რუსთავის №16 საპყრობილეში პაემნებზე არავის უშვებენ

რუსთავის №16 საპყრობილეში პაემნებზე არავის უშვებენ

რუსთავის №16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საპყრობილის „ა“ და „ბ“ კორპუსებში მყოფ პატიმრებთან ახლობლებს, ადვოკატებს და სასულიერო პირებს არ უშვებენ. „ა“ და „ბ“ კორპუსში ხდება ტელეფონების შეკეთება. საუბარი მაქვს ტელეფონებზე, რომლის მეშვეობითაც პაემნის დროს პატიმრები ახლობლებს ესაუბრებიან. შესაბამისად, ამის გამო შეჩერდა პაემნები“, - გვიხსნიან საშვთა ბიუროს სარკმლიდან დაწესებულების თანამშრომლები.

დღეს, პატიმრებთან  შესვლა ვერც სასულიერო პირებმა შეძლეს, მიუხედავად იმისა, რომ  ისინი პატიმართან საუბრისას ტელეფონებს არ იყენებენ. სასულიერო პირებთან პატიმარი ადმინისტრაციულ შენობაში პირადად მიჰყავთ და საუბრის დროს, ასევე აღსარების ჩაბარებისას პატიმარსა და მამაოს შორის კომუნიკაცია ყოველგვარი ტელოფინის გარეშე ხდება.

„თქვენც, ხომ ხედავთ მოსულები ვართ და არ გვიშვებენ. გიდასტურებთ, რომ ჩვენ პატიმრებთან ურთიერთობისას არანაირ ტელფონს არ ვიყენბთ. არ ვიცით რა ხდება“, - საუბრობენ სასულიერ პირები, რომლებიც  დილის 11-საათიდან ცდილობდნენ პატიმრებთან შეხვედრას.

№16 დაწესებულების მოქალქეთა მისაღები პატიმრების ახლობლებითაა სავსე. პაემნებზე, მხოლოდ საპყრობილის „გ“ კორპუსში მყოფ პატიმრებთან უშვებენ.

„გავიგეთ, რომ კვირას დღის ბოლოს იყო რაღაც ხმაური. კონკრეტულად რა მოხდა არ ვიცით. დღეს პაემანზე უნდა შევსულიყავი, მაგრამ ვერ შევდივარ.

ჩემ პატიმარს  ორშაბათს  ჩავურიცხე თანხა ანგარიშზე და ახლა ვნახე მას ეს ფული საერთოდ არ გამოუყენებია. დახმარებას ვთხოვთ სახალხო დამცველს. მოვიდეს და გაარკვიოს რა ხდება“ - ჩივიან პატიმრების ახლობლები. მათი თქმით, ბარათზე დარიცხულ თანხას, როგორც წესი პატიმრები კვებისთვის იმავე დღეს იყენებენ.

„საპყრობილის ადმინისტრაციის თანამშრომლები ძალიან არიან შეშინებულები. ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ჟურნალისტები მოსულანო. ცდილობენ სულ გვერდით გსდიონ და გაიგონ ვინ რას გვეუბნება. ერთადერთი, რაც გავიგეთ ის არის, რომ პატიმრები დასჯილები არიან. ეს კი ნიშნავს, რომ კარცერში ნაცემები ჩაყარეს“, - გვიხსნიან პატიმრების ახლობლები.

რუსთავის №16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  პრობლემის წარმოქმნის შესახებ 26 ივნისს ინფორმაცია მედია-კავშირმა ობიექტივმაც გაავრცელა.

აღნიშნულ ორგანიზაციას  მჭიდრო კავშირი აქვს პატიმრების ახლობლებსა და მათ ადვოკატებთან. კავშირის გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, რუსთავის  №16 დაწესებულებაში, 26 ივნისის დილიდან ყველა პატიმარი კარცერშია გადაყვანილი.