თურქეთში არალეგალურად დასაქმებულებში ქართველები ლიდერობენ

თურქეთში არალეგალურად დასაქმებულებში ქართველები ლიდერობენ

თურქეთის სტატისტიკის სამმართველომ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მოხსენება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც თურქეთში არალეგალურად დასაქმებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები ერთ-ერთ პირველ ადგილზე არიან. ხუთეულში საქართველოსთან ერთად შედიან აზერბაიჯანი, თურქმენეთი და რუსეთი. ეს ინფორმაცია for.ge-ს თურქულ ინტერნეტგამოცემაზე (http://www.haberler.com/ismmmo-isverenin-yabanci-kacak-isci-kari-15-yilda-3731319-haberi/) დაყრდნობით მოაწოდა „ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით რობაქიძემ.

ზემოთ მითითებული მოხსენების თანახმად, თურქეთში 4,5 მილიონი არალეგალი იმყოფება. ისინი მუშაობენ და მათი ექსპლოატაციით დამსაქმებლები ყოველწლიურად მილიარდ თურქულ ლირაზე მეტ მოგებას ნახულობენ.

„ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რობაქიძე მიიჩნევს, რომ თურქეთში ქართველების არალეგალურ მდგომარეობაში მუშაობა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებითაა განპირობებული, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სამშობლოში დასაქმებისა და არსებობის წყაროებს უსპობს.

„თურქეთში, კერძოდ სტამბულში არის ასეთი ადგილი - აქსარაი. იქ თურქი ფაქტიურად არ არის, ის ადგილი პატარა საქართველოა. ამ ადგილას ყველა სურვილი და ოცნება ქართველების ხელშეწყობით შეიძლება აგიხდეთ, იქნება ეს სამსახური, გემრიელი ქართული კერძი, ქალი, კაცი, წამალი და ასე შემდეგ. ამ კონკრეტული ადგილიდან ქართველების გამოძევების  ფაქტი რაღაც არ მახსენდება (მეძავებს არ ვულისხმობ).

გარდა სტამბულისა, ქართველები მრავლად არიან ანტალიაში, ალანიაში და რამდენი ჩამოგითვალოთ?! მაგალითად, ქემალფაშაში თურქულს აქა-იქ თუ გაიგებ, სულ ქართველები არიან - ზოგი მუშაობს და ოჯახს არჩენს, ზოგი თაღლითობს, ზოგი ჩაის კრეფს,ზოგი სიმინდს თოხნის. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა იქ მუშაობს და თურქეთში არალეგალურად დასაქმებულთა შორის საქართველო სწორედ ამიტომაა ერთ-ერთ პირველ ადგილზე“, - ამბობს დავით რობაქიძე და კოლეგა პოლიტიკოსებს გარკვეულ რჩევასაც აძლევს:

„წინასაარჩევნოდ გამოღვიძებულმა პოლიტიკოსებმა უმჯობესია პრობლემა ეძებონ არა თურქების აქედან გაძევებაში, არამედ ჩვენს მთავრობაში და პარლამენტში, რომლებმაც ე.წ. ლიბერალური კანონის მიღებით სააკაშვილსა და ვარშალომიძეს მიანიჭეს ქონების ერთ ლარად გასხვისების უფლება.

ბოლო დროს ადგილობრივ მოსახლეობაში აქტიურად განიხილება ბათუმსა და მის შემოგარენში არსებული საროსკიპოების მფარველების თემა. ცნობილია, რომ საქართველოში პროსტიტუციის ორი სახეობაა განვითარებული - პოლიტიკური პროსტიტუცია და სხეულით პროსტიტუცია. ამჯერად, სხეულით პროსტიტუციაზე და აჭარის მთავრობაში მათ მფარველებზე შევჩერდები - ბათუმის მერია და საკრებულო აჭარის მთავრობას აძლევს ქონებას, ეფექტური პრივატიზაციის მიზნით, რომელსაც ვარშალომიძე ჩუქნის 1 ლარად, სასტუმროსა და გასართობი ცენტრის ასაშენებლად, რასაც არაოფიციალურად ჰქვია (და არის კიდეც) საროსკიპო.

ასე რომ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენის ერთადერთ წყაროდ რჩება თურქეთში მუშაობა, რათა ზამთარი გადაიტანონ და შიმშილით სული არ ამოხდეთ.

მაგალითად, ბათუმში იშვიათად ნახავთ ოჯახს, რომლის ერთი წევრი მაინც არ იყოს წასული თურქეთში, სამუშაოდ. არც ბათუმში და არც რეგიონის დანარჩენ ქალაქებსა და რაიონებში ადგილობრივ მოსახლეობას ხელის გაქანების საშუალება არა აქვს.

აჭარის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქართველებისთვის ჩამოერთმია ზღვისპირა ობიექტები, მიწის ნაკვეთები, რაც შემდეგ სხვადასხვა ეროვნების ხალხს მისცეს. ქართველებისთვის წართმეული ქონება ვისაც გადასცეს, ისინი ცოცხალი თავით არ იტყვიან, რომ ქრთამს იხდიან. არადა, რეალურად ასეა“.