დავით მაღრაძე „ქართული აკადემიის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა. პოეტი, რომლის საყვარელი გამოთქმაცაა - „მამულისა ჩვეულებისაებრ სვლაი“ და, რომელიც არაერთ ტიტულთან ერთად, ბურბონთა სამეფო კარის მიერ მინიჭებული წმინდა გიორგის ორდენის კავალერი და რაინდის პირველი ხარისხის ტიტულის მფლობელია, მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობამ ღირსების დროშა უნდა დაიბრუნოს, რომელიც „უღირსმა მედროშემ ღირსეულად ვერ ატარა“.
თავად დავით მაღრაძე მისი ცხოვრების 50-ე წელიწადში დროშის ღირსეულად დაბრუნებას „ქართულ აკადემიასთან“ ერთად განაგრძობს. მართალია, „ქართული აკადემიის“ ხუთწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ეს პირველი გამონაკლისია, როცა ახალი წევრი მიიღეს, მაგრამ დავით მაღრაძისთვის ეს გამონაკლისი დაიშვა, რადგან, „ქართული აკადემიის“ წევრების თქმით, პოეტის სულიერება და ღირსებისადმი ლტოლვა მათთან სრულ თანხვედრაშია.
დავით მაღრაძის სამოქალაქო პოზიცია 27 მაისის აქციაზე მოსახლეობისადმი მოწოდებაშიც გამოვლინდა. იგი მიმართავდა თანამემამულეებს, გასულიყვნენ აქციაზე დემოკრატიისთვის, პროგრესისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო მოსმენების, დასმენების გარეშე, რომ აღმდგარიყო ჩვენი ხალხის ღირსება, რომ „საქართველოში საქართველო აღვადგინოთ“.
წლების წინ იგი საზოგადოებრივ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ თავმჯდომარეობდა და მაშინაც არ მალავდა, რომ საქართველოს ხელისუფლება „ყველაფერი ნებადართულიათი“ ხელმძღვანელობდა და ამ ადამიანებისთვის გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა გამოთქმა: „ზნეობრივი კანონი ჩემში“. ამ ორი ტენდენციის შეუთავსებლობა კი მუდმივ შიდააშლილობას იწვევდა საქართველოში, რაც ბუნდოვანს ხდიდა სამომავლო პერსპექტივას.
„ქართული აკადემიის“ წევრობა დავით მაღრაძის დაბადების 50 წელს დაამთხვიეს (დავით მაღრაძე რამდენიმე დღის წინ 50 წლის გახდა) და წევრად გახდომის შემდეგ მან სპეციალურ დეკლარაციასაც მოაწერა ხელი.
For.ge „ქართული აკადემიის“ დამფუძნებელს თემურ ნანეიშვილსა და ამავე აკადემიის წევრ ნუკრი ქანთარიას ესაუბრა.
თემურ ნანეიშვილის თქმით, დავით მაღრაძისა და მათი განწყობა აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს და დავით მაღრაძის „ქართულ აკადემიაში“ გაწევრიანება არ ნიშნავს, რომ „ქართული აკადემია“ ახალი წევრების მისაღებად კონკურსს გამოაცხადებს.
„უბრალოდ, დავით მაღრაძის შემთხვევაში, ეს ორმხრივი სურვილი იყო და მისი შემომატება ძალიან ბუნებრივად მოხდა. მით უმეტეს, დანაკლისიც გვქონდა და დაგვეღუპნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც ბატონი თენგიზ სანაძე და შოთა ნადირაშვილი გახლდნენ. წევრობაც არ იყო აუცილებელი, დავით მაღრაძესთან ერთად მიგვიღია გადაწყვეტილებები. ჩვენ მომავლის იმედი გვაქვს, ბრძოლას არ შევწყვეტთ და ასეთი კაცის შემატებით გავძლიერდით“.
თემურ ნანეიშვილის განმარტებით, ამიერიდან კონსულტაციებში დავით მაღრაძეც ჩაერთვება. მისი თქმით, უამრავი ადამიანია ღირსეული, მაგრამ ისინი ძალიან უფრთხილდებიან ერთობას, რომ ამა თუ იმ ადამიანმა დისონანსი არ შეიტანოს „ქართულ აკადემიაში“. გარდა ამისა, ადამიანური ხასიათის თავსებადობაც უნდა მოხდეს, რადგან, ასე თუ ისე, „ქართულმა აკადემიამ“ ქარტეხილებს ხუთი წლის მანძილზე გაუძლო.
რეჟისორ ნუკრი ქანთარიას თქმით, ისინი ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდნენ ახალი წევრების მიღებას, მაგრამ „ქართულმა აკადემიამ“ არაერთი სასიქადულო ადამიანი დაკარგა. ამდენად, მათ გადაწყვიტეს, შესანიშნავი პოეტისა და საზოგადო მოღვაწისთვის - დავით მაღრაძისთვის კარი გაეღოთ.
„ახალი წევრების მიღებას სიფრთხილით ვეკიდებოდით, რადგან არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაცია შექმნილა და შემდეგ გამქრალა, მათ შორის, ძალიან კარგი ხალხით დაკომპლექტებული ორგანიზაციებიც. „ქართული აკადემია“ კი თანამოაზრეთა ჯგუფი, ოჯახია და ამ ერთობას საკმაოდ ფაქიზად ვეკიდებით“, - გვითხრა ნუკრი ქანთარიამ.
