„გლობალ-ტვ“ „მაესტრომ“ ჩაანაცვლა - რეგიონების სატელიტიზაცია იწყება

„გლობალ-ტვ“ „მაესტრომ“ ჩაანაცვლა - რეგიონების სატელიტიზაცია იწყება

 

ტელეკომპანია „მაესტრო“ რამდენიმე დღეში რეგიონების მოსახლეობისთვის სატელიტური თეფშების დარიგებას დაიწყებს. ეს იქნება დაახლოებით ერთთვიანი აქცია სახელწოდებით „მაესტრო ყველა ოჯახში“ და მოემსახურება მიზანს, რომ რეგიონებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეძლოს „მაესტროს“ გადაცემების ყურება.

ამ ეტაპზე აქციის კონკრეტულ პირობებზე საუბარი არხის გენერალურ დირექტორს, ბაჩო კიკაბიძეს უჭირს, რადგან მისი თქმით, ამჟამად ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა აქვე იგი აღნიშნავს, აქციის პირობები რეგიონის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და მსუბუქი იქნება.

„აქციის პირობებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და ამიტომ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან მსუბუქი პირობები და რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნავს ბაჩო კიკაბიძე for.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, აქცია მხოლოდ რეგიონებს შეეხება, რადგან თბილისში ვისაც „მაესტროს“ ყურების სურვილი აქვს, ამის საშუალება მეტ-ნაკლებად არსებობს, არსებობს საკაბელო ქსელები და „მაესტროს“ ყველა იღებს. ამასთანავე, კიკაბიძე ამბობს, რომ მართალია „მაესტრო“ თბილისის მასშტაბით ყველაზე ყურებადი ტელევიზიის სახელით სარგებლობს, მაგრამ არხის მესვეურები მის შემდგომ განვითარებაზე ზრუნავენ და ეს ახალი პროექტიც ამ მიზანს ემსახურება.

ბაჩო კიკაბიძის თქმით, ამჟამად „მაესტროს“ სატელიტური თეფშები არ აქვს და უნდა შეიძინოს.

შეგახსენებთ რა მეთოდებით ებრძვის ხელისუფლება „გლობალ TV“-ს და „მეცხრე არხს“. მათ მიერ საქართველოს საზღვრებს გარეთ შეძენილი სხვადასხვა სახის მოწყობილობები საქართველოს საბაჟოზე ჯერ უაზროდ დიდხანს ჩერდებოდა, შემდეგ კი მესაკუთრეს დაზიანებული გადაეცემოდა და მას სერიოზულ ფინანსურ ზარალსაც აყენებდა. ბოლოს კი კონტროლის პალატის მითითების საფუძველზე „გლობალ TV“-ს 300 000-მდე სატელიტური თეფში დაუყადაღეს, რისთვისაც მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზული სპეცოპერაცია ჩატარდა. ამიტომ, ბუნებრივია ჩნდება კითხვა - ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლება იგივე მეთოდებს „მაესტროს“ წინააღმდეგ?

ამ კითხვაზე ბაჩო კიკაბიძე პასუხობს, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია, „მაესტრო“ ჩვეულებრივი კომერციული კომპანიაა და კომერციული პროექტის განხორციელებას იწყებს.

„სიმართლე გითხრათ, მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ ხელისუფლებას არანაირი საფუძველი აქვს, რომ რამეზე შემომედავოს. ჩემი საქმიანობაა სატელევიზიო სიგნალის გავრცელება, რაც ამავდროულად სატელევიზიო პროდუქციის შექმნაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რამე პრობლემა შემექმნას“, - ამბობს ბაჩო კიკაბიძე.

მისი თქმით, „მაესტროს“ სატელიტური თეფშები დაახლოებით 300 არხის ჩვენებას განახორციელებს და მათ შორის იქნება ყველა ქართული არხი, რომელიც სატელიტზე მაუწყებლობს. რაც შეეხება ამ აქციისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს, ბაჩო კიკაბიძის თქმით, მას „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მაკა ასათიანი უზრუნველყოფს.

„მოგეხსენებათ, „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მაკა ასათიანი, რომელმაც ამ პროექტის დაფინანსებისთვის მზაობა გამოთქვა და სავარაუდოდ 4-5 დღეში ჩვენ უკვე მასიურად დავიწყებთ თეფშების დამონტაჟებას“, - აღნიშნავს კიკაბიძე.

ამის პარალელურად ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სატელიტური თეფშების დარიგება ტელეკომპანია „მეცხრე არხმაც“ დაიწყოს. ეს ინფორმაცია  for.ge-მ ახრის გენერალურ დირექტორ, კახა ბექაურთან გადაამოწმა. კახა ბექაური არ უარყოფს ამგვარ შესაძლებლობას და აცხადებს, რომ არხის გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

„არხის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, გვაქვს რამდენიმე იდეა, რომლებსაც ვამუშავებთ. ჯერჯერობით, კონკრეტულ დეტალებზე ჩამოყალიბებულები არ ვართ და როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, მას საჯაროს გავხდით და მოქმედებასაც დავიწყებთ“,- აცხადებს კახა ბექაური for.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. must carry-ს პრინციპი დაამტკიცა. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ყველა საკაბელო ოპერატორი ვალდებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან თავად არჩევნების დღემდე ყველა ტელეარხი ჩართოს საკუთარ ქსელში, მაგრამ ამ კანონს ორი სერიოზული ხარვეზი აქვს. პირველი არის ის, რომ ეს ვალდებულება არ ვრცელდება არჩევნების დღის შემდგომ პერიოდზე. ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კი ითხოვდნენ, რომ იგი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელებულიყო. მეორე მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ამ კანონში არ არის გათვალისწინებული სანქციები, რაც დაეკისრება საკაბელო ოპერატორს, რომელიც თავის ქსელში რომელიმე კონკრეტულ სატელევიზიო არხს არ ჩართავს. ამდენად, must carry-ს არსებული ნორმა პრაქტიკულად არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ეს პრინციპი ზოგადად ითვალისწინებს. შესაბამისაც, სატელევიზიო არხებს, რომლებსაც ხელისუფლება არ მფარველობს, თავად უწევთ იმაზე ზრუნვა, რომ არჩევნებამდე პერიოდში მაქსიმალურად მეტ მაყურებელს მიაწოდონ თავიანთი სატელევიზიო პროდუქტი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი აქციაც სატელიტური თეფშების დარიგებასთან დაკავშირებით.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „გლობალ TV“-ს და „მეცხრე არხის“ მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, ამ პროექტის განხორციელების პირობებში „მაესტროზეც“ იყოს გარკვეული ზეწოლა.