სააკაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულმა განცხადებებმა ფართო გამოხმაურება გამოიწვია. ერთ–ერთი შეფასებით, პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით სწორ შეფასებებს აკეთებს, თუმცა სამხედრო პოლიტიკის საკითხებში ცუდი მრჩევლები ჰყავს. საპარლამენტო ოპოზიცია კი სააკაშვილს მოუწოდებს, რომ „საკუთარი განცხადებებით ქვეყნის შარში გახვევა შეწყვიტოს“. ტოტალური თავდაცვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით ღია შეშფოთებას გამოხატავენ ოკუპირებულ ცხინვალშიც.
დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას ხაზგასმით რეზერვისტთა სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ყველა სოფელს უნდა შეეძლოს საკუთარი მიწის დაცვა. ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს პატარ-პატარა მომზადების ჯგუფები და ამისთვის საჭირო იარაღიც. უკვე ცხადია, რომ აბსოლიტურად არც ერთ ნორმაში არ ჯდება ის ძალა რომელთანაც საქმე გვაქვს. თუ მოინდომებს ის უკვე დაკავებული რაიონებიდან ნაბიჯის წინ გადმოდგმას, ყველა კვადრატული მიწის ნაკვეთი ფეხქვეშ უნდა ეწვებოდეს. ქვეყნის დაცვა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის ამოცანაა“, -აცხადებს სააკაშვილი.
ამასთან პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს მინიმალურ დონეზე საკმარისი იარაღი გააჩნია და დამატებითი იარაღის შეძენა საჭირო არ არის. მისი თქმით, კარგად მომზადებული არმია ნებისმიერი იარაღის პირობებში მზად არის საბრძოლველად.
„იარაღი რაც მინიმალურ დონეზე გვჭირდება, საკმარისზე მეტი გვაქვს და არ გვინდა. კარგი მომზადებული არმია ნებისმიერი იარაღის პირობებში მზად არის საბრძოლველად. ჩვენი მთავარი იარაღი ჩვენი ცოდნაა“, – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სამინისტროში გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს. როგორც მან თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას განაცხადა, 800-ზე მეტი ოფიცერი გათავისუფლდა სამსახურიდან სამ ეტაპიანი ტესტირების შედეგად და სამინისტრო მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს ინარჩუნებს.
„შეიარაღებულ ძალებს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი პრესტიჟი აქვს. ახალმა თავდაცვის მინისტრმა განახორციელა რეფორმები, 800-ზე მეტი ოფიცერი იქნა დათხოვნილი სამ ეტაპიანი ტესტირების შედეგად. ვინარჩუნებთ იმათ, ვინც საბრძოლო თვალსაზრისით თავი გამოიჩინა და ვისაც კაბინეტი, მანქანა და ხელფასი უნდა მხოლოდ, არაფერში არ გვჭირდება“, – ამბობს სააკაშვილი.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის მნიშვნელობაზეც და განაცხადა, რომ ეს არის უზარმაზარი სამხედრო სკოლა ქართველი ჯარისკაცებისთვის.
„2008 წელმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ 100%-იანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტოტალური თავდაცვა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება, რადგან ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამშვიდობო პროცესში და ამავდროულად ისინი გამოადგებიან თავიანთ ქვეყანას. ჩვენ არათუ უნდა შევწყვიტოთ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, არამედ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოვნახოთ საშუალება, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში და გავდივართ კონსულტაციებს ჩვენს პატრნიორებთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის მიერ თავდაცვის უწყებაში გაკეთებული ხმაურიანი განცხადებები ექსპერტებმა შეაფასეს. სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით სწორ შეფასებებს აკეთებს, თუმცა სამხედრო პოლიტიკის საკითხებში ცუდი მრჩევლები ჰყავს.
ასე შეაფასა თავდგირიძემ „პირWელთან“ საუბარში პრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადებები.
„საფრთხეები ნამდვილად არის და არცთუ შორეული, თუმცა მიდგომა, რომლის თანახმად, ყველა სოფელში გარკვეული სამხედრო დაჯგუფებები უნდა იყოს, არაფერს მოგვცემს, ვინაიდან პირიქით, ერთიანი და მტკიცე მმართველობის სისტემაა საჭირო. ჯერ კიდევ XX საუკუნეში გამოჩნდა, რომ იგებს ის, ვინც მტკიცე, ერთიან მმართველობას ექვემდებარება. კარგია, რომ მთავარსარდალი პრობლემებს ხედავს და საფრთხეებთან დაკავშირებით სწორ შეფასებებს აკეთებს, თუმცა ცუდი მრჩევლები ჰყავს სამხედრო პოლიტიკის საკითხებში.
„მგელი“ რომ მოდის, ვიცით, რომ უნდა მოვიგერიოთ, ისიც ვიცით, თუმცა როგორ უნდა მოვიგერიოთ, ამაზეა სამუშაო და ამ მიზნით საჭიროა თავდაცვის უწყების არსებითი რეორგანიზაცია. საჭიროა პროფესიონალი ჯარის შექმნა, რომელიც მუდმივად იქნება მზად ქვეყანაში შემოსულ მტერზე რეაგირებისთვის. ამავდროულად უნდა შეიქმნას კომპონენტი, რომელიც დანაყოფების დაუყოვნებლივ მობილიზებას შესძლებს“, – აცხადებს თავდგირიძე.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შექებას, გიორგი თავდგირიძე ამას „პოლიტიკურ რევერანსს“ უწოდებს. როგორც თავდგირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსგავსი რამ პოლიტიკაში ხშირად ხდება. ექსპერტის თქმით, ბაჩო ახალაიას მინისტრად დანიშვნის შემდეგ განსაკუთრებული რეფორმები არც შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულა.