რაც შეეხება „ქართული აკადემიის“ ხედვებს, ისინი დავით მაღრაძის გაწევრიანების შემდეგაც შეუცვლელი დარჩება.
For.ge დავით მაღრაძეს ესაუბრა. მისი თქმით, იგი უპარტიოა და ამ პოზიციას ინარჩუნებს. „ქართული აკადემიის“ წინადადება კი მარტივად მიიღო, რადგან აქ მოღვაწეობენ ისეთი ადამიანები, რომელთა ღვაწლს, ცხოვრებას, სამოქალაქო პოზიციას ძალიან დიდ პატივს სცემს. მეტიც, დავით მაღრაძე ამაყობს, რომ ბევრ მათგანთან მეგობრობა აკავშირებს და ისინი სამართლიანობის აღდგენის გზაზე თანამოაზრეები, თანამებრძოლები ყოფილან.
ჩვენს შეკითვაზე, „ქართული აკადემიის“ ფორმატიდან გამომდინარე, რომელიც პერიოდულად „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციებს აწვდის, რა რჩევის მიცემას აპირებს თავად იგი კოალიციისადმი, დავით მაღრაძე პასუხობს:
„ისეთი ცვალებადია სიტუაცია და ისეთი რთული დროა, რომ წინასწარ გამზადებული პროექტი არ მაქვს. უბრალოდ, „ქართული აკადემიის“ წევრებთან ერთად ვიმსჯელებ ყველა მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით. მთავარი ამოცანაა ერთობა, მოსახლეობის სულისკვეთების გამოხატვა, იმ ბრძოლის მხარდაჭერა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, რათა ქართულმა საზოგადოებამ ღირსეულად იცხოვროს და მოიცალოს იმ კეთილი საქმეებისთვის, რომლის კეთებაც მას ხელეწიფება“.
დავით მაღრაძის აზრით, სწავლა-განათლებით შემკული ქართული საზოგადოება ხელისუფლების შემოტევებს კი არ უნდა იგერიებდეს, არამედ თავის განათლებას უნდა ახმარდეს ერის სულიერ ენერგიას.
„ყველაფერ ამის ფონზე კი თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ხელისუფლება, ჩართეთ „რუსთავი 1“, „რუსთავი 2“, „რუსთავი 3“, „რუსთავი 4“... ესაა ისტერიული მდგომარეობა. მათ ჰგონიათ, რომ ყველა მათი ნაბიჯი არის ისტორიული. სინამდვილეში, კი მათი ნაბიჯები არის ისტერიული. ახლა მოემატათ ისტერიულობა. ამდენად, საქართველოს მოსახლეობა განაგრძობს თავის ბრძოლას სამართლიანობის აღდგენის გზაზე, თავისი ქვეყნის ძალადობისგან გასათავისუფლებლად არჩევნების გზით“, - აღნიშნა დავით მაღრაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება უკვე ცხადია და ისინი აპირებენ, ძალადობრივი გზით შეინარჩუნონ ძალაუფლება.
„ჩვენი ხელისუფალნი სხვა ქვეყანაში თუ იყრიან კენჭს, არ ვიცი. თორემ, საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა, რომ ამ ხელისუფლების მხარდამჭერი არ არის, არამედ იმ ძალის მხარდამჭერია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და ეს ერთსულოვნება გამოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოშიც და - დასავლეთშიც. ამერ-იმერი ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმდა“.
რაც შეეხება ჯონ ბასისა და NDI-ს პოზიციებს, დავით მაღრაძე მიიჩნევს, რომ ამერიკის ელჩისა და ამერიკული ორგანიზაციის თავშეკავებულ ნათქვამშიც გამოჩნდა ამერიკის პოზიცია - მათ უნდათ, კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას და ცივილური არჩევნები შედგეს.
„ამის შესახებ არაერთხელ გაისმა შეერთებული შტატების მხრიდან. ისინი მხარს არ უჭერენ ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ დემოკრატიის განვითარებას. ამას ვერცერთი მათი წარმომადგენელი ვერ უარყოფს. იცით, რა არის? საქართველოს მოსახლეობა თავად უნდა იყოს კატეგორიული გადაწყვეტილებებსა და არჩევანში. სხვა ქვეყანას კატეგორიულობას ვერ მოვთხოვთ. თუმცა არის ერთი მომენტი, აშშ-ის წინა ხელისუფლებისგან ჩვენი ხელისუფლების მისამართით იმდენი ქება ისმოდა, რომ დიდი სახელმწიფო და ზესახელმწიფო ასე ერთი მოსმით ვერ უარყოფს წინამორბედის ნათქვამს და წინა ხელისუფლების კრიტიკაში არ შევა, მაგრამ მხარს დაუჭერენ სამართალს და დემოკრატიულ პროცესს. მათაც დაინახეს, რომ ეს შეუქცევადია, ხალხი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ“.
რაც მთავარია, დავით მაღრაძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთმაც გაიგო, ამიერიდან მათ ისტერიულ ხალხთან კი არ მოუწევთ ურთიერთობა, არამედ - შეგნებულ, ნორმალურ საზოგადოებასთან.