აჭარაში ტრეფიკინგის და პროსტიტუციის პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება. რამდენიმე დღის წინ გონიოს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მოაწყო და ადგილობრივი ხელისუფლებისგან სასტუმროებში არსებული საროსკიპოების დახურვა მოითხოვა. ამასთანავე, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ აჭარაში პროსტიტუციის ბიზნესს საქართველოს ხელისუფლება მფარველობს. ამგვარი მოსაზრება აქვს ორგანიზაციას „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, რომელმაც პატიმრის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ორგანიზაციის იურისტების განმარტებით, პატიმარ რაულ დუმბაძის დაპატიმრება აჭარაში ტრეფიკინგის საქმეს უკავშირდება და იგი იმიტომ დააკავეს, რომ რეალური დამნაშავისთვის დაეფარებინათ ხელი.
კერძოდ, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ იურისტის კოკა კვინიკაძის განცხადებით, რაულ დუმბაძე ტრეფიკიორების მხილებას აპირებდა, რის გამოც იგი ციხეში გამოკეტეს, ხოლო შემდეგ აწამებდნენ, რათა მას საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. და ბოლოს, დუმბაძეზე ისეთი ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ 15 ივნისს მან ციხეში თავი მოიკლა.
„რაულ დუმბაძე ცდილობდა ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალბატონისთის დახმარება გაეწია და მისთვის პასორტი დაებრუნებინა, მაგრამ თავად აღმოჩნდა ტრეფიკინგის მფარველების მსხვერპლი და 2010 წლის 19 ნოემბერს იგი დააკავეს. პოლიციამ არ დაიწყო ძიება ტრეფიკინგის მუხლით, არ დაინტერესებულა საქმის გარემოებებით და ცრუ ბრალდება წაუყენა ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალბატონს დილდორა თიშებაევას და რაულ დუმბაძეს“, - აცხადებს კოკა კვინიკაძე.
ბრალდების მხარე მათ ყაჩაღობის ჩადენას ედავებოდა. კერძოდ, კვინიკაძის თქმით, რაულ დუმბაძე თიშებაევას ტრეფიკიორთან მიჰყვა და მისი კუთვნილი პასპორტის დაბრუნებაში დაეხმარა. მათ ეს ქმედება ყაჩაღობად ჩაუთვალეს და 2011 წლის 4 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ რაულ დუმბაძეს 14 წლით, ხოლო თიშებაევას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე რაულ დუმბაძის ნების საწინააღმდეგოდ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - ყაჩაღობისთვის მას 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგივე ვადით პატიმრობა პირადობის მოწმობის გატაცებისთვის მიესაჯა, მაგრამ ძველი პირობითი მსჯავრი გაუცოცხლდა და საბოლოოდ სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალბატონს კი ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა და დღეს იგი უკვე თავისუფალია. რაულ დუმბაძის ადვოკატი ირაკლი შავაძე პატიმრის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
„საქმეში იყო იმის ნიშნები, რომ დილდორა თიშებაევა (ვისაც რაულ დუმბაძე დაეხმარა) იყო ტრეფიკიგნის მსხვერპლი. საქმეში ფიგურირებს უზბეკეთის მოქალაქე ნოდირახან კორაბოევა, რომელიც აჭარაში ტრეფიკინგით არის დაკავებული და რომელსაც თიშებაევას პასპორტი ჰქონდა და მის უკან დაბრუნების სანაცვლოდ ფულს ითხოვდა“, - აღნიშნავს ადვოკატი შავაძე.
მისი თქმით, სწორედ კორაბოევა არის საქმეში დაზარალებულად ცნობილი და თითქოს ის გახდა ყაჩაღობის მსხვერპლი, თიშებაევა და დუმბაძე კი, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლ თიშებაევას პასპორტის დაბრუნებაში დაეხმარა, დამნაშავეებად არიან გამოყვანილები. ირაკლი ვაშაძის თქმით, როდესაც ის საქმეში ჩაერთო, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა და ამავდროულად პროკურატურა ზეწოლას ახორციელდება დუმბაძეზე, რათა მას ბრალი ეღიარებინა და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმებოდა.
ადვოკატ შავაძის განცხადებით, 2011 წლის შემოდგომაზე პატიმართან ქუთაისის ციხეში მისი პირველი ვიზიტის შემდეგ რაულ დუმბაძესთან მეორე დღესვე შევიდა პროკურორი, ირაკლი შავაძეზე აცილება დააწერინა და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოწერინა.
„საქმეში ჩართული იყო მეორე ადვოკატიც, რომელმაც მითხრა, რომ საპროცესო შეთანხმებას ისე მოაწერა ხელი, რომ ბრალდებულს არ შეხვედრია. უბრალოდ იგი პროკურატურაში დაიბარეს, უთხრეს, რომ რაულ დუმბაძე საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმა იყო და ადვოკატმაც საპროცესოს ხელი მოაწერა. მეორე ბრალდებული, დილდორა თიშებაევა ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო და როდესაც იგი ვინახულე, ერთად ჩამოვყალიბდით იმ პოზიციაზე, რომ იგი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმა არ იყო. როგორც კი მე მისგან გამოვედი, მასთან პოლიციამ მიიყვანა მეორე ადვოკატი, რომელსაც მე ავუხსენი, რომ თიშებაევა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანახმა არ იყო. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ქალბატონ დილდორასთან მაინც შევიდა და ისიც იძულებული გახადეს, საპროცესო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა“, - ამბობს ადვოკატი ირაკლი შავაძე.
მისი თქმით, ამ ყველაფრის პარალელურად პროკურატურის მხრიდან რაულ დუმბაძის ოჯახზე ხორციელდებოდა ზეწოლა მოთხოვნით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე ადვოკატი შავაძე არ მიეყვანათ. შავაძის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მანაც და ბრალდებულებმაც დეტალურად ისაუბრეს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამიტომ პროკურატურამ ეს დოკუმენტი აღარ გამოაჩინა და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ისღა დარჩენოდა განაჩენი გამოეტანა, პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. ამ პერიოდში ირაკლი შავაძე რამდენჯერმე მივიდა ქუთაისის ციხეში რაულ დუმბაძის სანახავად, მაგრამ იგი იმ მოტივით არ შეუშვეს, რომ პატიმარს მასზე აცილება ჰქონდა დაწერილი. ბოლოს ადვოკატმა ახალი ორდერით მოახერხა დუმბაძის ნახვა და მისი თქმით, პატიმარმა მას მოუთხრო, რომ მთელი საქმის წარმოების პროცესში მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, რათა მას ბრალი ეღიარებინა.
საბოლოოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება მაინც გაუფორმეს და ამას პროკურატურის მიერ მოყვანილი ადვოკატი ესწრებოდა. ირაკლი შავაძე ამბობს, ეს იმის დასტურია, რომ ბრალდებულებს საქართველოში არ აქვთ უფლება იმ ადვოკატის მომსახურებით ისარგებლონ, რომელიც თავად სურთ. ადვოკატის თქმით, რაულ დუმბაძის ოჯახს პირდებოდნენ, რომ თუკი საპროცესი შეთანხმება გაფორმდებოდა, შემდეგ მას შეიწყალებდნენ. მართლაც დუმბაძის დედამ შეწყალებაზე განცხადებაც დაწერა, მაგრამ ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა. შემდეგ რაულ დუმბაძის დედა ცდილობდა პროკურატურაში იმ ადამიანებს შეხვედროდა, ვინც მას შვილის შეწყალებას ჰპირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ.
„რაულ დუმბაძე რომ უდანაშაულოა ამას მოწმობს მის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენიც, რომლის თანახმადაც ისეთი მძიმე დანაშაულისთვის, როგორიც არის ყაჩაღობა, მას სასჯელის სახით ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა მიუხედავად იმისა, რომ მას არც არანაირი ჯარიმა გადაუხდია და არც გამოძიებასთან უთანამშრომლია“, - აცხადებს ადვოკატი შავაძე.
მისი თქმით, რაულ დუმბაძე დედამისმა ბოლოს 5 ივნისს მოინახულა და პატიმარს მისთვის უთქვამს - ჯოჯოხეთში ვარო. 15 ივნისს კი რაულ დუმბაძემ თავი მოიკლა. ადვოკატი შავაძე ამ ფაქტს პატიმარზე ციხეში განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს და აცხადებს, რომ როგორც ჩანს, მავანთ არ სურდათ ტრეფიკინგის იმ საქმის გახმაურება, რომელშიც რაულ დუმბაძე აპირებდა დამნაშავეები ემხილა.