ივანიშვილის აშენებულ რაგბის კომპლექსს სააკაშვილი გახსნის?!

ივანიშვილის აშენებულ რაგბის კომპლექსს სააკაშვილი გახსნის?!

რუსთავის  მე-18 მ/რ-ში რაგბის ევროპული სტანდარტების კომპლექსი შენდება. სამი მოედანი, ფიტნეს კაბინეტი, საშხაპეები, გასახდელები, სავარჯიშო ქვიშიანი მოედანი, საშხაპეებში მოწყობილი მცირე აუზები  და თითქმის 3 000 კაცზე გათვლილი მაყურებლის  ადგილი - ასეთია რაგბის კომპლექსი, რომელსაც რუსთაველებს ივანიშვილი უშენებს.

„ქართუ ჯგუფში“ შემავალი საქველმოქმედო-სამშენებო კომპანია „ატუ“ 2011 წლის მარტის თვიდან, რუსთავში რაგბის ევროსტანდარტების კომპლექსს აშენებს. მშენებლობა სექტემბერში დასრულდება. „ატუს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპლექსისთვის საჭირო ყველანაირ ინვეტარს თავად შეიძენენ და აბსოლუტურად აწყობილი კომპლექსის გასაღებს რაგბის ფედერაციას გადასცემენ.

რუსთავში მშენებარე რაგბის კომპლექსს დღის პირველ ნახევარში ვსტუმრობთ. მოედნები თითქმის დასრულებულია, მზადაა მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილების ყველაზე დიდი ფლანგი. კომპლექსში აშენებულია და დანაწილებულია ადმინისტრაციის ოთახები, გასახდელები და საშხაპეები. იწყება პარკინგისთვის განკუთვნილი ადგილების მოსწორება.

„კომპლექსი დაახლოებით 4-ნახევარ ჰექტარზეა გაშლილი. ყველაფერი ევროსტანდარტით კეთდება. სამუშაოებს აწარმოებს  ასოციაცია „ატუ“.  მოგეხსენებათ 2011 წელს შეიქმნა სახელმწიფო ფონდი, რომლიც რაგბის ფედერაციას ეხმარება. ამ ფონდს კი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

რუსთავში რაგბის სტადიონის მშენებლობა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 4 მილიონი ჯდება. დღეისთვის გახარჯულია 2 მილიონზე მეტი. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, სიმართლე უნდა ითქვას, ხელს არავინ გვიშლის. რაც შეუძლიათ გვეხმარებიან. სტადიონისთვის მიწა მოგვცეს, ასევე, წყლის გაყვანილობა თვითონ გაიყვანეს. გვაძლევენ სხვადსხვა სამშენებლო ნებართვებს და მუშაობაში ხელოვნურ დაბრკოლებებს არ გვიქმნიან.

ყველა ხედავს, რომ ქალაქისთვის კარგი საქმე კეთდება. მეც რუსთაველი ვარ და მიხარია, რომ ასეთი კომპლექსი ექნება ჩემს ქალაქს.  რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ ვინ გახსნის საზეიმოდ კომპლექსს ივანიშვილი, თუ სააკაშვილი - მე ვერაფერს გეტყვით. მე ერთადერთი რა მიზანიც მაქვს ამ საქმის ბოლომდე კარგად მიყვანაა“,  - საუბრობს, საქველმოქმედო-სამშენებლო კომპანია „ატუ“-ს წარმომადგენელი და რუსთავის რაგბის კომპლექსის სამუშაოთა მწარმოებელი, ნოდარ ბახტურიძე.

ბახტურიძე კომპლექსის გვათვალიერებინებს. ამბობს, რომ კომპლექსის მშენებლობის ყველა დეტალი რაგბის ფედერაციასთანაა  შეთანხმებული.

„რამდენიმე დღი წინ რაგბისტებიც გვესტუმრნენ. დაათვალიერეს აქაურობა. ბიჭებს გაუხარდათ, ასე თქვეს, ასეთი რამ  ჩვენ არ გვღირსებია-ო.

რაგბისტებისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი. საშხაპეებში  ცივი წყლის პატარა აუზები გავაკეთეთ. საერთოდ, თამაშის შემდეგ კუნთები აქვთ დაძაბული და ამ დაძაბულობის მოსახსნელდაა საჭიროა ასეთი აუზი“, - გვისხნის ბახტურიძე.

კომპლექსში მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილები თითქმის დამთავრებულია. აშენებულია სამთავრობო ლოჟა და კომენტატორების ადგილები. ახლა კეთდება ტაბლო.

ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ, რუსთავის რაგბის კომპლექსთან დაკავშირებით იშვიათად საუბრობენ ადგილობრივი საჯარო მოხელეები. გასულ წელს, თუ კომპლექსის მშენებლობის დასათვალიერებლად დავით  კირკიტაძე, რამაზ ნიკოლეიშვილი და ლადო ვარძელაშვილი ჟურნალისტების თანხლებით დადიოდნენ, დღეს ამ თემაზე ზედმეტ ხმაურს ერიდებიან. მშენებლობებს საჯარო მოხელეები კამერების გარეშე სტუმრობენ და ათვალიერებენ.

მათაც კარგად ესმით, რომ კომპლექსი რუსთაველი ახალგაზრდების  ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს. რაგბის კომპლესს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ შეჯიბრებების გარდა  ახალგაზრდა რაგბისტების მოსამზადებელ ბაზად იქცეს.

„ამას სააკაშვილი რომ აკეთებდეს აქამდე გადაგვჭამდა თავს. ცხრაჯერ მოვიდოდა და მოიყვანდა ჟურნალისტებს. ისიც არ გამიკვირდება, ამ კოპლექსის გასახსნელად ბიძინას ნაცვლად სააკაშვილი რომ  მობრძანდეს“ - ამბობს რუსთაველი მზია ნაჭყებია.