ტარასი წავიდა, 53-ე სკოლა თავისუფალია!

ტარასი წავიდა, 53-ე სკოლა თავისუფალია!

ეს ისტორიული სიტყვები 53-ე სკოლელებმაც, შეიძლება, გაიმეორონ. 53-ე სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს. ტარას შავშიშვილი კი 122-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა მარიამ რამინაშვილმა შეცვალა. პედაგოგთა თქმით, შავშიშვილი განათლების სამინისტროში გადაჰყავთ, თუმცა რომელ თანამდებობაზე, არ კონკრეტდება. იმის გამო, რომ თავად შაშკინი თავდაცვის სისტემას უხელმძღვანელებს, გამორიცხული არაა, ტარას შავშიშვილი, როგორც შაშკინის კადრი და მეგობარი, ამ უწყებაში ვიხილოთ. შესაძლოა, კონფლიქტოლოგიის განხრითაც, რადგან ტარას შავშიშვილს  თავისი „კონფლიქტოლოგობით“ ხშირად უამაყია.

რაც შეეხება 53-ე სკოლას, ამ საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებმა დირექტორ ტარასისადმი „მადლიერი“ დამოკიდებულება ბოლო ზარზე ვიდეორგოლით გამოხატეს. ორწუთიანი ვიდეორგოლის მეშვეობით მათ არა მარტო საკუთარი სკოლის დირექტორის, არამედ მთლიანად, განათლების სისტემისა და  ქვეყანაში არსებული ვითარება აჩვენეს:

„ბედნიერი ვარ, რომ 53-ე სკოლაში სწავლა მომიწია ბატონ ტარას შავშიშვილის დირექტორობის პერიოდში“, „მას შემდეგ, რაც ტარას შავშიშვილი ჩვენს სკოლაში დირექტორად მოვიდა, აღარ იზღუდება სიტყვის თავისუფლება“, „მომწონს დირექტორის ურთიერთობა მოსწავლეებთან“, „ყველა სკოლას ვუსურვებდი, რომ ტარას შავშიშვილის მსგავსი დირექტორები ჰყავდეთ“, „მოხარული ვარ, რომ დირექტორსა და მანდატურებს შორის ასეთი ახლო და მეგობრული ურთიერთობაა“, „მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ტატოს მოსვლის შემდეგ ძალიან დაუახლოვდა სკოლა და პატრული ერთმანეთს, რის გამოც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ტატოს, რადგან თავს ძალიან დაცულად ვგრძნობ“.

ყოველივე ამის შემდეგ კამერა უკან იხევს და ბავშვები სრულად ჩნდებიან კადრში - ხელებშეკრულნი და დაჩოქილნი... ნიღბიანები და შეიარაღებული პირები კი თავს ადგანან და აიძულებენ, არარსებულზე დამაჯერებლად ილაპარაკონ...

ტარას შავშიშვილის პერსონამ თავისი დაღი დაასვა ამავე სკოლის მოსწავლეს - 15 წლის მიხეილ ალექსიძეს, რომელიც დღემდე ვერ გამოსულა სტრესიდან და უკონტაქტო გახდა. ტარას შავშიშვილის მითითებით, მოზარდი სკოლიდან მისი, როგორც დირექტორის, შეურაცხყოფის მომიზეზებით დაითხოვეს. მაშინ, როცა ამ ფაქტს მანდატურებიც არ ადასტურებდნენ. მას შემდეგ ალექსიძეს არცერთი სკოლა არ იღებდა. არასრულწლოვნების მიუხედავად, მიხეილ ალექსიძე სასამართლო გამოცდილებასაც ეზიარა, სადაც, მოსამართლეებზე ეფექტის მოსახდენად, სორბონა დამთავრებული ტარას შავშიშვილი მის მიერ კონფლიქტების თემატიკაზე დაწერილი წიგნებით წარსდგა, თუმცა მოსამართლის მოხიბვლის ნაცვლად, მისი გაოცება დაიმსახურა: 15 წლის ბავშვთან ვერ დაამყარეთ წესრიგი და რომელ კონფლიქტების მოგვარებაზე ლაპარაკობთო?!   

ტარას შავშიშვილის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები მე-14 სკოლის დირექტორს ზვიად მიმინოშვილსაც შეეხო. ამ ჩანაწერით მტკიცდება, რომ შავშიშვილი მიმინოშვილს არწმუნებს, მისთვის უმჯობესია, თანამდებობა დატოვოს, რადგან ეს საკითხი განათლების მინისტრსა და გენინსპექციასთანაა შეთანხმებული. ამის პასუხად ზვიად მიმინოშვილი აღნიშნავს: ქურდების საშუალებით ვერა, მაგრამ სამართლებრივად გავარკვევ, რას მერჩიან, რას მემართლებიან.

For.ge ტარას შავშიშვილისგან დევნილი მოსწავლის - მიხეილ ალექსიძის დედას - ლალი ლეკიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, დიდი უსამართლობა იყო, რაც ამ დირექტორმა დაამყარა სკოლაში. ეს იყო საშინელი რეჟიმი, უზნეობა, რადგან შავშიშვილს ტყულებისა და შიშის ნიადაგზე სურდა წესრიგის დამყარება.

„უსიყვარულოდ ბავშვებთან ურთიერთობა კი არა, საერთოდ, არაფერი არ გამოდის. ის, რაც ტარასიმ მოინდომა, ეს იყო თაობის გარყვნა. ვუთხარი კიდეც, რომ თქვენ ამ საქციელით საქართველოს მტრებს გაუზრდით. ეს ხელისუფლება არასდროს ეყვარება ამ თაობას, რადგან ბავშვებმა დაინახეს, რომ თურმე ძალიან ადვილად შეიძლება, დირექტორმა მოიტყუოს. ბავშვებმა თვალნათლივ დაინახეს შანტაჟი და ბრალდებები, როგორც დირექტორის, ისე ცრუმოწმეების მხრიდან. ფაქიზი ასაკი აქვთ და მათზე ეს უარყოფითად მოქმედებს“.

ლალი ლეკიშვილი აღიარებს, რომ პირადად მან შვება იგრძნო, როცა უზნეო ადამიანი ბავშვებს მოსცილდა, მაგრამ, როდესაც საკუთარ ვაჟს აცნობა, დირექტორი მოხსნესო, იგი მიუტრიალდა და უთხრა, არ გრცხვენია, რა გაგიხარდაო?!

„მე კიდევ არ ვიცნობ ჩემს შვილს და მართლა ბედნიერი დედა ვარ, რომ ასეთი გამიზარდია. მოგეხსენებათ, სტიქაროსანი იყო, ამჟამად ტაძარშიც აღარ დადის, იმხელა დეპრესია აქვს. სულ ორჯერ იყო ტაძარში. ვერ გამოვიდა დეპრესიიდან, ძალიან უკონტაქტოა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლას წლები დასჭირდება“.

დღემდე მიხეილ ალექსიძე სკოლაში არ დადის. რესურსცენტრში ექსტერნის წესით ჩააბარა მე-11 კლასის გამოცდები. ლალი ლეკიშვილი 77-ე სკოლის მადლიერია, რადგან დარაჯიდან დაწყებული, დირექტორის, პედაგოგების ჩათვლით, ყურადღებას იჩენდნენ მისი შვილის მიმართ. თანაგრძნობით ხვდებოდნენ და ისეთი თბილი გარემო შეუქმნა დირექტორმა, რომ მოზარდმა გამოცდები ჩააბარა. არადა, ხუთთვე ნახევრის განმავლობაში მას ეზღუდებოდა სკოლაში სწავლება. სავარაუდოდ, პრობლემა სექტემბრიდან მოიხსნება, რადგან რესურსცენტრში უფლება დართეს, ნებისმიერ სკოლაში მიიყვანეთო.

„53-ე სკოლაში ტარას შავშიშვილი რის მიხედვით შეარჩიეს და ის იყო შაშკინის დანიშნული, სწორედ შაშკინმა მოიყვანა და დაუსვა სკოლას. არავის აურჩევია. სკოლის მოსწავლეებმა ტარას შავშიშვილისადმი განწყობა ორდღიანი საპროტესტო აქციით გამოხატეს, მთელი სკოლა იყო გამოსული. ვიდეორგოლის ჩაწერის იმპულსიც, ალბათ, ჩემი შვილისადმი გამოჩენილი უსამართლობა იყო. ყველა ბოდიშს მიხდიდა, თანაგრძნობა სხვაგვარად ვერ გამოვხატეთ და მხოლოდ ამ სახით ვაპროტესტებთ რეჟიმს, რაც ტარასიმ დაამყარაო. ტარას შავშიშვილმა მე-14 სკოლის დირექტორს რაც გაუკეთა, მარტო ამის გამოა დასაჭერი“.

მოზარდის დედა მიიჩნევს, რომ წესრიგი მართლაც უნდა დამყარდეს სკოლაში, მაგრამ ტარას შავშიშვილი შიშს თესავდა. ამასთან, ლალი ლეკიშვილი მანდატურსაც ემადლიერება, „მანდატურები ძალიან კარგი გოგონები იყვნენ და ბევრმა მათგანმა დადებითად დაახასიათა ჩემი შვილი“.

„ტარასი წიგნებით გამოცხადდა სასამართლოზე, წიგნები დავწერე კონფლიქტების მოგვარებაზეო. მოსამართლეს თავი გააცნო, მე ვარ პროფესორი, სორბონა დამთავრებული, ფრანგისტი, ფსიქოლოგი. რატომღაც აქედან იწყებდა საუბარს, მერე მოსამართლემ უთხრა, 15 წლის ბავშვთან ვერ დაამყარეთ წესრიგი და რომელ კონფლიქტების მოგვარებაზე ლაპარაკობთო? მახსოვს, ჩემმა შვილმა ბოლო სიტყვაში უთხრა, რეგალიები არ გაკლიათ, პროფესორიც ხართ და დირექტორიც, მაგრამ მთავარი არ გაქვთ - გული, სიმართლე და სიყვარული და ეს არის თქვენი უბედურება“.

მოზარდის დედა ვერ გვიკონკრეტებს, თუ სად გადაიყვანეს ტარას შავშიშვილი, მაგრამ ასეთი კადრის შემატებას იმ ორგანიზაციის უბედურებად მიიჩნევს, სადაც მას გადაიყვანენ. ამასთან, დარწმუნებულია, რომ ტარასი კიდევ „გამოიჩენს“ თავს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტარას შავშიშვილის სკოლაში მისვლის შემდეგ მშობლების უმეტესობას სხვა სკოლებში გადაჰყავდა ბავშვები. ასე მოიქცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც. ლალი ლეკიშვილი ერთ ისტორიასაც იხსენებს, როცა ერთ-ერთი მოზარდის მშობლებს, რომელსაც ბებია და ბაბუა აკადემიკოსები ჰყავდა, ამ სკანდალურმა დირექტორმა ურჩია  - ბავშვი სკოლიდან წაიყვანეთ, აუცილებელი არაა, ყველამ სკოლა დაამთავროს, სადურგლო ცეხი მაქვს და იქ იმუშაოს, ან მიმტანადო. მოზარდის მშობლებმა კი უთხრეს, ჯერ შენ წადი მაგ სამსახურებშიო.

თავად ტარასიმ 23-ე სკოლა დაამთავრა. სხვათაშორის, კარგი ბებია ჰყოლია და ბავშვობაში ბებიას ეკლესიაში დაჰყავდა, მამა სოკრატეს სტიქაროსანიც იყო. თუმცა, როცა მამა სოკრატემ 53-ე სკოლაში მომხდარის შესახებ შეიტყო, ლალი ლეკიშვილს უთხრა, მოსაკლავი მე ვარ, კაცად ვერ გავზარდეო და ბოდიში მოუხადა.

„საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა 53-ს სკოლიდან ტარასი შავშიშვილის წასვლის შესახებ For.ge-სგან შეიტყო და ტარასის სავარაუდო დაწინაურებამ ღიმილი მოჰგვარა. ხოლო მისი, როგორც კონფლიქტოლიგის, რეგალიის შესახებ რომ გაიგო, მთლად გაიკვირვა:

„რომელი კონფლიქტოლოგი ტარასი იყო?! სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ისეთი ვითარებაა, განათლების მინისტრის მოადგილედ რომ გადაიყვანონ ტარას შავშიშვილი, არ გამიკვირდება. კარგა ხანია, ტარასის ვიცნობ. პირველად რომ გავიცანი, მას შემდეგ, არ მეგონა, თუ ისეთი აღმოჩნდებოდა, როგორი ხასიათიც მე-11 კლასელ მოზარდთან ურთიერთობაში გამოავლინა. რა თქმა უნდა, ეს საკითხავიც არაა, რომ ბავშვთან მომხდარ ინციდენტში ტარასი მართალი არ იყო“, - გვითხრა მაია მიმინოშვილმა.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო პორტჟებსკაიამ For.ge-სთან საუბარში კატეგორიულად უარყო, რომ ტარასი შავშიშვილი განათლების სამინისტროში გადაიყვანეს. თუმცა აღნიშნა, რომ იგი არავის გაუთავისუფლებია, უბრალოდ, საკუთარი სურვილით  სხვა ადგილას გადავიდა.

პორტჟებსკაიამ ვერც ის დაადასტურა, მოზარდთან კონფლიქტის გამო ხომ არ შეწყდა ტარას შავშვიშვილის სკოლაში მოღვაწეობის კარიერა.

„ამჟამად სად დაიწყო მუშაობა, ვერ გეტყვით. განათლების სამინისტროში კი იგი არ არის“, - აღნიშნა ნინო პორტჟებსკაიამ.