„გაამწვანე შენი ქვეყანა“ ნიშნავს - მოჭერი მრავალწლიანი ნარგავები

„გაამწვანე შენი ქვეყანა“ ნიშნავს - მოჭერი მრავალწლიანი ნარგავები

28 ივნისს იპოდრომზე თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ხეების მასიური ჭრა დაიწყეს, რათა ამ ადგილას საავტომობილო გზა გაიყვანონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხეების ჭრა ღამით დაიწყეს და ეს ქმედება არც ტერიტორიის მესაკუთრესთან შპს „ინვესტ კაპიტალთან“ ჰქონდათ შეთანხმებული. ამასთანავე, ეკოლოგების განცხადებით, ყველაზე ამაზრზენი ამაში ის იყო, რომ მერიის თანამშრომლებს, რომლებიც ხეებს ჩეხავდნენ, ეცვათ მაისურები წარწერით „გაამწვანე შენი ქვეყანა“.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ის ტერიტორია, სადაც  ამჟამადაც ხეების მასიური ჩეხვა მიმდინარეობს, ეკუთვნის შპს „ინვესტ-კაპიტალს“, რომელმაც თავის მხრივ  ტერიტორია  შპს „ჟოკეი-კლუბისგან“ 2010 წელს შეიძინა. 

„ჟოკეი-კლუბს“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ ქალაქის საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფდა ტერიტორიას და აღნიშნული მშენებლობისათვისვე  500 000 აშშ დოლარს დახარჯავდა. ხელშეკრულებითვე განსაზღვრული იქნა, რომ მაგისტრალი საბურთალოს ქუჩის მხრიდან  თამარაშვილის ქუჩას შეურთდებოდა.

„ხელისუფლებამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მაგისტრალის გაყვანა მათ მიერვე წარმოდგენილი ახალი პროექტით თვითნებურად გადაწყვიტა. ხელისუფლების ამგვარი ქმედებები არის არა მარტო კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების ხელყოფა, არამედ გარემოს წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური აქტიც. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზა გამოეყენებინათ, შეიჭრა შუაგულ სარეკრეაციო ზონაში და ასეულობით მწვანე ნარგავი გაანადგურა. ის, რაც მათ ჩაიდინეს არის სისსხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული „ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა“, რაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

აქვე იგი ასახელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს, რომლებიც ხელისუფლებამ ამგვარი ქმედებით დაარღვია. მათ შორის არის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი და თბილისის საკრებულოსა და მერიის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული სამართლებრივი აქტებიც.

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ უახლოეს დღეებში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას გადაუგზავნის მასალებს და დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით მიმართავს.

იმასთან დაკავშირებით, თუ რას მოიმოქმედებს თბილისის მერიის უკანონო ქმედებების წინააღდეგ თავად ტერიტორიის მესაკუთრე „ინვესტ კაპიტალი“, for.ge კომპანიის იურიდიული სამსახურის უფროსს ალა კახნიაურს დაუკავშირდა. იურისტი ადასტურებს, რომ იპოდრომის ტერიტორია შპს „ინვეტს კაპიტალს“ ეკუთვნის და „ჟოკეი კლუბისაგან“ შეძენის შემდეგ მას ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი გარკვეული ვალდებულებებიც გადმოეცა. ეს იყო გზის გაყვანის ვალდებულება და გზა უნდა გასულიყო საბურთალოს ქუჩის გასწვრივ. კახნიაურის განცხადებით, ამ ხელშეკრულებას, რომელიც „ინვესტ კაპიტალსა“ და „ჟოკეი კლუბს“ შორის გაფორმდა, გზის პროექტიც ერთვოდა თან. იურისტი აცხადებს, რომ მოგვიანებით პროექტი ისე შეიცვალა, რომ ტერიტორიის მესაკუთრე კომპანიასთან ახალი პროექტი არ შეთანხმებულა. ამასთანავე, იგი ამბობს, რომ პროექტი არ არსებობს, რადგან ის რომ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი მესაკუთრესთან, ანუ „ინვესტ კაპიტალთან“ შეთანხმება, რაც არ მომხდარა.

„ჩვენ ორჯერ მოგვმართეს, რათა გზის გასაყვანად გამოგვეყო ტერიტორია. ამის საპასუხოდ ჩვენ მოვითხოვეთ ზუსტი კოორდინატები, რომელი საკადასტრო რუკიდან (ნახაზიდან) კონკრეტულად რა ფართი სჭირდებოდათ. ბუნებრივია, მათ ეს მონაცემები ვერ წარმოგვიდგინეს, რადგან დამტკიცებული პროექტი, როგორც ასეთი, მერიის შესაბამის სამსახურში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაც, პროექტს ისე ცვლიან, როგორც უნდათ. თუ პროექტი ჰქონდათ და კანონიერად მოქმედებდნენ, რატომ მივიდნენ ღამე, რატომ მოჭრეს ღობეები და დაიწყეს ხეების ჩეხვა ღამით? ამ სამუშაოების ჩატარება სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა დღისით, რადგან იქ არც ფეხით მოსიარულეებს შეექმნებოდათ პრობლემები გადაადგილებისას, და არც მანქანებს“, - აცხადებს ალა კახნიაური.

მისი თქმით, მერიის თანამშრომლები „ინვესტ კაპიტალთან“ შეუთანხმებლად მივიდნენ ტერიტორიაზე, ე.წ. „სვარკით“ მოჭრეს რკინის ღობეები, რაც იპოდრომის ტერიტორიას გარს აკრავს და მრავალწლიანი ნარგავები მოჭრეს. „ინვესტ კაპიტალისთვის“ მომხდარის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს გახდა ცნობილი, როდესაც ობიექტის დაცვის სამსახურმა ეს ფაქტი აღმოაჩინა და კომპანიის წარმომადგენლებს შეატყობინა. ადგილზე მისულმა „ინვესტ კაპიტალის“ წარმომადგენლებმა პატრული გამოიძახეს, მაგრამ კახნიაურის თქმით, იმის ნაცვლად, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მასალები შეეგროვებინათ და ამ საქმისთვის შემდგომი სამართლებრივი მსვლელობა მიეცათ, მათ კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდეს, მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მიემართათ.

„მერიის კეთილმოწყობის სამსახური, მერის მოადგილის ხელმძღვანელობით ამ ხეებს ჭრიდა და როგორ ფიქრობთ, მერიის ზედამხედველობის სამსახურისთვის მიმართვას აზრი ჰქონდა? ამასთანავე, ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს მივმართეთ მერიას და უკანონო მშენებლობის შეჩერება მოვითხოვეთ, მაგრამ მათგან ამაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა“, - ამბობს კახნიაური.

მისი თქმით, პატრულის ამ განმარტების შემდეგ „ინვეტს კაპიტალის“ წარმომადგენლებმა რკინის ღობე აღადგინეს, მაგრამ იმავე საღამოს ადგილზე მივიდა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, რომელმაც მიიყვანა მუშები და კვლავ დაიწყეს ხეების ჩეხვა. ალა კახნიაური აცხადებს, რომ ყველა ადმინისტრაციული სამსახური მათ მოქმედებას ხელს უწყობდა და უფრო მეტიც, ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან ამ ფაქტების ამსახველი ვიდეო-მალასაც კი წაშალეს. იურისტი აცხადებს, რომ „ინვესტ კაპიტალი“ ამ საქმეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს, მაგრამ ქართული მართლმსაჯულების იმედი ნაკლებად აქვს.

„ჩვენ ახლა ვამზადებთ მასალებს, რათა საგამოძიები ორგანოებს გადავცეთ, მაგრამ ქართული სასამართლოს იმედი არ გვაქვს, რადგან არც ერთი ჩვენი განცხადება, არც ერთ უწყებაში არ კმაყოფილდება, არც საჯარო სამსახურებში და არც სასამართლოში. სადაც მიდივართ, ყველგან დიდი კედელი გვხვდება და უსამართლობას ვაწყდებით“,- აღნიშნავს კახნიაური.

თბილისის მერიაში „ინვესტ კაპიტალის“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ. მერიის პრეს-სპიკერი ბაჩო დოლიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ისინი კანონის და „ინვესტ კაპიტალთან“ დადებული ხელშეკრულების დაცვით მოქმედებენ. დოლიძის თქმით, ხელშეკრულებაში წერია, რომ ტერიტორიის მესაკუთრე უფლებას აძლევს მერიას, გზის სარემონტო სამუშაოები აწარმოოს.

„გასაკვირიც არის, რატომ უნდა შეეშალოს ამ პროექტს ხელი, როდესაც მისი მეშვეობით ჩვენ ქალაქში მოძრაობის კიდევ უფრო განტვირთვას შევძლებთ. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის დიდ მნიშვნელობას თავად კომპანიის მფლობელებიც გვიდასტურებენ. ისინი ადასტურებენ იმასაც, რომ ამ ადგილს გზის გაყვანის შემდეგ ფუნქციონალურად უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცემა“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე for.ge-სთან საუბარში.

ჩვენს კითხვაზე, თუკი არსებობს პროექტი, რატომ არ არის იგი მესაკუთრესთან შეთანხმებული და გადაუხვია თუ არა მერიამ თავდაპირველ პროექტს (გზის გაყვანა საბურთალოს ქუჩის გასწვრივ თამარაშვილის ქუჩისკენ), ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ პროექტის ცვლილება არ მომხდარა, უბრალოდ პროექტმა ოდნავი კორექტირება განიცადა, რის შესახებაც „ინვესტ კაპიტალი“ ინფორმირებულია და თავადაც ადასტურებს, რომ გზის გაყვანითი სამუშაოები ყველაზე ოპტიმალური პროექტით ხორციელდება.

თუმცა როგორც მოგახსენეთ, „ინვესტ კაპიტალის“ იურისტი ირწმუნება, რომ პროექტის ცვლილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.