რატომ შეარჩიეს თურქებმა აჭარა ტრეფიკინგისთვის

რატომ შეარჩიეს თურქებმა აჭარა ტრეფიკინგისთვის

ბათუმი და გონიო ტრეფიკინგის კერებად იქცა, სადაც შუა აზიიდან ჩამოყვანილ გოგონებს ამუშავებენ. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბორდელების თურქ მეპატრონეებს და ამ მომსახურებით მოსარგებლე თურქეთის მოქალაქეებს (ძირითადად სატვირთო მანქანების მძღოლებს) საერთო ენის, სარწმუნოების გამო უზბეკი გოგონები იზიდავთ. ამასთან, თურქულ სამზარეულოსაც ამჯობინებენ.

„ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნანა ნაზაროვა ე.წ. მომღიმარი ტრეფიკინგისა (Smiling Trafficking) და ტრეფიკინგის მსხვერპლთა კონკრეტული ფაქტების შესახებ უყვება For.ge-ს.

ტრეფიკინგის მხრივ საქართველოში ვითარება წლიდან წლამდე უარესდება. არავისთვის დაფარული არაა, რომ განსაკუთრებით, ბათუმი და გონიო  თურქული ბორდელებით აივსო.

- ტრეფიკერებმა საქართველოში მართლაც ახალი ადგილი იპოვეს, ჩამოდიან და ამ საქმიანობას ეწევიან. აქამდე საქართველოს გავლით თურქეთში ჩადიოდნენ. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვიყავით. ახლა კი ვერ ხერხდება თურქეთში გადასვლა და ჩვენთან რჩებიან. ტრაპზონში ძალიან ძლიერი პოლიციის უფროსი დაინიშნა, ყველა ამას აღნიშნავს, და ამის გამო ეს არალეგალური, კრიმინალური ბიზნესი აქეთ წამოვიდა. გარდა ამისა, საამისოდ  საქართველოში კარგი ნიადაგია შექმნილი, არავინ არაფერს ამბობს, არავინ ყურადღებას არ აქცევს. ასე რომ, ტრეფიკერები რასაც უნდათ, იმას აკეთებენ.

რატომ მაინცდამაინც ბათუმი ან გონიო? რატომ შეარჩიეს თურქებმა ეს ადგილები?

- ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ აჭარა ზღვისპირა რეგიონია, რომ იქ ტურიზმია და სხვა, პირიქით, ტრეფიკინგის მსხვერპლნი ახლა მიდიან სახლებში, რადგან, როდესაც ფულის შოვნის სეზონი არაა, სასტუმროებიდან (სადაც ისინი ცხოვრობენ), მათ უშვებენ. ამ საქმეში მარტო თურქები არ არიან ჩაბმულნი, ჩვენებიც არიან. გარდა ამისა, მე ვიცი ერთი-ორი სასტუმრო, რომლის მფლობელებიც უზბეკი ბიზნესმენები არიან. ძირითადად უზბეკ გოგონებს ამუშავებენ. ისინი მოტყუებით არიან ჩამოყვანილნი. ბორდელების მფლობელები არიან თურქები. მაგალითად, ერთი ასეთი ბორდელი დეკემბერში იყო გახსნილი ხოფას ბაზრობის უკან, სასტუმროში, „თურქ ბარის“ სახელწოდებით. თებერვალში შედგა ამ ტრეფიკერის სასამართლოს პირველი პროცესი. თურქი იყო მფლობელი, მისი ვითომ „ცოლი“, ანუ „საქმიანი პარტნიორი“ უზბეკი ქალბატონი გახლდათ, ეს ქალბატონი უზბეკეთშივე იყო დაჭერილი. ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ თხოვნა, დავხმარებოდით ორ გოგონას, რომლებიც მათი მსხვერპლნი გახდნენ.

ამ ისტორიის შესახებ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ყველაფერი იყო ნათქვამი, გოგონების ვინაობის დაკონკრეტებით. არადა, არ შეიძლება, ამ გოგოების სახელი გახმიანდეს, არც ტრეფიკერის სახელი უნდა გამომზიურდეს, რადგან ეს ქალბატონი ერთ-ერთი ამ გოგოს მეზობელია. მოგეხსენებათ, ეს გოგონები ხშირად პატარა სოფლებიდან არიან, ყველამ ყველაფერი იცის მათ შესახებ, ისიც იციან, სად წაიყვანეს ისინი. თუ პრესაში ღიად დაიწერება, რომ ესა და ეს პიროვნება არის ტრეფიკერი, ყველა მიხვდება, რომ მან წაიყვანა საქართველოში ესა და ეს გოგონა, მერე რა სახელით უნდა დაბრუნდეს ეს გოგო უზბეკეთში, თავის ოჯახში, თავის ბავშვებთან?!

ძირითადად ესენი არიან ბავშვიანი ქალები, რომლებიც საქართველოში სამუშაოდ ჩამოვიდნენ. მათ არ იცოდნენ, რა ელოდათ.

როგორც ვიცი, მათ დასაქმებას ჰპირდებოდნენ ბათუმის სამკერვალო ფაბრიკაში.

- დიახ, მაგალითად ეს გოგონა, რომელზეც გეუბნებით, საქართველოში ჩაის ფაბრიკაში სამუშაოდ გახლდათ ჩამოსული. იგი აიძულეს, სცემეს. სხვათაშორის, ამ გოგოსაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, გაგიჟდა და საავადმყოფოში იყო, როცა დედამისმა დარეკა და თქვა, რომ ტრეფიკერის ადვოკატი მივიდა მასთან სახლში და ყველაფერი უთხრა. ეს იმიტომ, რომ, თუ გოგო სიმართლეს იტყოდა, ერთი ამბავი ატყდებოდა. ამიტომაც ეს გოგო სიმართლეს ვერ იტყოდა.

უზბეკი და ტაჯიკი გოგონების გარდა, ქართველებიც თუ არიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი?

- ეს ფაქტები არ ვიცი, შეიძლება, იყოს ასეთი შემთხვევებიც.

 ერთგან ახსენეთ ტერმინიმომღიმარი ტრეფიკინგი“, რას ნიშნავს ტრეფიკინგის ეს ახალი ნაირსახეობა

- კლასიკური ტრეფიკინგის ზოგადი კლასიფიკაცია ასეთია, ქალები მოტყუებით ჩაიყვანეს, უთხრეს, რომ დაასაქმებდნენ, შემდეგ სცემეს, აიძულეს, დააშანტაჟეს. თუმცა ახლა უფრო რბილად ხდება ეს ყველაფერი, მათ ეუბნებიან, შენ იმუშავე, ოღონდ ამდენი და ამდენი ფული გადამიხადე. არც ცემა, არც არაფერი, უბრალოდ, შანტაჟია.

გამოდის, გოგოები ნებაყოფლობით მუშაობენ?

- რომელ ნებაყოფლობით მუშაობაზეა საუბარი?! პროსტიტუცია ყოველთვის ძალადობაა. ისინი იძულებით აკეთებენ ამას. რაც აჭარაში ხდება, ეს არის შრომითი მიგრაცია, არალეგალური მუშაობა და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ერთი ტრეფიკერის საქმეზე 316 ქალის შემთხვევა მოდის, ეს ხომ კოლოსალური ციფრია?

- ამ კონკრეტული ტრეფიკერის საქმე ახლაც იხილება სამარყანდში, უზბეკეთში. როგორც ვიცი, იქ ტრეფიკერთა მთელი სია აქვთ, ისინი მრავლად არიან. სამი წელია, რაც ამ თემაზე ვსაუბრობ, თუმცა არც გრანტს მაძლევენ, რომ სერიოზული კვლევა ჩავატარო. ტრეფიკინგის რამდენი მსხვერპლია აჭარაში, დაზუსტებით არავინ იცის. თუმცა დაახლოებით ორ თვეში მარტო მე ოცი გოგონა გავუშვი სახლში.

უზბეკმა გოგონებმა დახმარების მიზნით მოგაკითხეს?

- დიახ, უზბეკეთის საკონსულო აძლევს ჩემს ტელეფონს და სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებაში ვეხმარები. ჩემი პარტნიორები კი იქ ხვდებიან.

თქვენამდე მოღწევა, ალბათ, ძნელია. ხომ შეიძლება, ტრეფიკერმა ამის გამო მოკლას გოგონა?

- ახლა ის კაცი ციხეში ჩასვეს 15 წლით. რა თქმა უნდა, ეს გოგო ხელში რომ ჩაუვარდეს, მოკლავს.

მაინც როგორ ახერხებენ თქვენამდე გამოქცევას?

- ტრეფიკერებს ფულს სულ მთლიანად რომ გადაუხდიან, უფრო იოლად მიდიან იქიდან. მერე უკვე უშვებენ, ზუსტად ეს არის „მომღიმარი ტრეფიკინგი“, რადგან იციან, თუ უხეშად დააშანტაჟებენ გოგონებს და მათ პასპორტს ჩამოართმევენ, გოგონა შეიძლება, გაიქცეს, მერე დაასხას პოლიცია და მათ ციხე ელით. ამიტომ, ასეთ რისკზე არ მიდიან.

გოგონები, რომლებმაც მოგმართეს, სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ?

- ისინი უკვე აღარ იყვნენ საშინელ მდგომარეობაში, თუმცა ყველა მათგანს აქვს პოსტტრავმატული სინდრომი, ყველას აქვს დიდი პრობლემები. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ თავშესაფარში განვათავსებთ, მაგრამ მოსმენაც არ უნდათ, რადგან ეშინიათ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ თურექთში გადაუსვლელობის გამო საქართველოში შემორჩნენ ტრეფიკერები, მაგრამ აჭარაში მათი მომრავლება მარტო ამით არის განპირობებული?

- უფრო მეტად ეს შემთხვევებია, რომ თურქეთის ნაცვლად საქართველოს შემორჩნენ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს საქართველოშიც მათთვის კარგი კლიმატია. ამიტომაც ეს კრიმინალური ბიზნესი თურქეთიდან საქართველოში გადმოვიდა.

მარტო აჭარაში, თუ თბილისშიც არის ტრეფიკინგის ბუდეები?

- თბილისში ამის შესახებ არაფერი გამიგია, ყველა მათგანი აჭარაშია, ძირითადად ბათუმსა და გონიოში.

უზბეკი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტი უკვე დაფიქსირდა. იქნებ, ბევრი გოგონაა დაღუპული და ინფორმაცია დაფარულია?

- დაღუპული ბევრი მათგანია. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი შემთხვევა მარტო ერთი არ იქნება, რადგან თავიდან რომ ვახსენე, იმ გოგოსაც თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ამ გოგონებს თვითმკვლელობის მცდელობა არ ჰქონოდეთ, რადგან არავინ ელოდა, რომ ასეთი „სამუშაო“ დახვდებოდათ აქ, როცა ჩამოვიდოდნენ.

რამდენადაც ვიცი, ამ გოგონებს გაქცევის შესაძლებლობა აქვთ. რატომ არ მიდიან ამ სახლებიდან, პასპორტის ჩამორთმევის გამო?

- არა, სანამ თანხას მთლიანად არ გადაიხდიან, ისინი კონტროლქვეშ არიან. მათ აშანტაჟებენ. კიდევ ერთი, თუ მათ თურქეთიდან დეპორტაცია განიცადეს, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, როცა დაბრუნდებიან საზღვარზე, უზეკეთში, მათ 200-დან 400-მდე, მინიმალურ ხელფასამდე, ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ უზბეკებს უფლება არ აქვთ, თურქეთში შევიდნენ. მათ უფლება აქვთ, მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადაადგილდნენ და არა - თურქეთში. ამიტომაც რჩებიან საქართველოში, რადგან წასასვლელი ადგილი არ აქვთ.

უზბეკმა გოგონამ თავი მართლა მოიკლა თუ მოკლეს?

- არაფერი ვიცი, შესაძლოა, მოკლეს კიდეც, ყველაფერი ხდება. სხვათაშორის, ინფორმაცია იყო ამის შესახებ, რომ თურქეთში თავად ტრეფიკერები საჩვენებელ დასჯას მიმართავდნენ. იყო ასეთი ფაქტიც, რომ მოკლეს გოგო, რათა სხვები დაეშინებინათ. ჩემი კოლეგაა აზერბაიჯანში, აზატ ისაზადე, იგი ფსიქოლოგია და ტრეფიკინგის მსხვერპლ გოგონებთან მუშაობს, ხშირად ვციტირებ მის ნათქვამს - როცა მუშაობ ტრეფიკინგის მსხვერპლთან, ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ფსიქოლოგიურად მათი გატეხვის მიზნით პროფესიონალურად მუშაობენ, მათზე ძალიან სერიოზული პროფესიონალები მუშაობენ. ტერმინი „ტვინის გამორეცხვა“ ზუსტად ამას მიესადაგება. ამიტომაც შესაძლოა, ეს გოგონები არ სცემონ, მაგრამ, როცა ტვინს ურეცხავენ, ადამიანი აკეთებს იმას, რაც არ უნდა, გააკეთოს.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ტრეფიკინგის აღსაკვეთად?

- საქართველოს მთავრობას სერიოზული მუშაობა მართებს. ახლახანს ძალიან კარგი რეკომენდაცია მისცა მათ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. მასზე ადრე კი ევროპული კონვენციის მონიტორინგის ჯგუფმა მრავალგვერდიანი რეკომენდაციები მისცა საქართველოს. უზარმაზარი საქმეა გასაკეთებელი. მართალია, კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ, თუ ერთმა ტრეფიკერმა ჩამოიყვანა სამასზე მეტი ქალი, სად არიან ეს ქალები?! ბათუმში თუ ჩავალ, მათ ვიპოვი, მაგრამ საამისოდ შტატი უნდა მყავდეს. ხოლო უზბეკეთში საინფორმაციო კამპანიაა ჩასატარებელი. ჩვენი მთავრობა ახლა ტრაბახობს, რომ ამ თემაზე მომუშავე ორ ორგანიზაციას ორ-ორი ათასი ლარი თურმე მისცეს საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად. სირცხვილია ამ მცირე თანხით ტრაბახი.

საქართველოს გარდა, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში რომელია ტრეფიკერებისთვის სასურველი ბაზა?    

- პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა რისკის ჯგუფშია, რადგან ჩვენი საზღვარი ახლა გაიხსნა და ეს კრიმინალური ბიზნესი შემოიჭრა. ესტონეთიდან დაწყებული, უკრაინის ჩათვლით, ასევე, მოლდავეთი, ჩვენ, ყველანი ვართ საზღვარზე და ყველანი ტრანზიტული ქვეყნები ვართ.

ხომ შეიძლება თავი იმართლოს ხელისუფლებამ, რომ ეს უზნეო სახლები ტურიზმის ასაღორძინებლად სჭირდებათ?

- ტურიზმი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ ტურიზმი იმ ადამიანების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს, ვინც საქართველოში ჩამოდის. მარტო ის არ არის, რომ მათ მოკლავენ, თავად ტურისტებიც სჩადიან უკანონო ქმედებებს. მაგალითად, თურქები ტურისტებად ჩამოდიან და მერე რას აკეთებენ?! ბორდელებს ითხოვენ. პირველ რიგში, ქალებს ითხოვენ, თვით კონფერენციაზე იყვნენ ჩასულები და ქალები მოითხოვეს. ისიც თქვეს, ეს ჩვენთვის უკანონოა, აკრძალულიაო. არადა, ევროპული კონვენციით ეს ხომ ძალადობაა?! საქართველო ხომ უნდა გახდეს ევროპული ქვეყანა? თუ ჩვენ გვინდა, ევროპული ქვეყანა ვიყოთ, ასეთ საკითხებს ყურადღება ხომ უნდა მივაქციოთ?!