თქვენ მათზე ისე ხართ დამოკიდებულნი, რომ ამას ვერც კი ხვდებით. თქვენი გზები არასოდეს გადაიკვეთება, მაგრამ თქვენი სიცოცხლე და თქვენი შვილების მომავალი მათ ხელშია, მათ ორგანაიზერებში და მათივე კომპიუტერებში. თქვენ არასოდეს გინახავთ ისინი, თუმცა უმუშევრობის მასშტაბები და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები სწორედ მათზეა დამოკიდებული. თქვენ მათთან არაფერი გაქვთ საერთო. რა უნდა ჰქონდეთ საერთო მოლარეს და ზეინკალს იმ ტიპებთან, რომლებიც სწავლობდნენ ჰარვარდში, მაგისტრატურა დაამთავრეს ტოკიოში, განთიადს უოლ სტრიტზე ან მადრიდის ბოლსეზე ხვდებიან და ნეოლიბერალიზმზე და მაკროეკონომიკურ რისკებზე საუბრისას წაღმა-უკუღმა ისვრიან ინგლისურ ტერმინებს, ისეთებს, როგორიცაა მაგალითად long-term capital menegment. არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ სადმე, ერთხელ მაინც გადაეყრებით რომელიმე ამ გაიძვერას, წუთში რომ შეუძლია მიწასთან გაასწოროს თქვენი ცხოვრება. და თუ მაინც შეხვდებით, მერედა ამით რა? ეს ფინანსური ზვიგენები, ექსპერტები, უშეცდომოდ, ყნოსვით რომ გრძნობენ საკუთარ ხეირს ყოველთვის ჩრდილში რჩებიან. ისინი მუდამ იმარჯვებენ.
(არტურო პერეს-რევერტე, „ცხოვრების ბატონ-პატრონები“)
ისინი მუდამ იმარჯვებენო და, შაბათს, საღამოს, ნიკა გილაურის სახეს რომ ვაკვირდებოდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ასეთი ტიპებისთვის დამარცხება უცხო ხილია. გილაური ახლაა თორემ რამდენმა ეგეთმა გაიარ-გამოიარა, მიიარ-მოიარა, აიარ-ჩაიარა და პირად საქმეში უსაყვედუროდ და სივში მადლობებით მიაშურებს იქაურობას, სადაც აქაურობის და აქაურების დავიწყება ყველაზე მეტად ეიოლებათ. გილაური გახარებული იყო - აწი თავში ქვა გიხლიათო, სარი გითხრიათო, მუცელში სამართებელიო, ჯანდაბამდის გზაო, ევას მოსახვევიო... რაღა არ გაიფიქრა და ალბათ, გულის სიღრმის კუნჭულებში თავიც შეიქო - ცეცხლში არ დაიწვა, წყალში არ დაიხრჩო, ქარში არ გაცივდა და მიწაზეც მყარად დგას. ოთხივე სტიქიას გაუძლო, უამრავი შეურაცხყოფა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა და უამრავჯერ ნასროლი საფერფლე აიცილა. აბა, იმათ კი არ გავს - მკვდარ ჟვანიას, ყბაჩამოვარდნილ ნოღაიდელს, ჩასვრილ გურგენიძეს და კიდევ უფრო მეტად ჩასვრილ მგალობლიშვილს!!! გილაური მაგარი კაცია!
„მე გილაურს იმის კეთება შევთავაზე, რაც ყველაზე კარგად ეხერხება. ესაა- ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ახალი იდეების გენერირება, ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის ხელის შეწყობა“, - განაცხადა სააკაშვილმა და კიდევ განაცხადა, რომ „არა მხოლოდ გადალახა ფინანსური კრიზისი და ომის შედეგები, არამედ დღეს საქართველო აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკად. მიუხედავად ყველა სირთულისა, უზრუნველყო ძალიან საპასუხისმგებლო და ურთულესი ამოცანების გადაწყვეტა“.
და მერე, როდესაც, უკვე გუშინდელსა და უკვე ხვალინდელს შორის ჩამდგარი სააკაშვილი ტერიტორიას ტოვებდა, ალბათ ბევრმა გაიფიქრა: „ვინ დაგვწყევლა, ვინ მოგვისაჯა ეს სამში გრძელი და სამში თამამი...“
კუბლაშვილს ოფლი ასხამდა, დარჩიაშვილი ბლუკუნებდა... კითხვები ბევრია, ჭორებიც, ვერსიები უფრო მეტი, ფაქტი კი მხოლოდ ერთი - ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრია და ამას არავინ ელოდა, თუნდაც გრძელი მიშას იმ სიტყვების შემდეგ - გეპეიში ის აბარებდა, ვისაც სხვაგან ჩაბარების პერსპექტივა არ გააჩნდაო. ვანო ინჟინერია და მერე როგორი ინჟინერი - მარკშეიდერი. სააკაშვილმა თქვა: „ხომ ვამბობდი, მარკშეიდერი გვინდა... მარკშეიდერი ნამდვილად გვინდა-მეთქი! აქამდე ერთი-ორი კარგი მარშეიდერი არ უნდა გვყოლოდა?“ „ამბობდი, ნამდვილად ამბობდი“ - აყაყანდნენ ექსპერტები თავხელიძე, ჩოლოყაშვილი, ჩიტაძე და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვანოს ქებაში - ჩვენი მზე, ჩვენი იმედი, ახდენილი ნატვრა, ბრძენი, ბრძენთაბრეძენი, ბრძენთაბრძენთაბრძენთა...ბრძენი...
მა, როგორ - ვანო ხომ ხერხემალია!
„ეს ინიციატივა ადრეც გაჟღერდა და კარგი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ ხელისუფლება აქცენტს აკეთებს დასაქმებაზე და უმუშევრობასთან ბრძოლაზე“, - ვინ-ვინ და, მედროვეთუხუცესმა გიგი წერეთელმა მშვენივრად იცის, როდის შედის ვერძი მერწყულის ფაზაში. „ვანო მერაბიშვილის გადასვლა ახალ თანამდებობაზე ავტომატურად გამოიწვევს სხვა ცვლილებებს მთავრობაში“ - მიაჩნია ცხრა მთავრობის ჩინოვნიკს და ათას დადგენილებაზე გადამხტარ წერეთელს, რომელიც პირს მაშინაც აღებს, როდესაც მხოლოდ კიბორჩხალას პოზას თხოვენ.
მა როგორ - გიგი ხომ... რა - „ხომ“? რა „ხომ“ და, სწორედ ის „ხომ“, თქვენ რომ გაიფიქრეთ, სწორედ ის.
ნუ, ასეა თუ ისე, ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ყავს და ნამდვილად ქების ღირსია ის სპორტული ჟინი, რომლითაც, როგორც ჩანს იგი საქმეს შეუდგება. თან - ოლიმპიური წელია და თან კიდევ, გასულ კვირაში ბევრი სპორტული და სპორტთან ახლოს მდგომი რამ მოხდა. რაც შეეხება სპორტულ ჟინს, პრინციპში, სააკაშვილს უნდა დავუჯეროთ: დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი ისევე დადებს ბეჭებზე უმუშევრობას, როგორც ეს კორუფციისა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით გააკეთა“. და კიდევ: „ქართული სოფელი ვანო მერაბიშვილის დიდი გატაცებაა. ქართულ სოფელს დიდი ყურადღება სჭირდება და ეს არის ვანოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წერტილი. მან ეს საკითხი ძალიან კარგად იცის და ძალიან მაგრად მიხედავს“. ორი კაცი რომ გეუბნება, ფეჩი ხარო - ბოლი უნდა გამოუშვა. სააკაშვილის სიტყვები („ბეჭებზე დადებს უმუშევრობას“) ვანომაც დაადასტურა: „მე ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ბევრი უმუშევარია“.
იცის...
აქამდე სად იყავი, შეჩემა?!
მივხვდი - რვა წელი ყველას უსმენდა, ყველას უთვალთვალებდა, ფირზე იღებდა, მაგნიტურ ლენტზე იწერდა, მერე უტიაშვილი და ხიზანიშვილი აანალიზებდნენ, ზღულაძე ახმოვანებდა... და ვანო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანაში ბევრი უმუშევარია.
ისა და... პატიმარიც რომ ბევრია და პრობაციონერიც და ბრალდებულიც და ეჭვმიტანილიც და... ამდენი ჩამშვები, მაბეზღარა, ენატანია, გოგოების მაჩალკა და რა ვიცი კიდევ რა! ერთი გურამ დონაძე გადაიწონიდა ყველას და ყველაფერს, ქართულ თემიდას ხელში სასწორი ყასიდად რომ არ ეკავოს.
ყოველ შემთხვევაში, ოლიმპიურს თავი რომ დავანებოთ, არჩევნების წელიც არის და არჩევნებზე ხალხი რომ საქმდება, ისე არსად და არასოდეს. მარტო უბნის თმაგრძელი და ჭკუამოკლე კოორდინატორები რად ღირს და კუნთმაგარ და ხისთავიან ზონდერებსაც ნუ დავივიწყებთ და გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შემოკლებით „ჯანდაცვას“ უწოდებენ. რატომ გავიხსენე ახლა ეს?
რატომ და... „საქართველოს მთავრობაში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ჩამოყალიბდება დასაქმების ახალი პროგრამა თავისი პრიორიტეტებით“ - იყო ასეთი ნიუსი და იქნება ისეთი სამინისტრო, რომელსაც შემოკლებით „დასაქმებას“ დავუძახებთ, შინაარსით კი მოსაქმება იქნება.
2015 წელს ერთი დღით დასაქმდებიან „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის თანამშრომლები. გადაწყდა, რომ 2015 წლის ევროპის სუპერთასი თბილისში გათამაშდება. გაირკვა, რომ ამ დიადი საქმისთვის მრავალი თვის განმავლობაში იღწვოდნენ შუშანიკისდროინდელი დომენტი და ფეხბურთის გიგი წერეთელი - რევაზ არველაძე. დომენტის ამბავი გარკვეულია - იმ დროისთვის ეგ ისევ რომელიმე შაპიტოს დირექტორი იქნება, აი არველაძისა კი რა მოგახსენოთ - რაღა ეგ და რაღა გიგი წერეთელი. ისე კი, რას ვერჩით - ფაქტია, რომ სუპერთასი თბილისს იხილავს და თბილისიც იხილავს სუპერთასს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელისაფეხბურთო კარიერის განმავლობაში ერთი მატჩის ერთი ტაიმის („დინამო“-რუმინეთის „უნივერსიტატია“) ერთხელ სრულფასოვნად ჩამტარებელმა რევაზ არველაძემ ფედერაციაში მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში ერთი საქმე მაინც გააკეთა.
ახლა, წაჭამენ ტვინს, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ - ეს ტვინი ოქტომბერში ძლიერ გამოგვადგება.
მამუკა კვარაცხელია კიევიდან იწერება, რუსებს და უკრაინელებს ჩვენი შეშურდათო, ოღონდ კეთილი შურითო. დავაი, რა... ერთი ევროს ატარებს, მეორე მუნდიალისთვის ემზადება. კი, კი... ავსტრალიელებს რომ შურთ ჩვენი, ისე არავის. აგერ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა, საქართველოს პრემიერ მინისტრი კი გორის „დილას“ პატრონობს, პრეზიდენტი კი საათის საყიდლად მხოლოდ ისეთ საფეხბურთო ქალაქებში დადის, როგორიც არის მილანი.
დატკბით ნიუსით: „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, უკრაინაში ევრო 2012-ის ფინალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გრიგოლ ქათამაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის ზუსტდება ვიზიტის დეტალები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
მოგვიანებით, ანუ როდის? თუ რამდენიმე დღეში და, გავიგებთ, რომ „მიხეილ სააკაშვილი შეხვდა მიშელ პლატინის. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება თბილისში“. ხოლო თუ დეტალები რამდენიმე თვეში გამჟღავნდება, ახლავე შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა ჰქონდა შეხვედრები „ფემენის“ გოგონებთან; იუშჩენკოს შეხვდა, მაგრამ არ მიესალმა; პლატინის გვერდით ჩაუარა, მაგრამ ვერ იცნო; ვარძელაშვილს პიცის მოტანა დაავალა, მაგრამ ამან სუჯუხი და ბასტურმა მოუტანა.
მთელი გასული კვირა, „მასთ ქერიზე“ საუბრობდნენ, მაგრამ არ მგონია, რომ ეს საინტერესო იყოს. თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმება და ასევე, თუ გული გულობს ყოველგვარი „მასთ ქერის“ გარეშე შეიძლება ამ მთავრობის „მასთ ფაქის“ განხორციელება. მთვარია საქმე და გაგება. აგერ, ვანომაც თქვა, ამ ქვეყანაში ბევრი გაჭირვებულია და მე მესმის მათიო.
რამე რო იყოს, სანდრო გირგვლიანის არ გესმის? არც ირინა ენუქიძის და არც ბუტა რობაქიძის? კორტებთან გასროლილი ტყვიების ხმამ ჯერ ვერ მოაღწია?
რაღა დროის კორტებია, იქ ხომ იუსტიციის სახლი შენდება, „ერთი ფანჯრის პრინციპი“ და რამე... „ერთი პარაშის პრინციპი“ - აი, რა ელის მაგათ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას გუგული მაღრაძე, ქეთი დოლიძე და მედიაექსპერტები არ აიღებენ. გეუბნებით - ეგრეა და ეგრე რომ არის, ამას ესეც ადასტურებს: „NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია მედიას არჩევნების ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისად გაშუქების რეკომენდაციას აძლევს. როგორც დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი, მედიამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამები და უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტებისთვის დებატების ხელმისაწვდომობა“.
დაუჯერეთ ნავაროს, მოიქეცით ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის შესაბამისად და ოქტომბრის შემდეგ ის სამში გრძელი შეგვრჩება ხელში გილაურთან და მერაბიშვილთან ერთად რომ ტოვებდა დროშებითა და მინისტრებით მორთულ ტერიტორიას. ნავაროს შესახებ ყველამ იცით, ე.წ. ეთიკურ ჟურნალისტებზე კი სხვა დროს მოგიყვებით. მაგის დრო მალე მოვა.
ის ანეკდოტი თუ იცით - ორი ქლიბი ეგვიპტეში რომ მიფრინავს და ნილოსს რომ გადაუფრინეს? იცით. მაშინ, რადგან ორი ქლიბისა იცით, ერთ ქლიბზე გეტყვით, რომ გასულ კვირაში მან ოპოზიციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავის შეკავება ურჩია. „მეგობრებო, ნუ შევიყვანთ შეცდომაში საზოგადოებას...“ - მიმართა „მასთ ქერიზე“ საუბრისას ბაქრაძემ დეპუტატებს. კანონი მიიღეს, დემოკრატები ვართო... დომკრატები არიან. ოთხი შტატივი და ერთი ჩითის კაბა, ასი დომკრატი და ერთი სამკუთხედი ქლიბი.
და - კვერცხები, ანუ ისინი, რომლებმაც დაიჯერეს, რომ „მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტი დასავლეთ საქართველოში მომხდარი წყალდიდობის გამო შეწყვიტა“. სააკაშვილი მართლაც იყო აზერბაიჯანში და მართლაც დროზე ადრე წამოვიდა, მაგრამ ორთაჭალის წყალდიდობისა და მილანში საათის ყიდვის ისტორიის შემდეგ ვინ დაიჯერებს, რომ წალენჯიხელი დიხამინჯიების ხბოს დაღუპვამ სააკაშვილს გული დაუთუთქა? თუ არადა, აგერ კიევშია და „ერთი ფანჯრის“ სანახავად თბილისში ფემენის ნაშებს ეპატიჟება.
არა, რა... სასწრაფოდ უნდა აღდგეს დაგინების ინსტიტუტი. იტყვიან, დაიგინები, შეეწერებათ. იტყვიან, დაიგინები, შეეწერებათ... მაგრამ, მაგათი ბავშვობისა და ყრმობის ამბავი რომ ვიცი, მგონი სპეციალურად იწერენ - მშობლის წინაშე ვალს იხდიან.
მაშინ, „მოდელირებული ქრონიკის“ შემდეგ, მთელმა საქართველომ დაიგინა და მთელ „იმედს“ შეეწერა. მგონი, რაღაც ეგეთი კიდევ მზადდება და აი, ნიუსიც: „თსუ-ში დღეს გაიმართება კონფერენცია - მიწისძვრით გამოწვეული ზარალის სცენარი თბილისისთვის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, კონფერენციას უნივერსიტეტი მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტთან და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ერთად მართავს“.
არ გეგონოთ, რომ წიბოვან და ღრუტანიან გადახურვის ფილებზე იმსჯელებენ, არც რიგელი და არმატურა იქნება პროგრამაში, არც ფუძე-საძირკვლები და კონტრფორსებიანი კედლები. იქნება ერთი მთავარი კითხვა - „არჩევნების წინა დღეს მიწისძვრა რომ მოხდეს, მამენტ, რა მოხდება არჩევნების დღეს?“
ძაანაც უნდათ, მაგრამ ამჯერად ჩოყლაყს დავესესხები: „ვერ მოგართვით“.
კიდევ კაი ჭკუაზე ვართ და ცოტა დიდ გულზე ყოფნაც არის საჭირო. დიდი გული დიდი გაგებაა, ოღონდ - კაი გაგებით, თორემ ცუდი გაგებით დიდ გულზე ყოფნის მაგალითი აგერ, პარლამენტმა მოგვცა: „პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს 4-წლიან მუშაობას აჯამებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრთა გამოსვლები პოლიტიკური დებატების ფორმატში მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა შეაჯამა „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა, რომლის აზრითაც, გასული 4 წლის განმავლობაში პარლამენტს ბევრი რამის უკეთესად გაკეთება შეეძლო...“
ახლა, ამ ნიუსს აღარ გავაგრძელებ. თავადაც მიხვდებით, რომ სადაც „ოპოზიციონერი“ ახვლედიანი იტყვის „ბევრი რამის უკეთ გაკეთებაო“ იქ ყელამდე „ერთ ფანჯარაში“ ჩაძირული ბოცო წიკლაური აუცილებლად აღშფოთდება - „მეტი უკეთ რაღაო“. ეგრეც იყო. როგორც შევარდნაძის შვილობილის ერთგულ მოწაფეს შეეფერება, ნუგზარ-წუგზარამ სწორედ ისე გამოთქვა თავისი ღრმად (ძაან ღრმად) პატივცემული მოსაზრება - იმდენი რამ გაკეთდა, ამას მხოლოდ ბრმა ვერ დაინახავსო.
ვახ, რაც ჩვენ მაგათ ვაგინებთ, მხოლოდ ყრუ ვერ გაიგონებდა.
დაყრუვდით, თქვეჩემისებო, თქვენ კი მოგხვდათ „არმაგედონის“ ზანგის!!!
წადითო - ხომ გითხრეს? წადით, თქვენიო - ხომ დაგიძახეს? არ მიდიხართ? ჰოდა, გექნებათ ერთი ფანჯარა და პარაშაც მხოლოდ ერთი.
ე.ს.ვ. (ეს სად ვცხოვრობთ) მოგება კერძო პირების ხელში რჩება, შეცდომები კოლექტიურია, დანაკარგები ყველაზე ნაწილდება, სამყაროს გადარჩენაზე პასუხს კი საკუთარი თავით აგებენ კომერციული საწარმოს რიგითი თანამშრომელი, მარიანო პერეს სანჩესი და მილიონობით მისნაირი ბედოვლათი, ყოველ ცისმარე დღეს დილის ექვს საათზე რომ იღვიძებენ, რამენაირად ოჯახები რომ არჩინონ.
(არტურო პერეს-რევერტე, „ცხოვრების ბატონ-პატრონები“)