„ქართული ოცნების“ წევრებს აპატიმრებენ

„ქართული ოცნების“ წევრებს აპატიმრებენ

 

რეგიონებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლა გრძელდება. თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მევლუდ ბრეგვაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ტარიელ ფანჩულიძეს და მმართველს გუნდს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, ფანჩულიძემ დააყენა საკითხი, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზი ვერ დაასახელა.

„თვის ბოლომდე შვებულებაში გამიშვეს, საკრებულოს თავმჯდომარეს არანაირი არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ უნდა დავტოვო თანამდებობა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი განცხადების გამო, რითაც მე საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობის სურვილის გამოვთქვი“, - განაცხადა ბრეგვაძემ. იგი არ მალავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის სურვილი აქვს და ვარაუდობს, რომ მისი შევიწროვებაც სწორედ ამიტომ ხდება.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი, გიორგი ჟვანია კი რეგიონში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. კერძოდ, მისი თქმით, დაკავებულია „ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის მეპატრონე გიორგი მხჩიანი, ხოლო პარლამენტის ყოფილი წევრის, მელიქ რაისიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან კოალიციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

For.ge გიორგი ჟვანიას ესაუბრა.

გიორგი ჟვანია: „დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში, როდესაც ამ ადამიანებმა ჩვენს პარტიაში გაწევრიანება გადაწყვიტეს, მათ მაშინვე პრობლემების შექმნა დაუწყეს. განსაკუთრებით ეს ოფისის მეპატრონე გიორგი მხჩიანს ეხება, რადგან მას პირდაპირ დაემუქრნენ, რომ თუ ოფისს გახსნიდა, დააპატიმრებდნენ. მას ადგილობრივი პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი პირადად ემუქრებოდა.

გუშინწინ ღამით, როდესაც გიორგი მხჩიანი მეგობართან სახლში ბრუნდებოდა, მას ორი მანქანა გადაუდგა წინ, მხჩიანი მანქანიდან გადმოიყვანეს და ახალციხეში წაიყვანეს. დღეს კი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

რა ბრალდება აქვს მხჩიანს წარდგენილი?

- ბრალდება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. მას ედავებიან იმას, რომ შენობის (რომელიც მან საოფისედ მოგვაქირავა) ფაქტიური მეპატრონე არის არა მხჩიანი, არამედ მელიქ რაისიანი, რომელიც ასევე ჩვენი აქტივისტია და რომელზეც დაპატიმრების სანქცია არის გაცემული. გიორგი მხჩიანს მხოლოდ ეს ჩაუთვალეს დანაშაულად.

რატომ ითვლება ეს დანაშაულად?

- არ ვიცი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია. სხვათაშორის გენპროკურატურას მოვუწოდებ, ჩემი პირადი საქმეც შეისწავლონ, რადგან თუკი ეს დანაშაულია, მსგავსი დანაშაული მეც მაქვს ჩადენილი. მე მაქვს ვენახი, რომელშიც ჩემი ახლობლები საქმიანობენ, ანუ ამ ნაკვეთის მესაკუთრე მე ვარ, მაგრამ მათთან ერთობლივი ბიზნესი მაქვს. გიორგი მხჩიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში სხვა არაფერი წერია, მას ყალბი გარიგების შედგენას ედავებიან და ამ ბრალით დღეს მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, ახლა სწორედ ამ სასამართლო პროცესიდან მოვდივარ.

თქვენი ოფისის შენობა ოფიციალურად მხჩიანის სახელზეა რეგისტრირებული, თუ მელიქ რაისიანის?

- შენობა რეგისტრირებულია გიორგი მხჩიანის სახელზე. ეს ადამიანები მეგობრები არიან და შესაძლოა ამ შენობით ორივე სარგებლობდა. ჩემი საქმე არ არის, ვის ვისთან ერთად რა ბიზნესი აქვს. თან ხელისუფლების გათვლა იმაზე იყო, რომ გიორგი მხჩიანი არის პრობაციონერი, ვიღაცასთან იჩხუბა და ამის გამო პირობითი მსჯავრი აქვს დადებული. სწორედ ამის საფუძველზე იყო მასზე ზეწოლა, მაგრამ იგი საკმაოდ პრინციპული ადამიანი გამოდგა და თავის პოზიციაზე დარჩა. სწორედ ამის გამო დღეს იგი სასჯელს იხდის.

მელიქ რაისიანის შემთხვევაში რა ხდება?

- ანალოგიური რამ ხდება მელიქ რაისიანთან დაკავშირებით. იგი არის სამგზის დეპუტატი, მათ შორის ორჯერ ახალქალაქის რაიონის მაჟორიტარი იყო. 2004 წლიდან რაისიანი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო პარლამენტში გასული. როდესაც ამ ადამიანმა ჩვენთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, იგი მაშინვე დაიბარა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია. მან პირდაპირ „ურჩია“ რაისიანს, ჩვენთან თანამშრომლობისგან თავი შეეკავებინა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. ამაზე მაჭავარიანმა უპასუხა, რომ რაისიანს პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი თავის პოზიციაზე დარჩა.

მოგვიანებით, როდესაც მელიქ რაისიანი 26 მაისს თავის ოჯახურ საქმეებზე საქართველოდან გაემგზავრა, 27-ში სასამართლომ მას დაპატიმრებს შეუფარდა. ამიტომ, ეს ადამიანი საქართველოში ვეღარ ბრუნდება.

მელიქ რაისიანს რას ედავება გამოძიება?

- მას ედავებიან, რომ თითქოს მან ერთი ქალბატონი შეცდომაში შეიყვანა, გამოართვა მას გარკვეული თანხა, რის სანაცვლოდაც რაღაც საქმის მოგვარებას დაჰპირდა და შემდეგ ეს დაპირება არ შეასრულა. მთლიანი საქმის შესახებ რომ მოგვიყვეთ, ძალიან გრძელი ისტორიაა, მაგრამ ბრალდება აბსურდულია. აღსანიშნავია, რომ ეს ქალბატონი, ანუ ე.წ. „დაზარალებული“ აცხადებს, რომ მელიქ რაისიანი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი. საერთოდაც ამ საქმეში ძალიან ბევრი სისულელე და შეუსაბამობაა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, დღეს გიორგი მხჩიანს რის საფუძველზე მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, უკვე აღარაფერი მიკვირს.

თქვენ ამ რეგიონში მოღვაწეობთ და როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ეს ქმედება თავის მიზანს აღწევს?

- შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მხჩიანის მამა „ქართული ოცნების“ საქმიანობაში თავისი შვილის მაგივრად ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს. ბუნებრივია, ხელისუფლების ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ხალხი შეაშინონ, მაგრამ ხალხი მიხვდა, რომ დღეს თუ შეშინდება, ხვალ უარესი მოელის. ძალიან ბევრ ადამიანში თავგანწირვისა და ბოლომდე ბრძოლისთვის მზაობას ვხედავ და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს.