რამდენიმე წუთის წინ პარტია საქართველოს გზის საპატიო თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად გაეროში მოღვაწეობს, ბაგრატის ტაძართან და ზოგადად, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ვრცელი და საინტერესო წერილი გაავრცელა, რომელისაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც კულტურის მინისტრმა ბევრ ტყუილთან ერთად განაცხადა, ორიოდე დღის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ბაგრატის საკითხი მართლაც პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახლავთ. ოღონდ არა „ვიღაცეების“, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტის. „ახალ ბაგრატში“ - აქ უკვე აღდგენაზე და რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია- პომპეზურად შესვლა - სანამ კიდევ სადმე შეესვლება - გახდა პრეზიდენტის მთავარი ახირება. რაც უთუოდ გამძაფრდა ივანიშვილთან პოლიტიკური კონკურენციის და სამების „კომპლექსის“ ფონზე.
ამ პიროვნულ ახირებას და ჩვენი ექსპერტების და სხვა პასუხისმგებელი პირების მონურ დამოკიდებილების მსხვერპლი გახდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და პირველ რიგში ბაგრატი.
ბაგრატის საკითხის და იუნესკოს დასკვნების შესახებ ტყუილების კორიანტელი ხშირად გვესმის, რომლის მიზანი ერთია, ანუ ხალხის გააბრუება და გადაფარვა იმ რეალური საფრთხის, რაც ემუქრება არა მხოლოდ ბაგრატს არამედ საერთოდ საქართველოს კულტურულ ძეგლებს და მემკვიდრეობას.
ბაგრატის ტაძარი სიმბოლო გახდა ჩვენს ერში არსებული დღევანდელი ყველა სენის, ერთი ადამიანის გემოვნებაზე და სხვა აზრის გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები, ეკლესიის გვერდის ავლით იმ საკითხებში, რომელიც მას უშუალოდ ეხება, საზოგადოების სრული გვერდის ავლით ჩუმად დაწყებული და ფაქტიურად უკვე დამთავრებული პროექტების წარდგენა.
რეალური საფრთხის გასაგებად რამდენიმე ფაქტი საზოგადოებას უნდა მიეწოდოს:
1. იუნესკოში არსებობს ორის ნუსხა. ერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, რომელშიც ბაგრატი - გელათთან ერთად როგორც ერთი და განუყოფელი კომპლექსი - და ეს გარემოება მეტად საყურადღებოა - ჩაწერილ იქნა 1994 წელს (ანუ სააკაშვილის ჟამთაღრიცხვამდე!). მეორე ნუსხა კი „საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის“. ამ მეორე სიაში გადაჰყავთ ის ძეგლები რომლებსაც პირველი სიიდან ან ბუნებრივი კატასტროფის ან სხვა გარემოებების და უფრო ხშირად არა სწორი კონსერვაციის ზომების გამო აუტენტურობა და ღირებულება ეკარგებათ.
სწორედ ამ მეორე სიაში გადაყვანილ იქნა ბაგრატი და გელათი 2010 წელს დაწყებული და შეუთანხმებელი სამუშაოების შედეგად.
ამ მეორე სიიდან ამოწერა ხდება ორი და მხოლოდ ორი გზით: ან მოკლე ვადაში ძეგლი უბრუნდება (იმის მერე რაც იუნესკოს რეკომენდაციები შესრულებული იქნება და არა სწორი რეკონსტრუქციის შედეგები გამოსწორებული) მთავარ სიას. ან მეორე: თუ იუნესკომ ჩათვალა რომ შეუქცევად პროცესებს ჰქონდა ადგილი და ძეგლის მსოფლიო ღირებულების გადარჩენას ვეღარ შეძლებს - საერთოდ და სამუდამოდ სიიდან ამოიღებს.
ეს მეორე გზა ემუქრება ბაგრატს და აქ არის მგლის თავი დამარხული.
2. ამ სესიაზე (რომელიც დღეს იწყება პეტერბურგში) არ მოხდება ბაგრატის სიიდან ამოღება, როგორც ნათლად სჩანს ქვემოთ მოტანილ გადაწყვეტილების პროექტის ტექსტიდან. არა იმიტომ რომ იუნესკო უცებ ეთანხმება ხელისუფლების ხედვას და მოქმედებას. ბაგრატის შესახებ მათი დასკვნა (და არა ერთი არაკომპეტენტური ექსპერტის) ერთმნიშვნელოვად გამოიხატება მოცემულ ტექსტში: „შეუქცევადი პროცესი“ „ბაგრატის აუთენტურობა დაიკარგა“ „მსოფლიო ღირებულება ვერ დავიცავით“. ვაჩეიშვილს და სხვებს მივანდოთ ახსნა-განმარტება ეს ყველაფერი მაინც სწორად რატომ მიაჩნია და იუნესკო არაკომპეტენტურად.
ჩვენ ის უნდა გვადარდებდეს, რომ ბაგრატის ბედი გადაწყვეტილია თუნდაც ამის ფორმალიზაცია გადავადებულია. ეს გადავადება არ გეგონოთ ხელისუფლების დიპლომატიურ წარმატებას ან მის რიგით „გამარჯვებას“ მიეწერებოდეს. თუმცა, ამის ასე წარმოდგენის მცდელობა უთუოდ იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იუნესკოს და საერთაშორისო ინსტანციების კეთილი ნების გამოხატვა, რათა ჩვენი უგუნურობის მიუხედავად გელათი არ ჩაჰყვეს ბაგრატის ბედს დავიწყებაში.
ამიტომაც, იუნესკო მოითხოვს საქართველოსაგან 2013 წლის თებერვლამდე შეიმუშავოს გეგმა თუ როგორ გაიმიჯნოს გელათი ბაგრატისაგან.... რათა შეძლონ გელათის სიაში დატოვება თუნდაც ბაგრატის გარიცხვის შემდეგ. გელათის გადარჩენაზე ზრუნავს “არაკომპეტენტური” იუნესკო.
3. გადავადება მხოლოდ გადავადება არის. იუნესკოს გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებს ახალი მოთხოვნები რომლის დაკმაყოფილება განაპირობებდა ბაგრატის საკითხის გადახედვას. ამდენად, კამათი და ვითომც კომპრომისები ლიფტის მოხსნაზე და შუშის ფლიგელის შეცვლაზე შიდა მოხმარებისათვისაა განკუთვნილი და არა იუნესკოს შეხედულებების გასათვალისწინებლად.
4. ბაგრატის ტაძრის შეუქცევადი და უხარისხო რეკონსტრუქციით არ თავდება ჩვენი ძეგლების ეპოპეა. მცხეთის საკითხი არანაკლებ საგანგაშოა. მცხეთაც მიღებული იქნა მსოფლიო მემკვიდრობის ნუსხაში 1994 წელს და 2009 წელს გადატანილი ასევე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების ნუსხაში. საფრთხე ასე არის აღწერილი იუნესკოს დოკუმენტებში: არასწორი მართვის მექანიზმი, შემოგარენი მიწების პრივატიზაცია და აუთენტურობის დაკარგვა არა სწორ რესტავრაციის სამუშაოების შედეგად... მცხეთასთან მიმართებაში აქცენტი მტკვარის სანაპიროს სვეტისცხოველის და ჯვრის შორის მდებარე ტერიტორიის მდგომარეობაზე, რომელიც მთლიანად ძეგლის სტატუსით სარგებლობს და სადაც არანაირი ახალი ნაგებობები არ უნდა აშენებულიყო, რათა ისტორიული ლანდშაფტი დაცული ყოფილიყო. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამის მიუხედავად 2012 წელს ახალი პოლიციის, სასამართლო და საკონფერენციო შენობები აგებულ იქნა სწორედ ამ ადგილას, იგეგმება ახალი მუზეუმი და სასტუმრო კომპლექსი. აშენდა სვეტისცხოვლის შესასვლელში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი. მშენებლობები მიმდინარეობს ანგარიშის თქმით „ყველაზე მნიშვნელოვან პერიმეტრში. ანუ იმ ვიზუალურ კორიდორში რომელიც სვეტისცხოველს და ჯვარს აერთიანებს“. იუნესკო სპეციალურად იმასაც აღნიშნავს, რომ არ მიუღია არანაირი გაფრთხილება, სანამ ეს დაიგეგმებოდა და შესრულდებოდა. მცხეთის მიმართ ასევე ჯერ კიდევ შენარჩუნებული იქნება ამ წელს სტატუსი საფრთხეს ქვეშ მყოფი ძეგლის, თუმცა იუნესკო გამოთქვამს შეშფოთებას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო და ითხოვს მათ შეჩერებას და ახალი გეგმის წარდგენას, რომელიც გაითვალისწინებს, რომ მცხეთა და ჯვარი კომპლექსურად იყოს განხილული მათი მეტად მგძნობიარე გარემოთი და გეგმა შესათანხმებლად წარდგენილ იყოს.
ბაგრატისგან განსხვავებით აქ ჯერ შეუქცევად პროცესად არ არის მიჩნეული მიმდინარე მშენებლობა, მაგრამ თუ რა მოხდება და მომავალ განხილვაზე რა მდგომარეობაში იქნება ეს უნიკალური ძეგლთა კომპლექსი მთლიანად ჩვენ საზოგადოების სიფხიზლეზე იქნება დამოკიდებული.
