ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დეტალების გახმაურებით მიადგება თუ არა ზიანი ქართულ საზოგადოებას და თავად მოლაპარაკების შედეგებს. სწორედ ამის მომიზეზებით დაადო საქართველოს ხელისუფლებამ საიდუმლო გრიფი თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებას, რაც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ჯერ თბილისის საქალაქო, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ for.ge-ს შეტანილ სააპელაციო საჩივარზე პროცესი ჯერჯერობით არ ჩანიშნულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ნანა დარასელიამ კი ჩვენს სარჩელზე (რომლითაც ვითხოვდით დაევალებინა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საჯარო ინფორმაციის გაცემა, თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალებზე), 18 მაისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროს კვერი დაუკრა და თქვა, რომ თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალების ირგვლივ ინფორმაცია საიდუმლო უნდა იყოს, ხელშეკრულების გაფორმებამდე.
მოსამართლე დარასელიას გადაწყვეტილება არის უკანონო, სამართლებრივად დაუსაბუთებელი და ამიტომ, for.ge-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ჩვენს ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი მამუკა ნოზაძე ყოველგვარი ანაზღაურებისა და ანგარების გარეშე იცავს, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით.
თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკებას წერტილი ხელშეკრულების გაფორმებით თუ დაესვა, თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, ბათუმში აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდება და ახალციხის რაბათის კომპლექსზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებში თურქული მხარე ჩაერთვება. ესაა ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებამ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ზეპირი განცხადებების საფუძველზე იცის და ამ მოლაპარაკების შესახებ უფრო მეტს თუ გავიგებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოსამართლე ნანა დარასელიას აზრით, ჩვენ, საზოგადოებას ზიანი მოგვადგება!!!
ცალკე თემაა ის, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, დიდწილად სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში ოშკმა და იშხანმა ბაგრატის ტაძრის ბედი შეიძლება გაიზიარონ.
ჩვენთვის საჯარო ინფორმაციის მოცემაზე უარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბსურდული სამართლებრივი არგუმენტების მოშველიებით გვითხრა, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩვენდა სამწუხაროდ, გაიზიარა.
საქართველოს კონსიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და 40-ე მუხლების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული იყო მოეწოდებინა 2012 წლის 30 იანვარს, ჩვენს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს, სხვა დანარჩენებს შორის, „ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა, არასათანადო სამართლებრივი ნორმების მოხმობით შეგვიზღუდა ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება - 2012 წლის 14 თებერვლის წერილით გვაცნობა არასრულყოფილი პასუხი ჩვენს კითხვებზე. სამინისტრომ ფაქტიურად უარი გვითხრა ჩვენს მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, რაზეც მოწმობს: 2008 წლიდან დღემდე მომზადებული და გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაცია, ტელესიუჟეტი, რადიოგადაცემა; საქართველოს ეკლესიის, ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებები.
for.ge-ს ჟურნალისტი ახორციელებდი სწორედ საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციის ლეგიტიმურ შეგროვებას, რაშიც ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის დამალვით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელი შეეშალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლო არასათანადო სამართლებრივი ფორმით შეეცადა დაესაბუთებინა, თუ რატომ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო სარჩელი - სასამართლო მიუთითა, მაგრამ ვერანაირად ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მიადგეს სახელმწიფოს, თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით. მოსამართლის მსჯელობა იყო ზოგადი და ტრაფარეტული, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. მოსამართლე ვერ ასაბუთებდა რატომ განეკუთვნება თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა სფეროს.
„კანონში „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ არ მოიძებნება ისეთი მუხლი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არის საიდუმლო. ამ კანონის მე-8-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოს მიეკუთვნოს საქართველოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ფინანსთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიდა საქმიანობას თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით“.
კანონის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ (თავი პირველი, მუხლი 1) მიხედვით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება იდება, სრულდება და წყდება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ კანონის შესაბამისად“.
კონსტიტუციის 24-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად, ინფორმაციის მიღება და გავრცელება მაშინ იზღუდება, როცა საფრთხე ექმნება: სახელმწიფო უშიშროებას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დანაშაულის თავიდან აცილებას, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვას და სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
როგორც ხედავთ, ჩემს მიერ 30 იანვარს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, კონსტიტუციის 24-ე მუხლის 4-ე პუნქტში ჩამოთვლილ, არც ერთ კრიტერიუმში არ ჯდება.პლუს ამას, სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში მოხმობილი აქვს 1997 წლის 21 იანვარს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოცემული ბრძანებულება N42, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე". ამ ბრძანებულებას, ანუ კანონქვემდებარე აქტს ვერანაირად ვერ ექნება უპირატესი უფლება კონსტიტუციასთან მიმართებაში. საინტერესო ისაა, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კონსტიტუცია და თითქმის ყველა კანონი თავდაყირა დააყენა და როგორც ჩანს, უცვლელად მხოლოდ შევარდნაძის მიერ 1997 წელს გამოცემული ბრძანებულება დატოვა, რომლითაც თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალების გასაიდუმლოების გამყარებას ცდილობენ“, - ამბობს ნინო მიქიაშვილი.