გია ყარყარაშვილის მიმართვა

გია ყარყარაშვილის მიმართვა

ამ წერილს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მისაპყრობად ვწერ! იმათ გასაგონად, ვინც დღეს ხელისუფლებაშია და ვისაც ვიცნობ ან, ოდესღაც ვიცნობდი და პატივს ვცემდი. ასე რამ შეგცვალათ, რომ ბოროტების შემოქმედად და თანამოზიარედ იქეცით?

უსამართლობისაგან აღშფოთებული ადამიანი სიტყვას გეტყვით და საპასუხოდ უმალ რუსეთის აგენტის იარლიყს აწებებთ.

გამოვარდება ვიღაც ნაბიჭვარი ან, ბრიყვი და იტყვის, რუსეთი უნდაო... საქართველოში აღარავის უნდა რუსეთის მონობის ქვეშ დაბრუნება. და თუ ვინმე მაინც მოიძებნება, ის ჩვენი, ყველას საერთო მტერი იქნება! ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა უკვე თქვა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. აირჩია დასავლური კურსი, ითვალისწინებს დასავლელი პარტნიორების რჩევასა და აზრს.

სამიოდე წლის წინ, 2009 წლის 9 აპრილის აქციების პერიოდშიც ისმენდა და ითვალისწინებდა ქართული საზოგადოება, როდესაც საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ელჩები რჩევებს იძლეოდნენ, კრიზისის მოგვარებისათვის ხელისუფლების შეთავაზება მიეღოთ 2012 წლიდან საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლისა და საარჩევნო კოდექსზე ერთობლივ მუშაობის წინადადებაზე.

მოუსმინა მეგობრების რჩევას ქართულმა საზოგადოებამ, შედეგად კი დაჭრილ-დაჩეხილი და გაუპატიურებული კონსტიტუცია მიიღო, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში ხალხზე ძალადობა.

დღეს უკვე ახალი დიპლომატიური ტერმინი დამკვიდრდა საქართველოში - „ხელისუფლების გადაცემა“, რომელიც ორივე მხარემ სათავისოდ გაიგო, უფრო სწორად – ვერავინ ვერაფერი გაიგო. რას ნიშნავს ეს – წასვლას, თუ ერთი ხელიდან მეორე ხელში გადაცემას.

იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ერთის მხრივ, აცხადებენ, საქართველომ დემოკრატიის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა უკვე

არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების იმედს გამოთქვამენ. მეორეს მხრივ კი თითქოს ვერ ამჩნევენ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის დამახასიათებელი საარჩევნო პროცესი ხელისუფლებისათვის მტერთან ომში გადაიზარდა.

ირწმუნეს ქართველებმა, რომ დასავლეთის მხრიდან ასეთი დიდი დაკვირვების ქვეშ მყოფი ხელისუფლება ძალადობას ვეღარ გაბედავსო და, როგორც კი დემოკრატიის თამაშში განსხვავებული აზრი გამოხატეს, უმალ დამნაშავეებად გადაიქცნენ და სათითაოდ გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ.

ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ უწყობენ პროვოკაციებს და აპატიმრებენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს...

მოიყვანენ მოწმედ სასამართლო პროცესზე თანამშრომელს, აგენტს, მიაცემინებენ ცრუ ჩვენებებს და მოსამართლე დაუფიქრებლად უსჯის უსამართლო სასჯელს. თვითონ დასმენასა და მორჩილებაში ჯილდოდ აღებული ბინძური გასამრჯელოს ფასად უზრუნველყოფენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, ხოლო უდანაშაულოდ დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები ცრემლებით მისტირიან თავიანთ შვილებს, ღამეებს ათენებენ ნერვიულობაში, რომ ციხეებში ყოველდღიურ ცემასა და შეურაცხყოფის პირობებში ცოცხლები მაინც დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს.

ქართული საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციები და პატიმართა ოჯახის წევრები ყოველდღიურად გებულობენ ახალ_ახალ თავზარდამცემ ფაქტებსა და ისტორიებს, უყურებენ ნანა ლეჟავას “კვირის რეპორტაჟში“ გასულ შემზარავ მასალებს, აპროტესტებენ ქართული მართლმსაჯულების უკანონობას, მაგრამ სამართალს ვერსად პოულობენ

კიდევ რამდენმა ადამიანმა უნდა დაასრულოს თვითმკვლელობით სიცოცხლე?.. რამდენი ცხედარი უნდა გამოასვენონ ციხეებიდან?.. რამდენი ადამიანი უნდა შეემატოს ქართულ ციხეებს ცრუმოწმეებად მოყვანილი ადამიანების ჩვენებითა და ცალმხრივად, მხოლოდ ბრალდების მხარის მოთხოვნით ჩვენების საფუძველზე მოსამართლის გამოტანილი განაჩენით, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და ერთხელ მაინც საჯაროდ ითქვას, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში რაღაც ისეთი ხდება, რაც ყოველმხრივ „ნაქებ ქართულ დემოკრატიას“ არ შეეფერება, სანამ მოძალადე ხელისუფლებას საბოლოოდ არ გაუთითოკაცებია ისედაც საზღვარგარეთ საშოვარზე წასული ქართველებისგან სანახევროდ დაცლილი ქალაქები და სოფლები!

არჩევნებამდე მისასვლელ ამ სახიფათო გზაზე კიდევ ბევრი გახდება ძალადობის მსხვერპლი და კიდევ მრავალ ადამიანს დაემუქრება მართლმსაჯულების უსამართლო და სასტიკი განაჩენი. საშველი და სამართალი არსაით სჩანს.

თუ ამჟამინდელი ხელისუფლება ამგვარი ძალადობით კიდევ შეინარჩუნებს ქვეყნის მართვის სადავეებს, მრავალ ადამიანს სამუდამოდ ციხეში დალპობა ემუქრება, პროტესტს ვინც გამოთქვამს მოღალატედ აცხადებენ!

მოგიწოდებთ!

აიძულეთ ხელისუფლება, შეაჩეროს ძალადობა სანამ საბოლოოდ ტერორში არ გადაზრდილა ყველაფერი, შეწყვიტოს უკანონო დაჭერა-დაპატიმრებები და ციხეებში ადამიანების ცემა, შეურაცხყოფა და დამცირება, თორემ ოდესმე აუცილებლად შემოუტრიალდებათ ბუმერანგივით.

ეს უნდა დასრულდეს! პროტესტის ნიშნად და სოლიდარობის მიზნით პირადად ჩავერთვები ამ პროცესში.  უნდა დავირაზმოთ და აქტიური საპროტესტო ქმედებებით მივიპყროთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებზე, რადგანაც საქართველოში მხოლოდ მათი უშუალო ჩარევის შედეგად ხდება დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კუთხით პროგრესული ნაბიჯების გადადგმა.

მივმართავ ყველას: ერთად მივაწვდინოთ ხალხის ხმა და ტკივილი საერთაშორისო საზოგადოებას.