„ეს უფრო ავანსი იყო, ვიდრე რეალობა, რადგან თავდაცვის სფეროში, სამწუხაროდ, ამ მხრივ არანაირი გარღვევა არ გვაქვს. თუმცა ის, რომ უმაღლესი მთავარსარდალი თავდაცვის სამინისტროს სტუმრობს და საფრთხეებზე საუბრობს, ეს უკვე კარგია. პრეზიდენტი ხვდება, რომ თავდაცვის სისტემა მოსაწესრიგებელია და ის, რომ განათლების აუცილებლობაზე საუბრობს, ნიშნავს, რომ ამ მხრივ ძიება გრძელდება“, – ამბობს თავდგირიძე.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას მინისტრ ბაჩო ახალაიას მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს „ქართული საზოგადოების ელიტა“ უწოდა.
თავის მხრივ სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც სესიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტს საქართველოს ისე წარმოჩება უყვარს, თითქოს ის მსოფლიოს გულია, თუმცა ეს ასე არ არის.
„ჩვენ ავღანეთთან მიმართებაში შესაძლოა, გარკვეული გეოპოლიტიკური ინტერესები გაგვაჩნდეს, თუმცა, ეს ძალიან მცირეა. მაგრამ ვითვალისწინებთ რა ნატოსთან ურთიერთობის პრიორიტეტებს, მიმაჩნია, რომ სიმბოლური მონაწილეობაც საკმარისია, მით უმეტეს, რომ საპირისპიროდ ჩვენ ვერანაირ პოლიტიკურ და ვერც სხვა ტიპის გარანტიებს ვიღებთ“, – აცხადებს სესიაშვილი.
მისივე თქმით, საკმარისია ავღანეთში ერთი ასეული გაიგზავნოს და არა რამდენიმე ბატალიონი თუ ბრიგადა.
პრეზიდენტის „თავდაცვითი“ განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციამაც შეაფასა. ქრისტიან–დემოკრატი ლევან ვეფხვაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, „საკუთარი განცხადებებით ქვეყნის შარში გახვევა შეწყვიტოს“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ თავდაცვის სამინისტროში გაკეთებული განცხადებების შემდეგ არცერთი საღად მოაზროვნე ინვესტორი საქართველოში ინვესტიციას აღარ ჩადებს. ვეფხვაძის მტკიცებით, „სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას გაჟღერებული ინიციატივებით ქვეყნის ეკონომიკას დაარტყა“.
„საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების საფრთხე ამ ეტაპზე ნამდვილად არ დგას, მაგრამ როცა ქვეყნის პირველი პირი გამოდის და საჯაროდ ეგზისტენციალური საფრთხეებისა და დასახლებული პუნქტების შეიარაღების აუცილებლობის შესახებ საუბრობს, არცერთი ნორმალურ ინვესტორი, რომელიც საქართველოში ფულის ჩადებას აპირებდა, ბუნებრივია, ამას აღარ გააკეთებს“ – განუცხადა „პირWელს“ ვეფხვაძემ.
რაც შეეხება თავად სამხედრო თვალსაზრისით აღნიშნული ინიციატივის მნიშველობასა და საჭიროებას, როგორც ვეფხვაძე აცხადებს, „სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აუცილებელია, თუმცა კონკრეტულად ის, რაზეც სააკაშვილმა ისაუბრა, ნიშნავს ქვეყნის ჩეჩენიზაციასა და იმას, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს“.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო უწყებებში ვოიაჟების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მიმართავს თხოვნით, „საკუთარი განცხადებებით ქვეყანას შარში ნუ გახვევს“.
ამასობაში ცხინვალის რეჟიმი ტოტალური თავდაცვის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით აშკარად შეშფოთებულია. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.
დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი „სინანულით“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის მოვლენებიდან „შესაბამისი დასკვნები ვერ გამოიტანა“.
„ამასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები „ტოტალური თავდაცვისთვის“ მომზადების შესახებ, რომელიც მან 28 ივლისს გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შექმნაზე და ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვა თითოეულმა სოფელმა და ქალაქმა უნდა შეძლოს და უნდა შეიქმნას შესაბამისი მომზადებისა და აღჭურვილობის სპეციალური ჯგუფები“, – აცხადებენ დე-ფაქტო სამინისტროში.
აქვე მიაჩნიათ, რომ საქართველოში მცირე ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის შესახებ მისი განცხადებები „საქართველოს ხელისუფლებას ახალი გმირობებისკენ უბიძგებს“.
„ამოცანებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს დაუსახა, სამხრეთ ოსეთში მხოლოდ სამხედრო რევანშის მცდელობად აღიქვამენ. ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე საქართველოს უარის ფონზე ამგვარმა განცხადებებმა ყველას ყურდაღება უნდა მიიქციოს, ვისაც რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სურს“, – აცხადებენ ცხინვალის რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროში.