელსაც „ქართული ოცნებიდან“ თედო კობახიძე და ელისო ჩაფიძე ესწრებოდნენ. ამ აქციაზე სწორედ ზემოთხსენებული სამი პატიმრის ვინაობა გაჟღერდა და როდესაც კობახიძემ გაიგო, რომ მათ მიერ განცხადება დაახლოებით ორი კვირის წინ იყო დაწერილი, ამბობს, რომ მიხვდა, ამ პატიმრების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მხოლოდ აქცია მათ ვერ უშველიდა. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ეს პატიმრები ციხეში ადვოკატებს უნდა მოენახულებინათ.
„ჩვენი ადვოკატები ქსანში ჩავიდნენ, რათა ეს პატიმრები ენახათ. ჩვენი ეჭვები გამართლდა და აღმოჩნდა, რომ ეს სამი პატიმარი იქ აღარ იყო. ჩვენს ადვოკატებს ადგილზე განუცხადეს, რომ ეს პატიმრები ორთაჭალაში N1 დაწესებულებაში, ე.წ. „კრიტში“ იყვნენ გადაყვანილები“, - აცხადებს თედო კობახიძე.
მისი თქმით, დღეს ადვოკატებმა „კრიტში“ ეს სამი პატიმარი მოინახულეს. ადვოკატები შიშობდნენ, რომ პატიმრების მიერ ასე ღიად პროტესტის გამოხატვის შემდეგ მათზე შესაძლებელი იყო ფიზიკური ზეწოლა განხორციელებულიყო. საბედნიეროდ, ეს ეჭვები არ გამართლდა და პატიმრებს ამჟამად ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ ეტყობათ. თუმცა ქართულ რეალობაში ხშირად ხდება, რომ ციხიდან ადვოკატს გამოაქვს ინფორმაცია პატიმრის წამების შემდეგ, მოგვიანებით თავად პატიმარი გადათქვამს ხოლმე ამას და სიჩუმეს ამჯობინებს, რადგან საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უფრთხილდება. ჩვენს კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ სამი პატიმრის შემთხვევაშიც ასე მოხდეს, თედო კობახიძე პასუხობს, რომ აქ განსხვავებული სიტუაციაა, რადგან პატიმრების მიერ საჩივრები უკვე დაწერილია და მათ გენერალურ პროკურატურაში შეიტანენ. თედო კობახიძე ამბობს, რომ ის და მისი ადვოკატები პატიმრებს არ მიატოვებენ, უბრალოდ, თავად პატიმრებმა არ უნდა თქვან უარი საკუთარი უფლებების დაცვაზე და ადვოკატებთან ერთად ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ, რათა დამნაშავე პირები დაისაჯონ.
აქვე თედო კობახიძე აღნიშნავს, რომ 700 პატიმარი უკვე სერიოზული ძალაა და ალბათ, ამიტომაც მოხდა ქსნიდან პატიმრების სხვადასხვა დაწესებულებებში ეტაპირება.
„შეგახსენებთ ილგარ მამედზადეს შემთხვევას, როდესაც ციხეში პატიმრებს შორის სერიოზული უკმაყოფილება მწიფდებოდა. მაშინ ისინი ასე ვთქვათ, დაშალეს და სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილეს. არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და სწორედ ამიტომ მოხდა ქსნიდან პატიმრების სხვა დაწესებულებებში გადასროლა“, - აღნიშნავს თედო კობახიძე.