არ გაბედო! ხმა არ ამოიღო!

არ გაბედო! ხმა არ ამოიღო!

საბანკო ანგარიშის მონიტორინგთან ან ყადაღასთან დაკავშირებულ საგამოძიებო მოქმედებებზე მონაცემების გახმაურება ამიერიდან სისხლის სამართლის სამართლებრივი წესით დაისჯება. შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა 12 ივნისს დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „საბანკო ანგარიშის მონიტორინგის მოქმედებების შესახებ მონაცემების გახმაურება დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ხოლო საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედედებების შესახებ მონაცემების გახმაურება, ამ ინფორმაციის მოთხოვნამდე, გამოიწვევს ანგარიშის მესაკუთრის დასჯას ჯარიმით ან თავისფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშის მონიტორინგს, ეს პროცედურა გასული წლის შემდგომიდან მოქმედებს და მისი ფორმულირება ასეთია:

„თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ“.

ასეთ შემთხვევაში ბანკი ვალდებული იქნება ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ მას ინფორმაცია მიაწოდოს.

საკანონმდებლო ცვლილებამ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში და საბანკო ანგარიშზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის განსაჯაროების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რადგან ამ ნორმაში არ არის განსაზღვრული პირთა წრე, ვისაც შეიძლება ეს შეზღუდვა შეეხოს. ასეთი ადამიანები კი შეიძლება სხვადასხვა კატეგორიებად დაიყოს და შეიძლება მოიცავდეს მაგალითად ბანკის თანამშრომლებს, რომლებსაც კონკრეტული ანგარიშის შესახებ შეიძლება ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდეთ. ასევე ეს შეიძლება თავად ანგარიშის მფლობელიც იყოს, რაც იურისტების თქმით ყველანაირ კანონიერ ჩარჩოებს და საერთაშორისო სტანდარტებს დაარღვევს, თუმცა არც ეს ვერსიაა გამორიცხული.

ბევრჯერ გავმხდარვართ იმის მოწმე, რომ კანონი ისე იწერება, სხვადასხვაგვარად წაკითხვის საშუალებას იძლევა და როგორც წესი, ასეთ ინტერპრეტაციებს ხელისუფლება სათავისოდ ძალიან წარმატებით იყენებს ხოლმე.

ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური გაურკვეველს უწოდებს ამ ნორმას, რადგან მასში არ არის დაზუსტებული, ვის ეხება იგი, ბანკს, ანგარიშის მფლობელს, ჟურნალისტს, ადვოკატს და ა.შ. მისი თქმით, ვინაიდან ეს განსაზღვრული არ არის, დღეს ეს შეზღუდვა ეხება ყველას, - სასამართლოს, საგადასახადოს, იმ ადამიანს, ვინც ამ ყადაღის შესახებ ინფორმაციას ყური მოკრა და ა.შ. ხადური ამ ნორმის საფრთხეებზე საუბრობს, მის მიღებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მოკლევადიან პერსპექტივაში ფიქრობს ეკონომიკიდან თანხები მაქსიმალურად ამოიღოს და შემდეგ ეს თანხები, შესაძლოა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს. შემდეგ კი მომავალ ხელისუფლებას მოუწევს ამ ფულის ხალხისთვის დაბრუნება.

„კონკრეტულად საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ვთქვათ მე დამიყადაღეს ანგარიში. ასეთ შემთხვევაში მე არ შემიძლია ჩემს მომწოდებელს ან ჩემს კლიენტს ვუთხრა, რომ ჩემი ანგარიში დაყადაღებულია. ამიტომ, იგი გააგრძელებს ჩემს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას და ეს ფული მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტს მიაქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოში გასაჩივრება დაყადაღებული ანგარიშიდან ფულის მოხსნას არ აჩერებს. მხოლოდ მოგვიანებით, თუკი მე სასამართლო გამამართლებს, ეს თანხა ბიუჯეტმა უკან უნდა დამიბრუნოს“, - აცხადებს ნოდარ ხადური for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება კიდევ ერთი ნაბიჯია კვაზიპოლიციური სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. ნოდარ ხადური არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს ნორმა იმ პოლიტიკურ პარტიებზეც გავრცელდეს, რომლებსაც რაიმე ბრალდებით საბანკო ანგარიშებს დაუყადაღებენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სოფო ვერძეული for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ნორმა, რომელიც გარკვეული ტიპის საგამოძიები მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვებს აწესებდა, აქამდეც არსებობდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მიღებული ნორმა თავისი მოქმედების არეალით უფრო ფართოა, რადგან ნორმის წაკითხვიდან არ იკვეთება იმ პირთა წრე, ვისაც ეს შეზღუდვები შეიძლება შეეხოს. აქამდე მოქმედ ნორმაში კი (რომელიც ახლაც მოქმედებს) ეს აკრძალვა შეიძლებოდა, მაგალითად, შეხებოდა იმ პირებს, ვინც ამგვარი ინფორმაციის გავრცელებაზე აკრძალვის შესახებ გაფრთხილებული იყო. ახალ საკანონმდებლო ცვლილებაში ამგვარი ჩანაწერი არ გვხვდება.

„ეს ნორმა იძლევა ისე წაკითხვის საშუალებას, რომ იგი ეხება პირთა ფართო წრეს და არ არის მიმართული იმათზე ვისაც მაგალითად, თანამდებობრივად ჰქონდა ეს ინფორმაცია, ან მაგალითად იმ პირებზე, ვინც წინასწარ გაფრთხილდნენ იმის შესახებ, რომ თუ ამ ინფორმაციას გაამჟღავნებდნენ, პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ. ამიტომ, ვინაიდან ამ პირთა წრე განსაზღვრული არ არის, რთულია იმის თქმა, ვის შეიძლება იგი შეეხოს“, - აღნიშნავს ვერძეული.

იგი ამბობს, რომ არ შეიძლება ეს შეზღუდვა თავად საბანკო ანგარიშის მფლობელზე გავრცელდეს, რადგან პიროვნებას მის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელების უფლება აქვს. ასევე პირს შეუძლია შესაბამის უწყებებს მიმართოს და საკუთარი ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოითხოვოს და შემდეგ გაახმაუროს.

„იმ რედაქციით, როგორც დღეს გვაქვს, ამ ნორმის წაკითხვა ყველანაირად შეიძლება, რაც, რა თქმა უნდა, ამ ნორმის გამართულობაზე არ მიუთითებს. მაგრამ ზოგადად სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე და სხვადასხვა საერთაშორისო კონსტიტუციური სტანდარტების გათვალისწინებით, კონკრეტულ პირს ვერ შევუზღუდავთ მის შესახებ პერსონალური ინფორმაციის მიღებას და შემდეგ მის გავრცელებას. ამიტომ, მსგავსი შეზღუდვა უფლების შეზღუდვის პროპორციულობიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავად ანგარიშის მფლობელს ეხებოდეს“, - აცხადებს სოფო ვერძეული.

ადვოკატი დავით ებრალიძე მიიჩნევს, რომ ამ ნორმაში ჩადებული შეზღუდვა ბანკის თანამშრომლებს შეეხებათ.

„ჩემი აზრით საგამოძიები ორგანოების ინტერესის სფერო ალბათ, ამ ნორმის ბანკის თანამშრომელზე გავრცელებაა, ვიდრე კლიენტზე, რადგან კლიენტს თუ ანგარიშს დაუყადაღებენ, მისი გადასაწყვეტია, გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია, თუ არა. თუკი ადამიანი პრობლემას ხედავს იმაში, რომ მას ანგარიში დაუყადაღეს და მან ეს გაასაჯაროვა, ამის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მას ვერანაირად დაეკისრება. ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს ნორმა უფრო იმ ადამიანებს ეხებათ, ვისაც ამგვარ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება, მაგალითად ბანკის თანამშრომლებს, ან სხვა მოხელეებს, რათა მათი მეშვეობით არ მოხდეს ამ ინფორმაციის გავრცელება“, - აღნიშნავს დავით ებრალიძე for.ge-სთან საუბარში.

იგი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს კანონი გარკვეული შპიონაჟის თავიდან ასაცილებლად არის მიღებული, რათა იმ პირებმა, ვისაც ამგვარ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება, მაგალითად ბანკის კლიენტი დროზე ადრე არ გააფრთილონ. ებრალიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ დაყადაღებას წინ ხანგრძლივი პროცედურები უძღვის, სასამართლო პროცესით დაწყებული და ყადაღის რეგისტრაციით დამთავრებული. ამიტომ, შესაძლოა, ამ პროცესში მაგალითად ბანკის თანამშრომელმა ბანკის კლიენტი ჩააყენოს საქმის კურსში, რომ მის ანგარიშზე მონიტორინგი ხორციელდება.