ჯონდის სვლა - ვალების გამოსყიდვის კანონპროექტი

ჯონდის სვლა - ვალების გამოსყიდვის კანონპროექტი

 

„თუკი ხელისუფლება ჩვენს პროექტს არ მიიღებს, ოპოზიცია საპარლამენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას აუცილებლად განახორიციელებს“, - საქმე ეხება მეტად მომგებიანი თემის გააქტიურებას ჯონდი ბაღათურიას მხრიდან. ოპოზიციონერი დეპუტატი სახელმწიფოს პრობლემური საბანკო დავალიანებების - დაახლოებით 700 მილიონი ლარის - გამოსყიდვას სთავაზობს.

თითქმის მთელი საქართველოს მოსახლეობას ბანკის ვალი ახრჩობს. ასე რომ, რაც არჩევნები მოახლოვდება ჯონდის კანონპროექტი პოპულარობას მით უფრო მოიხვეჭს.

„ქართული დასის“ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ბანკები სანაცვლოდ ვალდებულნი იქნებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ინექცია, სოფლის მეურნეობაში იაფი კრედიტებისა და სადაზღვევო პროდუქტის სახით გასცენ. დეპუტატის გათვლებით, სოფლის მეურნეობაში 700 მილიონი ლარის დაბანდების შედეგად ნახევარ მილიონამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბანკებისგან ვალებს გამოისყიდის, მოქალაქეები და კომპანიები ანგარიშვალდებული მის წინაშე იქნებიან. სახელმწიფოს შეუძლია, ვალების გადახდა გადაავადოს, ან მოქალაქეებს აჩუქოს, ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტია“, - აცხადებს „ქართული დასის“ ლიდერი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 მილიონი ლარის აკუმულირების საკითხს, ბაღათურიას თქმით, ბიუჯეტში არამიზნობრივი ხარჯების შემცირება ვალების გამოსყიდვისთვის საკმარისი იქნება. როგორც დეპუტატი აცხადებს, პრეზიდენტის და თანამდებობის პირთა სამივლინებო ხარჯებზე, ლაზიკაში იუსტიციის სახლის, ქუთაისში პარლამენტის და თბილისში პრეზიდენტის რეზიდენტიის მშენებლობებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა და იხარჯება.

„თუკი ხელისუფლება ჩვენს პროექტს არ მიიღებს, ოპოზიცია საპარლამენტი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას აუცილებლად განახორიციელებს“, - დასძინა ბაღათურიამ.

მანვე აღნიშნა, რომ პროექტის შესახებ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან და ეკონომიკის ექსპერტებთან გამართა და „არცერთი კრიტიკული შენიშვნა არ გამოთქმულა“.

სამაგიეროდ, დეპუტატის ინიციატივასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საქართველოს ბანკების ასოციაციას. ჯონდის გათვლებსა და გეგმას იქ ერთობ ეჭვით უყურებენ. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, 2011 წლის ივლისის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 174.5 მილიონი ლარი შეადგინა.

„საიდან მოიტანა 700 მილიონი ლარი, როცა საკრედიტო პორტფელის 5 პროცენტს არ ასცილებია ვადაგადაცილებული და დაუბრუნებელი სესხები? ასე რომ მოხდეს, ქვეყანას დააქცევს ინფლაცია. 700 მილიონად გამოისყიდოს სახელმწიფომ და მერე ბანკები აიძულოს დაბალპროცენტიანი სესხები გასცენ და მიმართულებებიც კი განუსაზვროს? რა უბედურებაა ეს? ეს არის ხელოვნური ჩარევა იმ პროცესში, სადაც ჩარევაც არ შეიძლება“, - განაცხადა გვასალიამ.

ეკონომისტი დავით ნარმანია კი თვლის, რომ ჯონდი ბაღათურიას ინიციატივა, განხორციელების შემთხვევაში, ცხოვრებას შეუმსუბექებდა როგორც ათასობით კრედიტორს, ასევე მსესხებელ ბანკებსაც, რომლებიც გაცემული თანხის უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ნარმანიას თქმით, მთავრობას მაინც არ აქვს უფლება საბიუჯეტო სახსრები კერძო სუბიექტთა ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენოს.