სალარო აპარატის ჩეკების აფიორა გრძელდება

სალარო აპარატის ჩეკების აფიორა გრძელდება

 

„ჩეკების გათამაშების“ გამარჯვებული ვარკეთილში მცხოვრები ჯუნა ქამუშაძეა. მან 80 თეთრის ყავა შეიძინა და ჩეკის გადამოწმებით 10 000 ლარის მფლობელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„მომგებიანი ჩეკის მფლობელმა ჯუნა ქამუშაძემ, დღეს, კუთვნილი თანხა ლიბერთი ბანკში გაანაღდა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა კი მას საჩუქრები და სიმბოლური, 10 000 ლარიანი  ჩეკი გადასცეს. გამარჯვებულს მოგებული 10 000 ლარი სრულად გადაეცა. შესაბამისი გადასახადი შემოსავლების სამსახურმა დაფარა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, „ჩეკების გათამაშება“ 18 აპრილს დაიწყო და პროექტის დასრულებამდე შემოსავლების სამსახური 10 000 ლარს 13-ჯერ, ხოლო 50 000 ლარს კიდევ სამჯერ გაათამაშებს. ასევე, ყოველდღიურად თამაშდება 10, 20, 50, 100 ლარიანი თანხები. დღევანდელი მონაცემებით, გათამაშების შედეგად, უკვე 80 525-მდე გამარჯვებული გამოვლინდა. მოგებული თანხა კი მილიონ ექვსასი ათას ლარზე მეტია.

შეგახსენებთ, როდესაც ხელისუფლებამ ჩეკების მეშვეობით დაწყებული გათამაშების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მაშინ ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. განსაკუთრებით აღშფოთებულები ეკონომიკური პროფილის ექსპერტები იყვნენ, რადგან მათი აზრით, ეს ხელისუფლების მიერ მოსახლეობის დაყაჩაღების მორიგი ხერხია. აქვე აღვნიშნავთ, რომ ექსპერტებს ამ გათამაშებასთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული პრეტენზია ჰქონდათ. კერძოდ, პირველი არის ის, რომ ნებისმიერი ლატარია ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ჩეკების ლატარიაში კი ყველა უნებურად მონაწილეობს, მიუხედავად იმისა, სურს ეს მას, თუ არა.

გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, ეს არის მეწარმეებისთვის წილში ჩაჯდომა, რადგან გათამაშებისთვის საჭირო ფონდის შესაქმნელად, ჩვენს მიერ ნაყიდ პროდუქციაში გადახდილი თანხიდან რაღაც ნაწილი ამ ფონდში უნდა შევიდეს. და ბოლოს, ყველაზე მეტ კითხვას აჩენს თავად ამ გათამაშების პროცესის გაუმჭვირვალობა და საპრიზო ფონდის წარმომავლობა, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლების განმარტებები ექსპერტებს არასაკმარისად მიაჩნიათ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში ამ ფონდის ცალკე მუხლი არ არსებობს. ამიტომ, საიდან მოდის ეს თანხა გაურკვეველია.

ამ ყველაფრის ფონზე for.ge-სთვის ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანმა ჩეკების გათამაშებაში გარკვეული თანხა მოიგო, მაგრამ მას ეს თანხა არ გაუნაღდეს. საუბარია ძირითადად 100 ლარამდე თანხებზე, ანუ მცირე მოგებებზე და როგორც წესი, ჩეკის გასანაღდებლად ბანკში მისულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ჩეკის ნომრისა შეყვანისას შეცდომა მოუვიდათ.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელმაც ჩეკების გათამაშებაში 20 ლარი მოიგო, მაგრამ მოგებული თანხა ვერ მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ლია სუთიძეა. ქალბატონი ლია for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნუცუბიძის პლატოზე ერთ-ერთ აფთიაქში მედიკამენტები შეიძინა, რასაც რა თქმა უნდა, ჩეკიც მოაყოლეს. როგორც ირკვევა, ჩეკი ლია სუთიძეს რამდენიმე დღე სახლში ისე ჰქონდა, რომ არ დაინტერესებულა, მომგებიანია თუ არა იგი. ბოლოს, როდესაც ჩეკი შეამოწმა, აღმოაჩინა, რომ მან 20 ლარი მოიგო. ქალბატონი ლია აღნიშნავს, რომ მის გასანაღდებლად რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა „ლიბერთი ბანკში“, სადაც მას უთხრეს, რომ ჩეკი მომგებიანი არ იყო.