ბაგრატი იმას გვიქადის, ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი ძეგლები, საქართველოს მთავრობისგან იუნესკოც კი ვეღარ დაიცავს.
5. ბაგრატის ტრაგედიას კიდევ სხვა შედეგები მოჰყვება: რა იმედი ან პრეტენზია შეიძლება გვქონდეს, რომ იუნესკოს ჩარევით და დახმარებით შევძლებთ მომავალში აფხაზეთის ან ტაო-კლარჯეთის ეკლესიების გადარჩენას, როცა საერთაშორისო ჩარევის გარეშე ჩვენ არ მიგვესვლება. ვინ დაგვეხმარება ან დახმარების ღირსად ჩაგვთვლის, როცა ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ თვით საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ვიცავთ ჩვენს ძეგლებს? რა იმედი უნდა გვქონდეს ჯვრის მონასტრის გადარჩენისა, სადაც ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა, რომ საერთოდ ქართული წარმოშობა ნახსენები აღარ არის დაფაზე და რუსთველის ფრესკა და სხვა წარწერებს ვერ ვიცავთ.
6. და ბოლოს ისიც უნდა იყოს ნათელი, რომ არა თუ დღეს ვკარგავთ ამ ძეგლების ჩვენი მემკვიდრეობის აღიარების და დაცვის საშუალებას, დღეს თუ ხვალ სიიდან ამოიღებით, ჩვენ ხვალინდელ შანსებსაც ვუკარგავთ ჩვენს შთამომავლებს, რომ სხვა არანაკლები ძეგლები შეტანილ იყოს მსოფლიო სიაში - ნეკრესი, უბისის ფრესკები, ატენის სიონი, სვანეთის ხატები და კიდევ რამდენი.
ცნობილია, რომ ქვეყანა, რომელიც აღარ სარგებლობს იუნესკოს და საერთაშორისო მეგობრობის ნდობით კულტურის დაცვის სფეროში, იმისთვის ახალი ძეგლების წარდგენა და მათი აღიარება ძალიან რთულდება.
ერთი კითხვა და სამი რეკომენდაცია
კითხვა ეხება ამ ხელისუფლების ფარულ გეგმას. ეს უკვე სცილდება არაკოპეტენტურობას და უგნურობას და ემსგავსება მიზანმიმართული განადგურების გეგმას, თორემ ერთდროულად მცხეთის და ჯვარის საფრთხეში მოქცევა, ბაგრატის აუთენტურობის დაკარგვა, სვანეთის მუზეუმის მოუმზადებელი რეკონსტრუქცია და დაუცველი იქაური საგანუძური, ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გატანილი და გაფანტული ექსპონატები, სახელმწიფო მუზეუმიდან გატანილი ფიროსმანი, სახედაკარგული ძველი თბილისი და სიღნაღი, იერშეცვლილი და რუსეთს დამსგავსებული ქუთაისის ცენტრი, ბათუმის უნიკალური ყურეს მეჩეთის მსგავს სასტუმროთი დამახინჯება, და ამ სიაში ალბათ, კიდევ ბევრი ან დამავიწყდა, ან კიდევ ბევრი დასამახინჯებელი აქვთ... იკარგება საქართველოს მემკვიდრეობა, ასევე მისი ტურისტული პოტენციალი, სადაც აუთენტურობა წაშლილია და უგემოვნება სუფევს. ეს რას ემსახურება? ვინ გეგმავს და ვინ სარგებლობს?
-პირველი რომ საქართველოს პარლამენტმა (ცხადია ახალმა) სასწრაფოდ შეიმუშავოს იუნესკოს თხოვნის თანახმად და ნებისმიერ ცივილიზებულ ერის მსგავსად, ეროვნული კანონი ქართულ და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისათვის;
- შეიქმნას სასწრაფოდ, ახალი ხელისუფლების პირობებში ეროვნული კომისია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე წარმოდგენილი იქნება. ანუ ხელისუფლება და ყველა სამინიტროები, ეკლესიის წარმომადგენლები, მაგრამ ასევე საზოგადოების წარმომადგენლები;
- მესამე რეკომენდაცია - უნდა შეიქმნას, რაც შეიძლება სწრაფად დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და მათი მომავალი თაობების საგანძურის დაცვას თავის მიზნად მიიჩნევს და ბოლომდე დაიცვას.
სანამ საქართველოში ასეთი ორგანიზაცია შეიქმნება და ვინმე ჩვენი ერის ინტერესების დაცვას იკისრებს, ჩემი თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ იუნესკოს გენერალურ დირექტორის მოადგილისათვის გამეზიარებინა ეს მოსაზრებები და ქათველი ხალხის ღრმა წუხილი, რათა არავინ ჩათვალოს, რომ საქართვლოში ბარბაროსების გარდა არავინ დარჩა....