თბილისი, საქართველო – მდინარე მტკვრის სანაპიროზე, იქ, სადაც ოდესღაც წყლის გამფილტრავი ქარხანა იდგა, თბილისის ცენტრიდან რამდენიმე მილის მოშორებით, საქართველოს ყველაზე ახალი ტელევიზია, მე-9 არხია მიმალული და აქვეა საქართველოს მედიის თავისუფლების უჩვეულო საგის ეპიცენტრიც.
გასულ კვირას, ის, რაც, ერთის შეხედვით, სტანდარტულ ისტორიად გამოიყურებოდა, ამბად მთავრობისა, რომელიც ცდილობს ალიკაპი ამოსდოს თავის კრიტიკოსებს, გასაოცრად შემობრუნდა, ისე, რომ შეიძლება უფრო ბედნიერადაც დასრულდეს.
ვითარება ისეთია, რომ საქართველოს ტერიტორიის უმეტესს მხოლოდ ორი ტელეარხის მაუწყებლობა ფარავს და ისინი პრო-სახელისუფლონი არიან. მცირეოდენ დამოუკიდებელ და ოპოზიციურ საინფორმაციო არხებს და მათ შორის მე-9 არხსაც, რომლებიც აქ ოპერირებენ, გავრცელება შეზღუდული აქვთ. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ საეთერო მაუწყებლობის ლიცენზია მხოლოდ პრო-სამთავრობო არხებს აქვთ და, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საკაბელო კომპანიების უმეტესობა, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მთავრობასთან, უარს აცხადებს ოპოზიციური ან დამოუკიდებელი არხების გავრცელებაზე. გლობალ ტვ ერთადერთი მაუწყებელია, რომელიც მე-9 არხის გადაცემებს თავის აბონენტებს სთავაზობს.
მე-9 არხი ეთერში აპრილში გავიდა და, თითქმის მაშინვე, მისი და გლობალ ტვ-ის მუდმივი დევნა დაიწყო. მე-9 არხის აღჭურვილობას აზიანებდნენ; მის რეპორტიორებს სდევნიდნენ. გლობალ ტვ-ის ბოიკოტი გამოუცხადეს და უჩივლეს. ერთ-ერთი მისი თანამფლობელი დააკავეს. ახლა მის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს.
მთავრობა აცხადებს, რომ გასულ თვეს გლობალ ტვ-იმ უფასოდ თეფშების დარიგება იმიტომ კი არ დაიწყო, რომ აბონენტები წაეხალისებინა, არამე იმიტომ, რომ ამომრჩევლები მოესყიდა. ამბობდნენ, თითქოს, გლობალ ტვ-ის ზოგიერთი თანამშრომელი სახლებში თეფშების დაყენებისას აცხადებდა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის, ოპოზიციური პოლიტიკოსისა და მილიარდერის საჩუქარია. სხვებს „ქართული ოცნების“ მაისურები ეცვა, იმ ოპოზიციური პარტიების კოალიციისა, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში.
მთავრობა იმასაც ამტკიცებდა, რომ გლობალ ტვ-იმ, რომლის ერთ-ერთი მფლობელი ივანიშვილის ძმაა, ახალი თეფშები ივანიშვილისგან აღებული სესხით შეიძინა. ხუთშაბათს მთავრობის ძალებმა გლობალ ტვ-ის საწყობებში რეიდი მოაწყო და ათასობით თეფში მანამდე, სანამ მათი უმეტესობის დარიგება მოხერხდებოდა, დააყადაღა.
მაგრამ პარასკევს, ზუსტად რეიდის მეორე დღეს, მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღებს კანონს, რომლითაც საკაბელოებს დაავალდებულებს ჩართოს ყველა არხი, მათ შორის, სავარაუდოდ მე-9 არხიც თავის პაკეტებში, მინიმუმ ოქტომბერამდე, საპარლამენტო არჩევნებამდე.
ნეტა, რატომ შეიცვალეს აზრი ასე მოულოდნელად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კონკურენტული არჩევნებია მოსალოდნელი? ნაწილობრივ იმიტომ, რომ მთავრობა ადგილობრივი უფლედაცვითი ჯგუფების, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ვაშინგტონის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა – ისინი ითხოვენ, რომ გარანტირებულ იქნას მედიაგარემოს დივერსიფიცირება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. პრეზიდენტ სააკაშვილს კი, რომელსაც არასდროს გაუმჟღავნებია დიდი ინტერესი მედიის რეფორმირებისადმი, აშკარად არ სურს ამ ძლევამოსილი მეგობრების გაუცხოების რისკზე წასვლა.
უფრო მეტიც, ახალი კანონი, ოდნავ შეეხება ზედაპირს. ქართული მედიაგარემო ჩრდილოვანია, ეს ნეპოტიზმის ქსელია, რომელსაც ბნელი კავშირები აქვს პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციის თანახმად, ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში, მისი მედიის საზრდოში, ამ ვირტუალურ მონოპოლიაში დომინირებს პატარა ბიზნესმენთა ჯგუფი, მჭიდრო კავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „რუსთავი-2-ის“, ქვეყნის ყველაზე დიდი პრო-სამთავრობო ტელეარხის ყოფილი დირექტორი და თანამფლობელი მართავს.
ოპოზიციური პოლიტიკოსების ამბობენ, რომ ქვეყნის ორი ყველაზე დიდი ტელეარხი, „რუსთავი 2“ და „იმედი“, სხვა არაფერს წარმოადგენენ, თუ არა სააკაშვილის კომერციულ რუპორს. მთავრობა აცხადებს, რომ მე-9 არხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მანქანაა: სხვა თუ არაფერი მისი ერთ-ერთი მფლობელი ივანიშვილის ცოლია.
შესაძლებელია, მედიის კანონების ლიბერალიზაციამ აქ პოლიტიკური დებატები კიდევ უფრო პოლარიზებული გახადოს, ხოლო სააკაშვილის მთავარი მოტივი უფრო თავდაცვაა, ვიდრე მედიის გათავისუფლება, მაგრამ, ის რაც ხდება, მაინც კარგია.
კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ამ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 10-დან 9 ქართველისთვის ტელევიზია მთავარი საინფორმაციო წყაროა, ამიტომ „მასთ ქერი“, სულ ცოტა, დებატებისას ორივე მხარის მოსმენის საშუალებას მისცემს ქართველებს და მერე ისინი თვითონვე გადაწყვეტენ, ვინ ამბობს სიმართლეს, თუ სიმართლეს ვინმე ამბობს.
foreignpress.ge