„საინტერესოა, რომ როდესაც ეს ჩეკი ბანკის ოპერატორ გოგონას მივაწოდე და ვუთხარი, რომ ის მომგებიანი იყო, მან კომპიუტერში შესაბამისი პროგრამა გახსნა და იქ დაიწყო ჩემი ჩეკის ნომრის შეყვანა, თან პარალელურად, ამ ნომერს მობილური ტელეფონითაც კრეფდა. ბოლოს გამომიცხადა, რომ ჩეკი მომგებიანი არ იყო. რა თქმა უნდა, ამაზე შევეკამათე და ვუთხარი, რომ მშვენივრად ვიცი წერა-კითხვა და არანაირი შეცდომა აქ არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რაზეც მან მითხრა, მაშინ გვერდით ბანკში შედით და იქაც გადაამოწმეთო.

გვერდით „ბაზისბანკის“ ფილიალია და იქაც მივიტანე ჩეკი. აღსანიშნავია, რომ ოპერატორმა გოგონამ იქაც კომპიუტერშიც შეიყვანა ჩემი ჩეკის მონაცემები და პარალელურად მობილურ ტელეფონშიც. პასუხი იქაც იგივე იყო, რომ ჩემი ჩეკი მომგებიანი არ იყო. არადა ზუსტად ვიცი, რომ კოდი სწორად მქონდა შეყვანილი და ჩეკი მომგებიანი იყო. ამიტომ მიმაჩნია, რომ მათ რაღაც სქემა აქვთ, რომლის მეშვეობითაც მოგებულ ჩეკს რომ მიუტან, ისე აკეთებენ, რომ თითქოს ჩეკი მომგებიანი არ არის. როდესაც პრეტენზია გამოვთქვი, შემოსავლების სამსახურისკენ მიმითითეს, მიდით და იქ გაარკვიეთო, მაგრამ სად უნდა ვდიო ახლა მე მაგათ, რომ ჩეკი გამინაღდონ. როგორც ჩანს, ისინი რაღაც ძირითად თანხებს დროგამოშვებით ათამაშებენ, რომ მოსახლეობაში იმის განცდა შექმნან, თითქოს ეს ლატარია მართლაც თამაშდება, ასეთი მცირე მოგებების გაცემა კი არ სურთ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბარში ლია სუთიძემ.

ანალოგიურ ისტორიას ყვება ადამიანი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. იგი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე შეცდომის დაშვებას ჩეკის ნომრის შეყვანის დროს და ირწმუნება, რომ ნომერი სწორად აკრიფა და ჩეკი მომგებიანი იყო, მაგრამ ბანკში არ გაუნაღდეს.

„როდესაც ბანკში მითხრეს, რომ ჩეკი მომგებიანი არ იყო და ამის გამო აღშფოთება გამოთქვი, ბანკის ოპერატორმა გოგონამ თავისთვის ჩაილაპარაკა, უკვე მერამდენე შემთხვევაა და როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეო“, - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

კიდევ ორი ფაქტი, რომელიც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, ერთსა და იმავე პიროვნებას შეემთხვა. ვინაობის გამხელისგან მანაც თავი შეიკავა, თუმცა მოგვიყვა, რომ მის უბანში მდებარე სურსათის მაღაზიაში სხვადასხვა დროს ორჯერ მიიღო მომგებიანი ჩეკი, ერთხელ 20 ლარის მოგებით,ხოლო მეორედ - 80 ლარიანი მოგებით, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაუნაღდეს, მიზეზად კი ამ ჩეკის გამცემი სალარო აპარატის გაუმართაობა დაუსახელეს.

ამგვარ შესაძლებლობას შემოსავლების სამსახურში კატეგორიულად გამორიცხავენ. უწყების პრეს-სამსახურის უფროსი მაკა ფანქველაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამგვარი გაუგებრობის შემთხვევაში მოქალაქემ შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს, თუმცა იგი არ გამოირცხავს, რომ გარკვეული შეცდომები სისტემაში გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს.

„შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანმა ერთი რომელიმე ციფრი არასწორად შეიყვანა და ის მოგებული ჩეკის ნომერს დაემთხვეს. გამონაკლისის სახით შეიძლება ათასში ერთი ასეთი შემთხვევა მოხდეს, მაგრამ ის, რომ სალარო აპარატი არ იყო გამართული, ასეთი რამ უბრალოდ შეუძლებელია“, - ამბობს ფანქველაშვილი for.ge-სთან საუბარში.

დასკვნების გაკეთება ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდვია.